წვდომის მენიუ

შპს ,,კავკასუს ონლაინსა” და სს”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას’’ შორის დავის განხილვისა დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 494 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 12, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 31, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 09 აგვისტოს  განცხადებით მიმართა შპს  ”კავკასუს ონლაინმა”  სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი:

    შპს ,,კავკასუს ონლაინი”  ითხოვს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან” 67/68 და 71 ასს-ებში 24 ერთეული ჩარჩოს გამოყოფას, რათა უზრუნველყოფილი იქნას აბონენტების ჩართვა ახალ ციფრულ კროსში და მათ შორის 2005 წლის 15 მაისს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულებას.

     წარმოდგენილი განცხადება დასაბუთებულია შემდეგით: მოდავე მხარეებს შორის 2007 წლის 15 მაისს დადებულია ხელშეკრულება შპს ,,კავკასუს ნეტვორკსა” (შემდგომში სამართალმემკვიდრე ,,კავკასუს ონლაინი”) და სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ADSL  სერვისით სატელეფონო წყვილების მომსახურების შესახებ. 2007 წლის 2 აგვისტოს შპს ,,კავკასუს ონლაინის” მიერ სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” გაეგზავნა მიმართვა, რომლის შესაბამისადაც ითხოვა 67/68 და 71 ასს-ში 24 ერთეული ჩარჩოს გამოყოფა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოქმედი აბონენტების ჩართვა ახალ ციფრულ კროსში. აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის გასაცემად მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა ორი კალენდარული დღე. მიუხედავად აღნიშნულისა, პასუხი დღემდე არ გაცემულა. 2007 წლის 15 მაისს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, სს ,,საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანია” ვალდებულია შპს ,,კავკასუს ონლაინს” გაუწიოს მომსახურება სახაზო-საკაბელო წყვილებით, აბონენტთა ინტერნეტით მომსახურეობისათვის და მისცეს მას უფლება მოახდინოს მოქმედი აბონენტის სატელეფონო წყვილზე სპეციალური სიხშირული ფილტრების დაყენება, სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ, ვინაიდან ,,ელექტრონული  კომუნიკაციების   შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო  ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება. აქედან გამომდინარე შპს ,,კავკასუს ონლაინი” მოითხოვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ იქნას წარმოებაში აღნიშნული განცხადება, განხილულ იქნას დავა და სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაევალოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვების უზრუნველყოფა. სს ,,საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 ,,ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” გადაწყვეტილების უხეში დარღვევისათვის, შპს ,,კავკასუს ონლაინი” ითხოვს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ გამოყენებული იქნას კანონით განსაზღვრული სანქციები.

    კომისიამ აღნიშნული საკითხი საკუთარი რეგულირების სფეროს მიაკუთვნა, მიიჩნია, რომ  შპს ,,კავკასუს ონლაინის” განცხადება შეესაბამება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნებს და ,,ელქტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.   დაინიშნოს შპს ,,კავკასუს ონლაინსა” და სს”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას’’ შორის დავის  განხილვა 2007 წლის 07 სექტემბერს, 16:00 საათზე.

2.   ეცნობოთ მოდავე მხარეებს დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;;

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის  თავმჯდომარე                                      ზ. ნონიკაშვილი

 წევრები:                                                             დ. პატარაია

                                                                           გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები