საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების შესრულების მდგომარეობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2007
მიღების თარიღი ივლისი 27, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 20 ივლისს კომისიამ მიიღო №400/9 გადაწყვეტილება ”ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შესახებ”, რომლის შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე. აღნიშნულ კომპანიას სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე სხვა სპეციფიკურ ვალდებულებებთან ერთად დაეკისრა სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება. ამასთან, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”კავკაზუს ონლაინს” დაევალათ სხვადასხვა, მათ შორის ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტ მომსახურების მიწოდებისათვის სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ხელმოწერილი შეთანხმებების წარმოდგენა ერთი კვირის ვადაში.
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების კომისიაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლებას იტოვებდა ემსჯელა ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტ მომსახურების მიწოდებისათვის სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის თაობაზე, კომისიის 2007 წლის 15 ივნისის N318/23 გადაწყვეტილებით ”ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის თაობაზე” დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ კომისიის 2007 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ შესრულდა. ამასთან, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ მის მიერ ADSL და DSL ტექნილოგიით ინტერნეტ მომსახურების მისაწოდებლად სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურებისათვის დადგენილი ტარიფისათვის წარმოდგენილი გაანგარიშებათა ნაწილი, კერძოდ, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” საკანალიზაციო არხების მიმდინარე ღირებულება და სახაზო-საკაბელო მეურნეობის აქტივის მიმდინარე ღირებულება, კომისიამ დაუსაბუთებლად მიიჩნია.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ საკანალიზაციო არხების მიმდინარე ღირებულებისა და სახაზო-საკაბელო მეურნეობის აქტივის მიმდინარე ღირებულების თაობაზე დასაბუთებული მონაცემების წარმოდგენამდე, კომისია ვერ იმსჯელებს ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების საფუძველზე ზღვრული ტარიფის დადგენის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების საფუძველზე ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის თაობაზე კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ საკანალიზაციო არხებისა და სახაზო-საკაბელო მეურნეობის აქტივის მიმდინარე ღირებულებების დასაბუთებული მონაცემების ან ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ტარიფის გაანგარიშების სხვა დასაბუთების კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
წევრი დ. პატარაია
წევრი გ. ფრუიძე
