შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 31, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 24, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის 3-ე პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზირებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად, 2007 წლის 12 ივნისს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტმა (მ. გოთოშია), ჩაატარა შპს ”აჭარის ელექრტოკავშირის” შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი №19. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შპს ”აჭარის ელექრტოკავშირს” არ აქვს წარმოდგენილი კომისიაში ინფორმაცია სატელეფონო ტრაფიკების შესახებ, რითიც დარღვეულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-მუხლის 2-ე პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”აჭარის ელექრტოკავშირის” გაფრთხილების მიზნით.
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”აჭარის ელექრტოკავშირის” გაფრთხილების მიზნით;
2. შპს ”აჭარის ელექრტოკავშირის” გაფრთხილების თაობაზე საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართოს 2007 წლის 7 სექტრემბერს 16-სთ-ზე, მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ № 42.
3. შპს ”აჭარის ელექრტოკავშირს” უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამნეტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”აჭარის ელექრტოკავშირის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით.
6. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
გ. ფრუიძე
