შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის არსებითი განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 17, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 31 ივლისს მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა” სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი:
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ მომხმარებლისათვის მაღალი სიხშირით ინტერნეტმომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად მის ქსელში ჩართვის გართულებული პროცედურა.
განმცხადებლის მიერ სადაოდ მიჩნეული გარემოებები:
2007 წლის 13 ივნისს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორის მოადგილის ი. მარტიაშვილის მიერ შპს ”კავკასუს ონლაინში” წარდგენილ იქნა მიმართვა, რომლის შესაბამისადაც, აღნიშნულმა კომპანიამ დაადგინა ინტერნეტმომხმარებელთათვის მომსახურების მიწოდებისათვის თავის ქსელში ჩართვის ახალი პროცედურა, კერძოდ აღნიშნული წერილის თანახმად:
1. ინტერნეტ პროვაიდერმა კვირაში ორჯერ უნდა გააგზავნოს მომხმარებელთა განაცხადები სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” თბილისის ან რეგიონალური ფილიალის მისამართზე;
2. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” თბილისის ან რეგიონალური ფილიალი ვალდებულებას იღებს 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს ტექნიკური პირობა აბონენტის ქსელში ჩართვის შესაძლებლობაზე;
3. დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში ინტერნეტ პროვაიდერმა უნდა აცნობოს მომხმარებელს, რომ მას შეუძლია მიაკითხოს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სააბონენტო პუნქტს მაღალი სიხშირით მომსახურების გასააქტიურებლად;
4. მომხმარებელი უნდა მივიდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ნებისმიერ სააბონენტო პუნქტში და მოაწეროს ხელი განაცხადს მაღალი სიხშირით მომსახურების სარგებლობაზე, რის საფუძველზეც, სს ”ქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” იღებს ვალდებულებას აბონენტი მიაერთოს კროსში განაცხადის მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში;
5. მომხმარებელმა, რომელსაც ინტერნეტ ოპერატორის შეცვლა სურს, უნდა მიაკითხოს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სააბონენტო პუნქტს, სადაც უნდა შეავსოს შესაბამისი ფორმა, რის შემდეგაც მოხდება აბონენტის ინტერნეტ მომსახურების სხვა მიმწოდებელთან გადართვა.
მოთხოვნები:
ზემოაღნიშნული ახალი წესები შპს ”კავკასუს ონლაინს” მიაჩნია არაკანონიერად, რომელიც ზღუდავს არა მხოლოდ მათ ინტერსებს, არამედ მომხმარებელთა უფლებებსაც და კომისიისაგან ითხოვს დავის განხილვასა და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დაწესებული პროცედურების გაუქმებას, აგრეთვე სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წერილობით გაფრთხილებას კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 17 აგვისტოს კომისიაში გაიმართა დავის განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლები: გ.ჭელიძე, მ. სანადირაძე, ი. ხაჭვანი და მ.მღებრიანი, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან დ. გოზალიშვილი და უ. სეთური.
შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ინტერნეტმომსახურების მიწოდებისა და მის ქსელში ჩართვის ახალი პროცედურების დაწესებით დარღვეულია 2007 წლის 15 მაისს მათთან გაფორმებული “ADSL” სერვისისათვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების შესახებ” ხელშეკრულების მე-2 მუხლი, რომლის თანახმადაც, მოპასუხე მხარე იღებდა ვალდებულებას შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარდგენილი წერილობითი განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, აბონენტის სატელეფონო მომსახურების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მოეხდინა სააბონენტო წყვილის გადართვა სიხშირულ ფილტრზე. აღნიშნული ხელშეკრულება სხვა დამატებით პროცედურებს არ ითვალისწინებდა, ამიტომ მათ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დამატებითი პროცედურების შემოღება მიაჩნიათ უკანონოდ და კომისიისაგან ითხოვენ დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ინტერნეტმომსახურების ახალი პროცედურების გაუქმება და მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; ასევე, მიეცეს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” წერილობითი გაფრთხილება კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა უ. სეთურმა აღნიშნა, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს ორ გარემოებაზე:
1) შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის 2007 წლის 15 მაისს მათთან გაფორმებული “ADSL” სერვისისათვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების შესახებ” ხელშეკრულება მოქმედი ხელშეკრულებაა და მისი მარწმუნებელი კომპანია არ აპირებს სახელშეკრულებო პირობების დარღევას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შესრულდება, ამ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე.
2) ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შპს ”კავკასუს ონლაინთან” გაფორმებული ხელშეკრულება არ არეგულირებს DSL-ის დემონტაჟისა ან გადართვის პროცედურებს, რის გამოც ხშირია შემთხვევები, როდესაც აბონენტს სურს სხვა ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელთან გადასვლა და როდესაც ეს აბონენტი აცხადებს ამ სურვილს, შპს ”კავკასუს ონლაინი” მას არ თიშავს თავისი ქსელიდან. უ. სეთურის განცხადებით, შესაძლებელია, აბონენტს საერთოდ აღარ სურდეს მაღალი სიხშირით ინტერნეტმომსახურების მიღება, მაგრამ ეს აბონენტი კვლავ რჩება ჩართული შპს ”კავკასუს ონლაინის” ქსელში, შესაბამისად რთული ხდება მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინება და ირღვევა მათი მომსახურების მიმწოდებლის და მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევის უფლება. სწორედ ამის გამო, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” გადაწყვიტა ბოლო მომხმარებელს შესთავაზოს ფართოზოლოვანი რესურსის სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების სახე, რაც საშუალებას მისცემს ბოლო მომხარებელს ზემოაღნიშნული წყვილით მიიღოს მისთვის სასურველი ინტერნეტ-პროვაიდერის მიერ უზრუნველყოფილი ინტერნეტ-მომსახურება. უ. სეთურის განცხადებით, ამ შემთხვევაში, არ ირღვევა შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის 2007 წლის 15 მაისს გაფორმებული “ADSL” სერვისისათვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების შესახებ” ხელშეკრულება, ხოლო ბოლო მომხარებელს მომსახურების მიმწოდებლის და მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევის შესაძლებლობა ეძლევა. უ. სეთურის განმარტებით, 2007 წლის 13 ივნისის სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორის მოადგილის ი. მარტიაშვილის წერილი მიმართული იყო, არა მხოლოდ შპს ”კავკასუს ონლაინის”, არამედ სხვა ინტერნეტ-პროვაიდერების მიმართაც და მიზნად ისახავდა მათ ინფორმირებას სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის მომსახურების ახალი სახის შეთავაზებისა და ამ მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების თაობაზე.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის (კ. ყურაშვილი) მიერ შესწავლილ იქნა შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის 2007 წლის 15 მაისს გაფორმებული “ADSL” სერვისისათვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების შესახებ” ხელშეკრულება. გამოირკვა, რომ:
ა) №07-447 ხელშეკრულება, მისივე 4.1 პუნქტის თანახმად მოქმედია 2007 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო მისი გაგრძელება შესაძლებელია მხარეთა წერილობითი თანხმობით;
ბ) ხელშეკრულებით დარეგულირებულია DSL-ის მონტაჟისა და წყვილის სიხშირულ ფილტრზე გადართვის როგორც პროცედურები, ისე ვადები, მაშინ, როცა დემონტაჟის პროცედურები ვადებში გაწერილი არ არის (პ.2.1).
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი), მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის მომსახურების ახალი სახეების შეთავაზება, არ არღვევს მის მიერ შპს ”კავკასუს ონლაინთან” გაფორმებული №07-447 ხელშეკრულების პირობებს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული ურთიერთობები წარმოადგენს კერძო ხასიათის სამართლებრივ ურთიერთობას, რომლისათვისაც ამოსავალია ურთიერთობებში მხარეთა თანასწორობა. კერძო სამართლის იურიდიული პირები გადაწყვეტილებებს იღებენ ნების ავტონოომის პრინციპისა და შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის ინტერნეტმომხმარებელთათვის მომსახურების მიწოდებისა და ქსელში ჩართვის პროცედურები, ისევე როგორც, ქსელიდან გამორთვის (დემონტაჟის) და გადართვის საკითხები უნდა დადგინდეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, არსებული ხელშეკრულების ფარგლებში. კომისია ყურადღებას ამახვილებს მხარეებს შორის 2007 წლის 15 მაისს გაფორმებული “ADSL” სერვისისათვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლზე, რომლის თანახმადაც, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარდგენილი წერილობითი განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, აბონენტის სატელეფონო მომსახურების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, უნდა მოახდინოს სააბონენტო წყვილის გადართვა სიხშირულ ფილტრზე თუ არ არსებობს ტექნიკური პრობლემა წყვილთან დაკავშირებით. კომისია შენიშნავს, რომ დავის განხილვის მომენტისათვის აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია და მისი მოთხოვნების დაცვა ორივე მხარისათვის არის სავალდებულო. ამასთან, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნულ ხელშეკრულებაში მხარეებმა დაარეგულირონ ქსელიდან გამორთვის (DSL-ის დემონტაჟის) და გადართვის ვადების საკითხებიც, მომხმარებელთა ინტერესების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” უფლებამოსილია ფართოზოლოვანი რესურსის სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების სახე შესთავაზოს, ინტერნეტ-პროვაიდერების გარდა, ასევე ბოლო მომხარებლებს, აგრეთვე დაადგინოს ამ მომსახურების მიღების საკუთარი წესები და ვადები, იმდაგვარად, რომ გამოირიცხოს ამ წესების ფარგლებში სხვა ავტორიზებული პირების მიერ რაიმე ქმედებათა უსასყიდლოდ განხორციელების სავალდებულოობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა - დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” გააუქმოს მის მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ფართოზოლოვანი რესურის სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების სახეზე დაწესებული პროცედურები;
2. არ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წერილობითი გაფრთხილების თაობაზე;
3. მიეცეთ რეკომენდაცია სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”კავკასუს ონლაინს”, ურთიერთშეთანხმებითა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, “ADSL” სერვისისათვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების” შესახებ 2007 წლის 15 მაისის №07-447 ხელშეკრულებაში, DSL-ის დემონტაჟისა და ქსელიდან გამორთვის პროცედურებისა და ვადების შესახებ დამატებების შეტანის თაობაზე;
4. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, “ADSL” სერვისისათვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების” შესახებ შპს ”კავკასუს ონლაინთან” 2007 წლის 15 მაისს გაფორმებული №07-447 ხელშეკრულების შესრულება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
წევრები : დ. პატარაია
გ.ფრუიძე
