წვდომის მენიუ

შპს ”მედია ტვ”-ის გაფრხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 44 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2007

მიღების თარიღი იანვარი 26, 2007

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

       “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე - 3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად იგი უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. 

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლი მე-4 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

   კომისიის აპარატის ფინანსური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (2007 წლის 22 იანვარი) შესაბამისად ირკვევა, რომ  შპს ”მედია ტვ”-ის (ავტორიზაციის №190/1, საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა) არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და აგრეთვე არ განუხორციელებია რეგულირების საფასურის ჩარიცხვა კომისიის ანგარიშზე.

    ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მედია ტვ”-ის გაფრთხილების თაობაზე.

     “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს “მედია ტვ”-ის  გაფრთხილების თაობაზე;

2. შპს “მედია ტვ”-ის  გაფრთხილების თაობაზე საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართოს 2007 წლის 9 თებერვალს 16-სთ-ზე, მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ № 42;

3. შპს “მედია ტვ”-ის  უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “მედია ტვ”-სთვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით;

6. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრები                      

დ. პატარაია                          

ზ. ნონიკაშვილი                                                                                  

გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები