ერთი მხრივ, შპს ”სერვისს”, სს ”ეგრისს”, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელსა” და მეორე მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 07, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართა შპს ”სერვისმა”, სს ”ეგრისმა”, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამა” და შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა”, შპს ”კავკასუს ონლაინთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანს წარმოადგენს: ბოლო მომხმარებლებისათვის შპს ”კავკასუს ონლაინის” სერვერებზე განთავსებულ საიტებზე შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფა. როგორც განმცხადებლები მიუთითებენ, ქართული ვებ-გვერდების დაახლოებით 85% ”კავკასუს ონლაინის” სერვერებზეა განთავსებული. შპს ”კავკასუს ონლაინი”, როგორც ინტერნეტ პროვაიდერი მითითებული კომპანიების ინტერნეტ-აბონენტებს არ აძლევს საკუთარ სერვერებზე განთავსებულ ვებ-გვერდებზე (კონტენტებზე) შესვლის საშუალებას. ასევე, საკუთარ აბონენტებს უზღუდავს ამ კომპანიების ქსელებში განთავსებულ ინტერნეტ-გვერდებთან წვდომას, ასევე განზრახ ზღუდავს ქართული ინტერნეტის სიჩქარეს, რითაც ერთი მხრივ, არღვევს მომხმარებელთა უფლებას ინფორმაციის თავისუფლად მოპოვებასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ კი, არღვევს მის მიერ კონტრაგენტი კომპანიების მიმართ ნაკისრ სახელშეკრულებო ვალდებულებებს, რომლებიც საკუთარ ვებ-გვერდებს შპს ”კავკასუს ონლაინის” სერვერებზე ათავსებენ და ამაში საფასურს იხდიან.
გარდა ამისა, შპს ”კავკასუს ონლაინმა” ავტორიზებულ კომპანიებს შესთავაზა გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი მის ქსელში განთავსებულ ინტერნეტ რესურსებზე დაშვების ახალი პირობებით. შპს ”კავკასუს ონლაინმა” ყოველი გადმოტვირთული ერთი მეგაბაიტისათვის მოითხოვა 4 თეთრი, რაც განმცხადებელბს სრულიად მიუღებლად მიაჩნიათ და კომისიისაგან ითხოვენ დაავალდებულოს მოპასუხეს ინტერნეტ რესურსებზე შეუზღუდავი დაშვება.
შპს ”კავკასუს ონლაინმა” კომისიაში წარმოადგინა შეგებებული განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ მათი კომპანია ახორციელებს სხვა ინტერნეტ პროვაიდერების დაშვებას თავის სერვერებზე 100-10 მბ/წმ ინტერფეისის გამოყენებით, რაც საშუალებას აძლევს ყველა მომხმარებელს ამ სიჩქარის ფარგლებში თავისუფლად შევიდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” სერვერებზე განთავსებულ საიტებზე და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. რაც შეეხება ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, რომ მისი ინიციატივით დაფუძნებულ იქნა ”კავკასიის ინტერნეტის განვითარების ასოციაცია” და იგი უზრუნველყოფს ყველა საჯარო თუ საზოგადოებრივი საიტების მისთვის გადაცემას, რის შემდეგაც ამ საიტებზე შესვლა იქნება შეუზღუდავი და უფასო. ფასიანი იქნება მხოლოდ ის საიტები, რომლებიც უშუალოდ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ არის შექმნილი, ატარებს კომერციულ ხასიათს და ძირითადად წარმოადგენს გასართობ პორტალს. შპს ”კავკასუს ონლაინი” მის საკუთრებაში არსებულ სერვერზე ურთიერთჩართვისათვის კომპანიებს სთავაზობს შემდეგ ტარიფს: 10 მბ/წმ- 40 000 ლარი თვეში; 100 მგ/წმ- 200 000 ლარი თვეში. როგორც შპს ”კავკასუს ონლაინი” განმარტავს, აღნიშნული ტარიფი განპირობებულია მის მიერ ინვესტიციებზე გაწეული გონივრული უკუგებით, საკომუნიკაციო ქსელის შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიანი ტენდენციით.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 7 აგვისტოს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”სერვისის” წარმომადგენელი - ხ. პეტრიაშვილი; სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი - ბ. კელენჯერიძე; შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” წარმომადგენელი - მ. დობროვოლსკი; ხოლო შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან: გ. ჭელიძე, პ.ცაგარეიშვილი და მ.მღებრიანი.
შპს ”სერვისის” წარმომადგენელმა აღნიშნა რომ, მის აბონენტებს არ შეუძლიათ შპს ”კავკასუს ონლაინის” სერვერებზე განთავსებულ ყველა საიტზე შესვლა. რაც შეეხება შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ შეთავაზებულ მის ინტერნეტ რესურსებზე დაშვების ტარიფს, იგი ყველა განმცხადებელ კომპანიას მიუღებლად მიაჩნია.
შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა არ გაიზიარა განმცხადებელთა მოთხოვნები და კომისიას სთხოვა უარი უთხრას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და თავისი გადაწყვეტილებით დაავალდებულოს ინტერნეტ პროვაიდერები მის მიერ წარმოდგენილი ტარიფით გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება.
კომისია აღნიშნავს, რომ დავა კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება და საჭიროებს არსებით განხილვასა და გადაწყვეტას. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2007 წლის 7 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოიცა ბრძანება, ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებული პირების მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარისა და შეღწევადობის შემოწმების შესახებ. შემოწმების აქტი გათვალისწინებული იქნება დავის არსებითად გადაწყვეტისას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს ერთი მხრივ, შპს ”სერვისს”, სს ”ეგრისს”, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელსა” და მეორე მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვა 2007 წლის 10 აგვისტოს 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე
ზ. ნონიკაშვილი
წევრი
დ. პატარაია
