წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”სერვისს”, სს ”ეგრისს”, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელსა” და მეორე მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 452 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 10, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართა შპს  ”სერვისმა”, სს ”ეგრისმა”, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამა” და  შპს  ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა”, შპს  ”კავკასუს ონლაინთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: ბოლო მომხმარებლებისათვის შპს  ”კავკასუს ონლაინის” სერვერებზე განთავსებულ საიტებზე შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფა. როგორც განმცხადებლები მიუთითებენ: ქართული ვებ-გვერდების დაახლოებით 85% ”კავკასუს ონლაინის” სერვერებზეა განთავსებული; შპს ”კავკასუს ონლაინი”, როგორც ინტერნეტ პროვაიდერი მითითებული კომპანიების  ინტერნეტ-აბონენტებს არ აძლევს საკუთარ სერვერებზე განთავსებულ ვებ-გვერდებზე (კონტენტებზე) შესვლის საშუალებას; ასევე, საკუთარ აბონენტებს უზღუდავს ამ კომპანიების ქსელებში განთავსებულ ინტერნეტ-გვერდებთან წვდომას, ასევე განზრახ ზღუდავს ქართული ინტერნეტის სიჩქარეს, რითაც მათი განცხადებით, ერთი მხრივ, არღვევს მომხმარებელთა მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლებას, მეორე მხრივ კი, მის მიერ კონტრაგენტი კომპანიების მიმართ ნაკისრ სახელშეკრულებო ვალდებულებებს, რომლებიც საკუთარ ვებ-გვერდებს ”კავკასუს ონლაინის” სერვერებზე ათავსებენ და ამაში საფასურს იხდიან.

გარდა ამისა, შპს ”კავკასუს ონლაინმა” ავტორიზებულ კომპანიებს შესთავაზა გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი  მის ქსელში განთავსებულ ინტერნეტ რესურსებზე დაშვების ახალი პირობებით. ”კავკასუს ონლაინმა” ყოველი გადმოტვირთული ერთი მეგაბაიტისათვის მოითხოვა 4 თეთრი, რაც განმცხადებლებს სრულიად მიუღებლად მიაჩნიათ და კომისიისაგან ითხოვენ  დაავალდებულოს მოპასუხე, უზრუნველყოს ინტერნეტ რესურსებზე შეუზღუდავი დაშვება.

შპს ”კავკასუს ონლაინმა” კომისიაში წარმოადგინა შეგებებული განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ მათი კომპანია ახორციელებს სხვა ინტერნეტ პროვაიდერების დაშვებას თავის სერვერებზე 100-10 მბ/წმ ინტერფეისის გამოყენებით, რაც საშუალებას აძლევს ყველა მომხმარებელს ამ სიჩქარის ფარგლებში თავისუფლად შევიდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” სერვერებზე განთავსებულ საიტებზე და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. რაც შეეხება ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, რომ მისი ინიციატივით დაფუძნდა ”კავკასიის ინტერნეტის განვითარების ასოციაცია” რომელსაც მისგან გადაეცემა ყველა საჯარო თუ საზოგადოებრივი საიტები, რის შემდეგაც ამ საიტებზე შესვლა შეუზღუდავი და უფასო იქნება. შპს ”კავკასუს ონლაინი” მასთან გაფართოებული ურთიერთჩართვისათვის კომპანიებს სთავაზობს შემდეგ ტარიფს: 10 მბ/წმ- 40 000 ლარი თვეში; 100 მბ/წმ- 200 000 ლარი თვეში. როგორც შპს ”კავკასუს ონლაინი” განმარტავს, აღნიშნული ტარიფი განპირობებულია მის მიერ ინვესტიციებზე გაწეული გონივრული უკუგებით, საკომუნიკაციო ქსელის შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიანი ტენდენციით.

კომისიამ დავა მისი რეგულირების სფეროს განკუთვნილ კომპეტენციად მიიჩნია და 2007 წლის 7 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება ერთი მხრივ, შპს   ”სერვისს”,  სს ”ეგრისს”, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”,  შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელსა” და მეორე მხრივ, შპს  ”კავკასუს ონლაინს”  შორის დავის  განხილვის დღის დანიშვნის  შესახებ. დავის არსებითი გადაწყვეტისათვის 2007 წლის 7 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოიცა ბრძანება, ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებული პირების მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარისა და შეღწევადობის შემოწმების  შესახებ.  

