სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” შპს ”საქტელკომ პლუსთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 03, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა შპს ”საქტელკომ პლუსთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”საქტელკომ პლუსის” მხრიდან დარღვეულ იქნა 2006 წლის 15 დეკემბრის შეთანხმების ოქმი დავალიანების დაფარვაზე და მიმდინარე წლის მაისამდე ნაცვლად 256.871.11 ლარისა შპს ”საქტელკომ პლუსის” მხრიდან დაფარულ იქნა 141.179.30 ლარი, შესაბამისად შპს ”საქტელკომ პლუსს” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ ერიცხება დავალინება 115.691.81 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქტელკომ პლუსმა” 2007 წლის 3 ივლისის №6/785-07 წერილით დაადასტურა 2006 წლის შეთანხმების ოქმის მათი მხრიდან დარღვევა.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”
მხარეთა პოზიციის შეჯერების, ანალიზის, ყოველმხრივი გამოკვლევისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დავალიანების 115.691.81 ლარის დასაფარად მიეცეს ვადა შპს ”საქტელკომ პლუსს” 2007 წლის 17 აგვისტომდე;
2. შპს ”საქტელკომ პლუსის” მხრიდან დავალიანების პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში სრულად არ დაფარვის ან დავალიანების გაზრდის შემთხვევაში მიეცეს უფლება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შეაჩეროს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ზემოაღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
