შპს ” კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 10, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 31 ივლისს მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა” სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ მომხმარებლისათვის დაწესებული ინტერნეტმომსახურების მიწოდებისა და მისი ქსელში ჩართვის გართულებული პროცედურა.
განმცხადებლის მიერ სადაოდ მიჩნეული გარემოებები: 2007 წლის 13 ივნისს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორის მოადგილის მიერ შპს ”კავკასუს ონლაინში” წარდგენილ იქნა მიმართვა, რომლის შესაბამისადაც, აღნიშნულმა კომპანიამ დაადგინა ინტერნეტმომხმარებელთათვის მომსახურების მიწოდების და თავის ქსელში ჩართვის ახალი პროცედურა, კერძოდ აღნიშნული წერილის თანახმად:
1. ინტერნეტ ოპერატორმა კვირაში ორჯერ უნდა გააგზავნოს მომხმარებელთა განაცხადები სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” თბილისის ან რეგიონალური ფილიალის მისამართზე;
2. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” თბილისის ან რეგიონალური ფილიალი ვალდებულებას იღებს 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს ტექნიკური პირობა აბონენტის ქსელში ჩართვის შესაძლებლობაზე;
3. დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში ინტერნეტ პროვაიდერმა უნდა აცნობოს მომხმარებელს, რომ მას შეუძლია მიაკითხოს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სააბონენტო პუნქტს მაღალი სიხშირის მომსახურების გასააქტიურებლად;
4. მომხმარებელი უნდა მივიდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ნებისმიერ სააბონენტო პუნქტში და მოაწეროს ხელი განაცხადს მაღალი სიხშირის სარგებლობაზე, რის საფუძველზეც, სს ”ქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” იღებს ვალდებულებას აბონენტი მიაერთოს კროსში განაცხადის მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში;
5. მომხმარებელმა, რომელსაც ინტერნეტ ოპერატორის შეცვლა სურს, უნდა მიაკითხოს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სააბონენტო პუნქტს, სადაც უნდა შეავსოს შესაბამისი ფორმა, რის შემდეგაც მოხდება აბონენტის ინტერნეტ მომსახურების სხვა მიმწოდებელთან გადართვა.
მოთხოვნები: ზემოაღნიშნული ახალი წესები შპს ”კავკასუს ონლაინს” მიაჩნია არაკანონიერად, რომელიც ზღუდავს არა მხოლოდ მათ ინტერსებს, არამედ მომხმარებელთა უფლებებსაც და კომისიისაგან ითხოვს დავის განხილვასა და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დაწესებული პროცედურების გაუქმებას, აგრეთვე მის წერილობით გაფრთხილებას კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 10 აგვისტოს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელი გ.ჭელიძე, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ი. მარტიაშვილი.
შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ინტერნეტმომსახურების მიწოდებისა და მის ქსელში ჩართვის ახალი პროცედურების დაწესებით დარღვეულია 2007 წლის 15 მაისს მათ კომპანიასთან გაფორმებული “ADSL” სერვისისათვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლი, რომლის თანახმადაც, მოწინააღმდეგე მხარე იღებდა ვალდებულებას შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარდგენილი წერილობითი განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, აბონენტის სატელეფონო მომსახურების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მოეხდინა სააბონენტო წყვილის გადართვა სიხშირულ ფილტრზე. აღნიშნული ხელშეკრულება სხვა დამატებით პროცედირებს არ ითვალისწინებდა, ამიტომ მათ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დამატებითი პროცედურების შემოღება მიაჩნიათ უკანონოდ და კომისიისაგან ითხოვენ დაევალოს სს ” საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ინტერნეტმომსახურების ახალი პროცედურების გაუქმება და მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; ასევე, მიეცეს მას წერილობითი გაფრთხილება კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ მიერ ინტერნეტმომსახურების მიწოდებისა და ქსელში ჩართვის პროცედურების დაწესება გამოწვეულია ობიექტური მიზეზებით. ხშირია შემთხვევები, როდესაც აბონენტს სურს სხვა ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელთან გადასვლა და როდესაც ეს აბონენტი აცხადებს ამ სურვილს, შპს ”კავკასუს ონლაინი” მას არ თიშავს თავისი ქსელიდან. აგრეთვე, შესაძლებელია აბონენტს საერთოდ აღარ სურდეს ინტერნეტმომსახურების მიღება, მაგრამ ეს აბონენტი კვლავ რჩება ჩართული შპს ”კავკასუს ონლაინის” ქსელში, შესაბამისად რთული ხდება მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინება და ირღვევა მისი მომსახურების მიწოდებისა და მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევის შესაძლებლობა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვა 2007 წლის 17 აგვისტოს 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
წევრი დ. პატარაია