2007 წლის 10 აგვისტოს გაიმართა დავის არსებითი განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს  ”სერვისის” წარმომადგენელი: ხ. პეტრიაშვილი, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი: ბ. კელენჯერიძე,  შპს  ”კავკასიის ციფრული ქსელის” წარმომადგენელი: მ. დობროვოლსკი; ხოლო შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან: გ. ჭელიძე, პ.ცაგარეიშვილი  და ვ.მღებრიანი.

როგორც განმცხადებელი კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ მის ინტერნეტ რესურსებთან დაშვების შეთავაზებული ტარიფი   მიუღებლად მიაჩნიათ და მოითხოვეს კომისიამ უარი უთხრას შპს ”კავკასუს ონლაინს” ტარიფის დაწესებაზე.

შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა არ გაიზიარა განმცხადებელთა მოთხოვნები და კომისიას სთხოვა უარი უთხრას მათ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ მონაცემთა მოპოვება ყოველგვარი შეზღუდვებისა და დაბრკოლებების გარეშე წარმოადგენს ინტერნეტის, როგორც მსოფლიო IP  ქსელის ძირითად ფუნქციას. კომისიის 2007 წლის 22 ივნისის 337/22 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ინტერნეტის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორების მიერ დაშვებისა და გაფართოებული ურთიერთჩართვის მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებულია ინტერნეტ-მომსახურების აბონენტებისათვის ინტერნეტის ქსელში განთავსებულ რესურსებთან, ინფორმაციასთან და ინტერნეტ-მომსახურების სახეებთან ხარისხიანი და შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

კომისიის 2007 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის თანახმად, ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ, გაფართოებული ურთიერთჩართვის შესახებ ხელშეკრულებაში ასახული, ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების გარანტირებულად გამოყოფილი სიმძლავრით ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული ხელმისაწვდომობა მის ქსელში, აგრეთვე სხვა ოპერატორების ქსელში განთავსებულ ინტერნეტ რესურსებთან, მათ შორის ინტერნეტ გვერდებთან, ასევე, ინტერნეტ მომსახურების სახეებთან.

როგორც კომისიის აპარატის 2007 წლის 10 აგვისტოს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინტერნეტში შეღწევადობისა და სიჩქარის შემოწმების შედეგებით  ირკვევა, პროვაიდერები ზღუდავენ გასართობ პორტალებზე სხვა პროვაიდერთა კლიენტების მიერ ინფორმაციის ჩამოტვირთვას, როგორც საერთო ტენდენცია მოწმობს, სამუშაო საათებში ინტერნეტის სიჩქარე უმეტესად არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულს.

კომისიას მიაჩნია, რომ ინტერნეტის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორების მიერ საკუთარ ქსელებთან დაშვებისა და გაფართოებული ურთიერთჩართვის შეუზღუდავი და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა გადაუდებელი აუცილებლობაა მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე. მომხმარებელთა უფლებების უზრუნველყოფა, აგრეთვე ყველა იმ პირის ვალდებულებაა, რომელსაც  ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე აქვს ავტორიზაცია გავლილი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ განმცხადებელთა მიერ დასმულ სხვა სადაო საკითხებზე იმსჯელებს დამატებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ინტერნეტ მომსახურების სიჩქარესა და ხარისხთან დაკავშირებით,  კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს 24 საათიანი დაკვირვება და შემოწმების საბოლოო აქტის წარმოდგენის შემდეგ მას მიეცემა სათანადო შეფასება და მოხდება შესაბამისი რეაგირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მეორე პუნქტის ”ბ” და ”ზ” ქვეპუნქტების, 62-ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-11 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაევალოს ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შეუზღუდავი და შეუფერხებელი გაფართოებული ურთიერთჩართვის უპირობო მიწოდება, იმ სიმძლავრეებითა და ხარისხით, რომელიც უზრუნველყოფს ”ADSL” და ”DSL” ტექნოლოგიით ბოლო მომხმარებლისათვის ინტერნეტ მომსახურების შეუფერხებელ მიღებას;

2. გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული სხვა სადავო საკითხების არსებითი განხილვა დაინიშნოს 2007 წლის 17 აგვისტოს 16 საათზე;

3. აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტი მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

4. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია) ამ გადაწყვეტილების შესრულების შემოწმება და კომისიისათვის ინფორმაციის წარმოდგენა ა/წლის 17 აგვისტომდე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.

კომისიის  თავმჯდომარე                                             ზ.  ნონიკაშვილი                                                                           

 წევრი                                                                                დ. პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები