წვდომის მენიუ

შპს ,,ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას’’ შორის დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 496 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 31, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 03 აგვისტოს  განცხადებით მიმართა შპს  ”ახალმა ქსელებმა” სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი:

  დავის საგანს წარმოადგენს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომონიკაციო კომანიის” მიერ შპს ,,ახალი ქსელების” კუთვნილი გამანაწილებელი კარადის უკანონოდ დაკავება და სოფელ დიღომში მიმავალი 300 წყვილიანი მაგისტრალური კაბელის შემოუბრუნებლობა. 

 წარმოდგენილი განცხადება დასაბუთებულია შემდეგით: 1998 წლის 24 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა შპს ,,ახალ ქსელებსა” და მოქალაქე - გია კოტიას (შემდგომში ,,შემსრულებელი”) შორის; ამ ხელშეკრულების შესრულების შედეგად შემდგარ მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერს ერთი მხრივ შპს ,,ახალი ქსელების” წარმომადგენელი ვ.ამაშუკელი, გ.ხიჟაკაძე და ,,საქელექტროკავშირის” ასს-52-ის ინჟინერი ზურაბ ფირცხალავა, ხოლო მეორე მხრივ, სამუშაოს შემსრულებელი გია კოტია, სადაც ხელმომწერთა მიერ დადასტურებულია შპს ,,ახალი ქსელების” დაკვეთით შესრულებული სამუშაოების შედეგად 300-წყვილიანი 3012მ-იანი კაბელის მონტაჟი და 600 მეტრი სატელეფონო კანალიზაცია სოფ. დიღომში. შპს ,,ახალი ქსელების” მიერ წარმოდგენლია მასსა და სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის 2007 წლის 7 მარტის საინვენტარიზაციო აქტი, სადაც დაფიქსირებულია, რომ ,,ორივე მხარის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ასს 51-ის სატელეფონო კანალიზაციის არხებში გამავალი შპს ,,ახალი ქსელების” კუთვნილი კაბელების ინვენტარიზაცია და დადგინდა, რომ 2007 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით ნამდვილად დევს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო კანალიზაციაში შემდეგი კაბელები: ტპპ 100x2xx0.4  (მეხამრიდი 111) 1598 მეტრ სიგრძეზე ასს 52-დან გ/კ 52-07-მდე (უშბის მიწისქვეშა გადასასვლელის მარჯვენა მხარეს). ტპპ 300x2x04 2625 მეტრ სიგრძეზე გ/კ 52-34-დან სოფელ დიღმის გადასახვევი გზიდან) შპს ,,ახალი ქსელების” კანალიზაციამდე სოფელ დიღომში”. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 9 ივლისს დაახლოებით 12 საათზე, სოფელ დიღომში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ეკლესის მიმდებარე ტერიტორიაზე გატეხილ იქნა შპს ,,ახალი ქსელების” საკუთრებაში არსებული სატელეფონო გამანაწილებელი კარადა, რომლის კარები გარდა იმისა, რომ დაკეტილი იყო ბოქლომით, ასევე შედუღებული იყო რამდენიმე ადგილას. 2007 წლის 10 ივლისს შპს ,,ახალი ქსელების” სახაზო უბნის მენეჯერ ვაჟა მარტიაშვილის მიერ აღნიშნულ კარადას დაედო ახალი ბოქლომი და დაიკეტა. ამავე წლის 26 ივლისს აღნიშნული ბოქლომი ისევ გატეხეს და  შპს ,,ახალი ქსელების” კუთვნილ სატელეფონო გამანაწილებელ კარადაში ჩაატარეს გაურკვეველი მანიპულაციები. დღეის მდგომარეობით, კარადას ადევს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ბოქლომი. შპს ’’ახალი ქსელების’’ აზრით, კარადა გაიტეხა სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” თბილისის ფილიალის სახაზო სამსახურის უფროსის გია ამბარდანაშვილის და სხვა თანამშრომლების მიერ, რის შედეგადაც დღეისათვის არ მუშაობს 160 აბონენტის ტელეფონი, რომლებიც გამოთქვამენ სერიოზულ უკმაყოფილებას, რის თაობაზეც არაერთი კოლექტიური საჩივარია შემოსული.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ახალი ქსელები” ითხოვს სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს შპს ,,ახალი ქსელები”-ს კუთვნილი გამანაწილებელი კარადა და სოფელ დიღომში მისცეს საშუალება შპს ,,ახალი ქსელების” საკუთრებაში არსებული, სოფელ დიღომში მიმავალი 300 წყვილიანი მაგისტრალური კაბელის შემობრუნებისათვის, რათა აღუდგეს კავშირი 160 აბონენტს, რომლებიც ჩართულნი არიან შპს ’’ახალი ქსელების’’ გამანაწილებელ კარადაში.

       მ/წლის 31 აგვისტოს კომისიაში შედგა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ მხარეთა წარმომადგენლები: შპს ’’ახალი ქსელები’’ - ა.იაშვილი, ხ.ინჯია, ნ.ჟღენტი. სს ’’საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია’’ - უ.სეთური.

    სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  წარმომადგენელი არ დაეთანხმა შპს. ,,ახალი ქსელების” განცხადებას და განაცხადა, რომ ვინაიდან აღნიშნული დავა არის ქონებრივი, იგი კომისიის მარეგულირებელ სფეროს არ განეკუთვნება, შესაბამისად, უ.სეთურმა მოითხოვა დავაზე წარმოების შეწყვეტა.

    კომისიამ შეისწავლა აღნიშნული განცხადება, მოისმინა რა მხარეთა განმარტებები მიიჩნია, რომ  შპს ’’ახალი ქსელებს’’ უარი უნდა ეთქვას დავის განხილვაზე, ვინაიდან მოთხოვნა არ განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს. აღნიშნული დავა კომისიის აზრით შეიცავს ქონებრივი დავის ელემენტებს, ხოლო შპს ’’ახალი ქსელის’’ საკუთრების უფლების სასამართლოს მიერ დადასტურების შემთხვევაში, შესაძლებელია დაისვას საკითხი სადაო ქონების უკანონო ხელყოფის შესახებაც.

     ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,’’ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავაზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტას ექვემდებარება.

   ’’ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ახალი ქსელებსა” და სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავაზე.

2.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;  

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის  თავმჯდომარე :                                              ზ. ნონიკაშვილი

 წევრები:                                                                       დ. პატარაია                                                                                                                                                                                                               

                                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები