შპს ”საქართველო XXI საუკუნის” დაჯარიმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 17, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვვის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი №10.212-07 და შემოწმების აქტი №05, რომლითაც ირკვევა, რომ შპს ”საქართველო XXI საუკუნეს”, რომელიც ფლობს № B14 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიო მაუწყებლობა ქ. ყვარელში 103.8 მგჰც, ლაგოდეხში 101.4 მგჰც და დედოფლის წყაროში 107.7 მგჰც,) არღვევს კომისიის 2006 წლის 27 იანვრის №38/1 გადაწყვეტილებით დადგენილ მაუწყებლობის განხორციელების ტექნიკურ პარამეტრებს, კერძოდ კომპანიას გადამცემი განთავსებული აქვს ქ. თელავში, გამგეობის შენობის სახურავზე ნაცვლად ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული დედოფლის წყაროს ანძისა.
კომისიის 2007 წლის 25 მაისის №263/18 გადაწყვეტილებით შპს ”საქართველო XXI საუკუნეს” დაეკისრა გაფრთხილება, როგორც ადმინისტრაციული სანქცია, იგივე დარღვევისათვის და მიეცა ორი თვის ვადა სალიცენზიო პირობების დარღვევის გამოსწორებისა და კომისიის 2006 წლის 27 იანვრის №38/1 გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, რაც შპს ”საქართველო XXI საუკუნის” მიერ არ იქნა შესრულებული.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი (კ. ყურაშვილი) მიიჩნევს, რომ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”საქართველო XXI საუკუნის” დაჯარიმების თაობაზე.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”საქართველო XXI საუკუნის”დაჯარიმების თაობაზე;
2. შპს ”საქართველო XXI საუკუნის” დაჯარიმების თაობაზე საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართოს 2007 წლის 31 აგვისტოს 16-სთ-ზე, მისამართი: ალ, ყაზბეგის გამზ. №42;
3. შპს ”საქართველო XXI საუკუნეს” უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”საქართველო XXI საუკუნისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
