შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 31, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განხადებით მიმართა შპს ”კავკასუს ონლინმა” სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ტრანზიტული ხაზის მომსახურების ტარიფებში ცვლილებების განხორციელება.
შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, რომ 2007 წლის 31 ივნისს სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს “კავკასუს ონლაინში” წარდგენილ იქნა მიმართვა, რომლის შესაბამისადაც, აღნიშნული კომპანია ახორციელებს ცვლილებებს მომსახურების ტარიფში. კერძოდ განისაზღვრა: 1. ტელეფონის ტრანზიტული ხაზის სააბონენტო გადასახადი (რომელშიც შედის ტელეფონის სააბონენტო გადასახადი), თბილისში - 20.00 ლარი; 2. დამაკავშირებელი ტრანზიტული ხაზის, რომლის საშუალებითაც აბონენტი არ ღებულობს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” არანაირ სერვისს, გადასახადი - 250.00 ლარი; 3. ტელეფონის ტრანზიტული ხაზის მოწყობა (რომელშიც არ შედის ტელეფონის დადგმის გადასახადი), თბილისში - 200.00 ლარი; 4. დამაკავშირებელი ტრანზიტული ხაზის მოწყობა თბილისში, რომლის საშუალებითაც აბონენტი არ ღებულობს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დამატებით სერვისს - 200.00 ლარი.
განმცხადებელს მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დადგენილი ახალი ტარიფები არის დისკრიმინაციული და არაგონივრული, არ არის დანახარჯებზე ორიენტირებული და არ არის დასაბუთებული მისი რეალობა.
შპს ”კავკასუს ონლაინი” მოითხოვს, კომისიის გადაწყვეტილებით ბათილად იქნას ცნობილი სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ტარიფები, როგორც უკანონო.
კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 31 აგვისტოს კომისიაში გაიმართა დავის განხილვის მოსამზადებელი სხდომა, სადაც კომისიამ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა 2007 წლის 7 სექტემბერს 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე: ზ. ნონიკაშვილი
წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
