ერთი მხრივ, შპს ”სერვისს”, სს ”ეგრისს”, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელსა” და მეორე მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის არსებითი გადაწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 17, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 2 აგვისტოს ერთობლივი განცხადებით მიმართა შპს ”სერვისმა”, სს ”ეგრისმა”, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამა” და შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა”, შპს ”კავკასუს ონლაინთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი:
ა) შპს ”სერვისი”, სს ”ეგრისი”, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” და შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი” ერთობლივ განცხადებაში მიუთითებენ, რომ ქართული ვებ-გვერდების დაახლოებით 85% შპს ”კავკასუს ონლაინის” სერვერებზეა განთავსებული; შპს ”კავკასუს ონლაინი”, მითითებული კომპანიების ინტერნეტ-აბონენტებს არ აძლევს საკუთარ სერვერებზე განთავსებულ ვებ-გვერდებზე (კონტენტებზე) შესვლის საშუალებას; ასევე, საკუთარ აბონენტებს უზღუდავს ამ კომპანიების ქსელებში განთავსებულ ინტერნეტ-გვერდებთან წვდომას; გარდა ამისა, განზრახ ზღუდავს ქართული ინტერნეტის სიჩქარეს, რითაც ერთი მხრივ, არღვევს მომხმარებელთა მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლებას, მეორე მხრივ კი, მის მიერ კონტრაგენტი კომპანიების მიმართ ნაკისრ სახელშეკრულებო ვალდებულებებს, რომლებიც საკუთარ ვებ-გვერდებს შპს ”კავკასუს ონლაინის” სერვერებზე ანთავსებენ და ამაში საფასურს იხდიან.
ბ) შპს ”კავკასუს ონლაინმა” ავტორიზებულ კომპანიებს შესთავაზა გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი მის ქსელში განთავსებულ ინტერნეტ რესურსებზე დაშვების ახალი პირობებით. შპს ”კავკასუს ონლაინმა” ყოველი გადმოტვირთული ერთი მეგაბაიტისათვის მოითხოვა 4 თეთრი, რაც განმცხადებელბს სრულიად მიუღებლად მიაჩნიათ.
მოთხოვნა:
ბოლო მომხმარებლებისათვის შპს ”კავკასუს ონლაინის” სერვერებზე განთავსებულ საიტებზე შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინმა” 2007 წლის 6 აგვისტოს №45/06.08.07. წერილით კომისიაში წარმოადგინა შეგებებული განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ მათი კომპანია ახორციელებს სხვა ინტერნეტ პროვაიდერების დაშვებას თავის სერვერებზე 100-10 მბ/წმ ინტერფეისის გამოყენებით, რაც საშუალებას აძლევს ყველა მომხმარებელს ამ სიჩქარის ფარგლებში თავისუფლად შევიდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” სერვერებზე განთავსებულ საიტებზე და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. რაც შეეხება ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, რომ მისი ინიციატივით დაფუძნდა ”კავკასიის ინტერნეტის განვითარების ასოციაცია”, რომელსაც მისგან გადაეცა ყველა საჯარო თუ საზოგადოებრივი საიტი, რის შემდეგაც ამ საიტებზე შესვლა შეუზღუდავი და უფასოა. შპს ”კავკასუს ონლაინი” მასთან გაფართოებული ურთიერთჩართვისათვის კომპანიებს სთავაზობს შემდეგ ტარიფს: 10 მბ/წმ- 40 000 ლარი თვეში; 100 მბ/წმ- 200 000 ლარი თვეში. როგორც შპს ”კავკასუს ონლაინი” განმარტავს, აღნიშნული ტარიფი განპირობებულია მის მიერ ინვესტიციებზე გაწეული გონივრული უკუგებით, საკომუნიკაციო ქსელის შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიანი ტენდენციით.
კომისიამ დავა მისი რეგულირების სფეროს განკუთვნილ კომპეტენციად მიიჩნია და 2007 წლის 7 აგვისტოს მიიღო №449/16 გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, შპს ”სერვისს”, სს ”ეგრისს”, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელსა” და მეორე მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
დავის არსებითი გადაწყვეტისათვის 2007 წლის 7 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოიცა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება ”ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებული პირების მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარისა და შეღწევადობის შემოწმების შესახებ”.
კომისიამ, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, 2007 წლის 10 აგვისტოს მიიღო შუალედური გადაწყვეტილება №452/16, რომლითაც დაავალა ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ყველა ავტორიზებულ პირს შეუზღუდავი და შეუფერხებელი გაფართოებული ურთიერთჩართვის უპირობო ურთიერთმიწოდება, იმ სიმძლავრეებითა და ხარისხით, რომელიც უზრუნველყოფს ”ADSL” და ”DSL” ტექნოლოგიით ბოლო მომხმარებლისათვის ინტერნეტ მომსახურების შეუფერხებელ მიღებას, ხოლო გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული სხვა სადავო საკითხების არსებითი განხილვა დანიშნა 2007 წლის 17 აგვისტოს.
2007 წლის 17 აგვისტოს კომისიაში შედგა დავის არსებითი განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”სერვისის” წარმომადგენელი: ხ. პეტრიაშვილი; სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლები: უ. სეთური და დ. გოზალიშვილი; შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლები: გ. ჭელიძე, მ. სანადირაძე, ი. ხაჭვანი და მ.მღებრიანი.
შპს ”სერვისის”, სს ”ეგრისის”, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისა” და შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” წარმომადგენლებმა, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ, მის ინტერნეტ რესურსებთან დაშვების უზრუნველსაყოფად, გაფართოებული ურთიერთჩართვისათვის შემოთავაზებული ტარიფი მიუღებლად მიიჩნიეს და მოითხოვეს კომისიამ უარი უთხრას შპს ”კავკასუს ონლაინს” გაფართოებული ურთიერთჩართვის ტარიფის დაწესებაზე, რასაც შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელი კატეგორიულად არ დაეთანხმა და კომისიას მოსთხოვა უარი უთხრას შპს ”სერვისს”, სს ”ეგრისს”, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს ”კავკასიის ციფრული ქსელს” მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, კომისია გაეცნო კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის (მ. გოთოშია) მიერ კომისიის თავმჯდომარის 2007 წლის 7 აგვისტოს ბრძანების შესაბამისად ჩატარებული ინტერნეტში შეღწევადობისა და სიჩქარის შემოწმების შედეგებს და გამოარკვია, რომ ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები ზღუდავენ გასართობ პორტალებზე სხვა ინტერნეტ-პროვაიდერთა კლიენტების მიერ ინფორმაციის ჩამოტვირთვას, როგორც საერთო ტენდენცია მოწმობს, სამუშაო საათებში ინტერნეტის სიჩქარე უმეტესად არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულს. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ინტერნეტ მომსახურების სიჩქარესა და ხარისხთან დაკავშირებით შემოღებული 24 საათიანი დაკვირვება და შემოწმების საბოლოო აქტი ადასტურებს, რომ აღნიშნული ვითარება არ იცვლება, ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები არ ღებულობენ არანაირ ზომებს ინტერნეტით მომსახურების ბაზარზე ზემოაღნიშნული ვითარების გამოსასწორებლად.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი (კ. ყურაშვილი) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 20 ივლისს მიღებულ იქნა №400/9 გადაწყვეტილება, რომლის მე-14 პუნქტის თანახმად, ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობისას გააფორმონ გაფართოებული ურთიერთჩართვის შესახებ ხელშეკრულებები 30 დღის ვადაში, ხოლო ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები წარმოადგინონ კომისიაში ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში. ამავე პუნქტის თანახმად, კომისიამ ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები დაავალდებულა გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებში ასახონ კონკრეტული მინიმალური პირობები, მათ შორის: პირობები გაფართოებული ურთიერთჩართვის ტექნიკური განხორციელების, ტექნიკური პარამეტრებისა და გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილში ურთიერთჩართვის მიწოდებული სიმძლავრის (2 მგბტ/წმ ექვივალენტური საკომუნიკაციო პორტების) და ინტერნეტ-ტრაფიკის გადაცემის ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ; პირობები, რომლებიც არეგულირებენ გაფართოებული ურთიერთჩართვის მიწოდებას, მათ შორის, ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალური ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, “DNS” მომსახურების მონაცემთა ბაზასთან და სხვა საქსელო მომსახურების სახეებთან შეუზღუდავ და არადისკრიმინაციულ დაშვებას, მსურველი ოპერატორის განაცხადის გათვალისწინებით; მიწოდებული მომსახურების ხარისხის, ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოების, ეფექტურობის, ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფის პირობები; პირობები დამატებითი სიმძლავრის მოთხოვნისა და გამოყოფის შესახებ; სხვადასხვა ინტერნეტ-მომსახურების ოპერატორების ქსელებსა და რესურსებთან მომხმარებლების არადისკრიმინაციული დაშვების უზრუნველყოფისა და მომხმარებელთა კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების დაცვის პირობები; გაფართოებული ურთიერთჩართვის კომერციული პირობები, მათ შორის გაფართოებული ურთიერთჩართვისათვის გამოყოფილი საკომუნიკაციო პორტების სიმძლავრის საფასური - გამოყოფილი 2 მგბტ/წმ ექვივალენტური პორტების მიხედვით, აგრეთვე ტრანზიტული ტრაფიკისათვის გამოყოფილი 2 მგბტ/წმ ექვივალენტური პორტების საფასურის მითითებით, აგრეთვე გამოყოფილი საკომუნიკაციო პორტებისათვის ანგარიშსწორების პირობები. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის აზრით, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარმოდგენილი გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი სრულად არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მინიმალურ პირობებს, კერძოდ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის ა), დ), ვ), ზ), კ), ნ) ქვეპუნქტების მოთხოვნებს.
კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის (გ. ბუთბაია) განმარტებით, ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებმა ინტერნეტ გვერდების მის ქსელში განთავსების მომსახურების, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ მიწოდებისას, უნდა უზრუნველყონ, ერთი მხრივ, ინტერნეტგვერდის ინფორმაციის ინტერნეტ ვებსერვერებზე განთავსება და, მეორე მხრივ, პაკეტური კომუტაციის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის რესურსების გამოყენებით ამ გვერდებთან ხელმისაწვდომობა, როგორც საკუთარი აბონენტებისათვის, ასევე პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილებში ჩართული ავტორიზებული პირების მომხმარებლებისათვის. შესაბამისად, ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ მომსახურების სხვადასხვა სახეებზე, მათ შორის ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიწოდებისას, გამოყოფილი ურთიერთჩართვის პორტების სიმძლავრის უზრუნველყოფაზე დანახარჯების განაწილებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნას ზემოაღნიშნული გარემოება.
პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვა ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის ორმხრივი ურთიერთობაა და მისი განხორციელებისას ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზის სიმძლავრე განისაზღვრება მათ შორის ურთიერთგაცვლილი პაკეტური ტრაფიკის საერთო მოცულობით, რომელიც მომავალ პერიოდზე ორიენტირების პრინციპის გათვალისწინებით განისაზღვრება, ხოლო ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზის აღნიშნული სიმძლავრის უზრუნველყოფა ხორციელდება ერთიდაიმავე სიმძლავრის ურთიერთჩართვის პორტების ურთიერთგამოყოფით;
არაპირადაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვის განხორციელებისას, მესამე ოპერატორების ქსელებიდან ინტერნეტ ტრაფიკის ტრანზიტულად გატარებისათვის, შესაბამისი სიმძლავრის გამოყოფილი პორტების რაოდენობა (სიმძლავრე) განისაზღვრება მომსახურების მიმღები ავტორიზებული პირის მიერ, ხოლო ამ სიმძლავრის პორტებზე ტარიფის დადგენისას ტრანზიტული მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის მიერ დანახარჯები განცალკევებულად განაწილებას ექვემდებარება, სატრანზიტო მომსახურების სახეზე გაწეული დანახარჯები ცალკე უნდა აღირიცხოს, ხოლო ტარიფი ამ დანახარჯებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები, უფლებამოსილი არიან იმ ვებგვერდებზე განთავსებულ ინფორმაციასთან (კონტენტთან) დაშვებისათვის, რომლებიც მათი საკუთრებაა და თვითონ ფლობენ საავტორო უფლებას, დაადგინონ შესაბამისი საფასური გადახდის ნებისმიერი ფორმით.
