შპს ”საქართველო XXI საუკუნის” დაჯარიმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 31, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვვის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი №10.212-07 და შემოწმების აქტი №05 რომლითაც ირკვევა, რომ შპს ”საქართველო XXI საუკუნეს”, რომელიც ფლობს № B14 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიო მაუწყებლობა ქ. ყვარელში 103.8 მგჰც, ლაგოდეხში 101.4 მგჰც და დედოფლის წყაროში 107.7 მგჰც,) არღვევს კომისიის 2006 წლის 27 იანვრის №38/1 გადაწყვეტილებით დადგენილ მაუწყებლობის განხორციელების ტექნიკურ პარამეტრებს. კერძოდ, კომპანიას გადამცემი განთავსებული აქვს ქ. თელავში, გამგეობის შენობის სახურავზე, ნაცვლად ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული დედოფლის წყაროს ანძისა.
კომისიის 2007 წლის 25 მაისის №263/18 გადაწყვეტილებით შპს ”საქართველო XXI საუკუნეს” დაეკისრა გაფრთხილება, როგორც ადმინისტრაციული სანქცია, იგივე დარღვევისათვის და მიეცა ორი თვის ვადა სალიცენზიო პირობების დარღვევის გამოსწორებისა და კომისიის 2006 წლის 27 იანვრის №38/1 გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, რაც შპს ”საქართველო XXI საუკუნის” მიერ არ იქნა შესრულებული. აღნიშნულის გათვალისწინებით კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა (კ. ყურაშვილი) მიზანშეწონილად მიიჩნია დაწყებულიყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”საქართველო XXI საუკუნის” დაჯარიმების თაობაზე.
კომისიამ გაიზიარა აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოსაზრებები და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”საქართველო XXI საუკუნის” დაჯარიმების თაობაზე.
კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე კომისიამ გამოარკვია, რომ შპს ”საქართველო XXI საუკუნის” მიერ აღკვეთილია დარღვევა, კერძოდ მის მიერ დაცულია კომისიის 2006 წლის 27 იანვრის №38/1 გადაწყვეტილებით დადგენილი მაუწყებლობის განხორციელების ტექნიკურ პარამეტრები, რასაც ადასტურებს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის 2007 წლის 29 აგვისტოს მოხსენებითი ბარათი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს დაჯარიმების საფუძველი ადმინისტრაციული წარმოება წყდება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”საქართველო XXI საუკუნის” დაჯარიმების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”საქართველო XXI საუკუნეს” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