კომისია ითვალისწინებს, რომ სადაო საკითხების არსებითი განხილვის, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრული და ობიექტური გამოკვლევის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის, ვინაიდან მისი აღსრულების შეყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და მომსახურების მიწოდებისათვის გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების ხელმოწერის დაყოვნება, შესაბამისად, ინტერნეტის მიწოდების შეფერხება და ხარისხის გაუარესება მთლიანად საქართველოს მასშტაბით, რაც უარყოფითად აისახება მომხარებელთა ფართო წრეების ინტერესებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მეორე პუნქტის ”ბ” და ”ზ” ქვეპუნქტების, 37-ე, 42-ე და 62-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-11 მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაევალოთ ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს:
ა) კომისიის 2007 წლის 10 აგვისტოს №452/16 გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი და უპირობო აღსრულება, კერძოდ, შეუზღუდავი და შეუფერხებელი გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა:
ა.ა) შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ მინიმუმ 1 გბიტ/წმ-ში სიმძლავრით ყველა სხვა ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირთან,
ა.ბ) ყველა სხვა ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მიერ - მინიმუმ 0.5 გბიტ/წმ სიმძლავრით ერთმანეთს შორის;
ბ) გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა ყოველთვიური ანგარიშსწორების ნულოვანი სალდირებით.
2. დაევალოს შპს ”კავკასუს ონლაინს” გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი შესაბამისობაში მოიყვანოს კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებასთან და გაითვალისწინოს, რომ:
ა) ინტერნეტ გვერდების მის ქსელსა და ვებსივრცეში განთავსების მომსახურების (ჰოსტინგის), მის მიერვე დადგენილი ტარიფით მიწოდებისას, ვალდებულია ამავე მომსახურების ფარგლებში უზრუნველყოს ინტერნეტ გვერდებთან უპირობო, შეუზღუდავი და შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა, როგორც საკუთარი აბონენტებისათვის, ისე პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილებში ჩართულ სხვა ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მომხმარებლებისათვის;
ბ) ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს შორის პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვისას, მაგისტრალური ხაზის სიმძლავრე განისაზღვრება მათ შორის ურთიერთგაცვლილი პაკეტური ტრაფიკის საერთო მოცულობით, მომავალ პერიოდზე ორინეტირების პრინციპის გათვალისწინებით, ხოლო მაგისტრალური ხაზის სიმძლავრის უზრუნველყოფა ხორციელდება იდენტური სიმძლავრის ურთიერთჩართვის პორტების გამოყოფით;
გ) არაპირადაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვის განხორციელებისას, მესამე პირთა ქსელებიდან ინტერნეტ ტრაფიკის ტრანზიტისათვის, შესაბამისი სიმძლავრის გამოყოფილი პორტების რაოდენობა (სიმძლავრე) განისაზღვრება მომსახურების მიმღები ავტორიზებული პირის მიერ, ხოლო ამ სიმძლავრის პორტებზე ტარიფის დადგენისას ტრანზიტული მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის მიერ დანახარჯები განცალკევებულად განაწილებას ექვემდებარება, სატრანზიტო მომსახურების სახეზე გაწეული დანახარჯები ცალკე უნდა აღირიცხოს, ხოლო ტარიფი ამ დანახარჯებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
3. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია) ამ გადაწყვეტილების შესრულების მუდმივი და სისტემატური მონიტორინგი და კომისიისათვის ინფორმაციის წარმოდგენა ეტაპობრივად, კვირაში ერთხელ, მომდევნო 3 თვის მანძილზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა;
5. მიქცეულ იქნას ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
წევრი დ. პატარაია
წევრი გ. ფრუიძე
