წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახტელსა” და შპს ”ახალ ქსელებს” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 509 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2007

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 26 ივლისს და  8 აგვისტოს  განცხადებებით მიმართა შპს  ”კავკასუს ონლაინმა”  შპს ”ახალი ქსელებთან” და შპს ”ახტელთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი: ა) შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” ასს-ების ტერიტორიაზე (ასს  30; 32; 33; 52; 53; 57; 65 ზაჰესის გატანილი სადგური  69; 70; 75; 76; 77) განთავსებულ შპს ”კავკასუს ონლაინის” აპარატურასთან სამუშაოების ჩატარების ნებართვის გაცემა შპს ”კავკასუს ონლაინის” 30 თანამშრომელზე; ბ) შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მიერ საკუთარი ქსელის თავისუფალ ელემენტებთან და სიმძლავრეებთან შპს ”კავკასუს ონლაინის” დაუშვებლობა.

შპს ”კავკასუს ონლაინი” თავის განცხადებებში აღნიშნავს, რომ 2007 წლის 23 ივლისს შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ შპს ”ახტელსა” და შპს ”ახალ ქსელებს”გაეგზავნათ ”მოთხოვნა”, რომლის შესაბამისადაც, აღნიშნულ კომპანიებს ეთხოვათ მათ კუთვნილ ასს-ების ტერიტორიაზე (ასს  30; 32; 33; 52; 53; 57; 65 ზაჰესის გატანილი სადგური  69; 70; 75; 76; 77) განთავსებულ შპს ”კავკასუს ონლაინის” აპარატურასთან სამუშაოების ჩატარების ნებართვის გაცემა შპს ”კავკასუს ონლაინის” 30 თანამშრომელზე, რაზედაც შპს ”ახტელისგან “და შპს ”ახალი ქსელებისაგან” მიიღეს უარი იმ მიზეზით, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარდგენილი თანამშრომელთა რაოდენობა არის დიდი და მათთვის კატეგორიულად მიუღებელი.

განმცხადებელს მიაჩნია, რომ შპს ”ახალი ქსელებისგან და შპს ”ახტელის” მხრიდან ადგილი აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლი მე-2 პუნქტით განსაზღვრული მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც გამოიხატება მათ შორის 2006 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ინტერნეტ სერვისით მომსახურების ხელშეკრულების 2.2.2 პუნქტით  ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახტელისა” და შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნა გადადებულიყო 2007 წლის 17 აგვისტოს ჩანიშნული დავის მოსამზადებელი სხდომა, არ დაკმაყოფილდა. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე წყდება განცხადების დასაშვებობის საკითხი და იმ მოტივით, რომ შვებულებაში იმყოფება ზემოაღნიშნული კომპანიების იურისტი, კომისიამ მოსამზადებელი სხდომის გადადება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადების დაცვის საჭიროებიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 17 აგვისტოს კომისიაში გაიმართა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლები გ. ჭელიძე, მ. სანადირაძე და მეორე მხრივ, შპს ”ახტელისა”და შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენლები ლ. ინჯია და მ. კაპანაძე. მოსამზადებელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახტელსა” და შპს ”ახალ ქსელებს” შორის დავის  განხილვის  დღის დანიშვნის შესახებ.

2007 წლის 21 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს ”ახტელის” და შპს ”ახალი ქსელების” შეგებებული განცხადება. მოპასუხეთა განმარტებით, შპს ”კავკასუს ონლაინს”  არ გააჩნია აპარატურა   შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” 33; 52; 57; 69; 70; 76; 75  სატელეფონო სადგურებში. დაბა ზაჰესში გატანილ ასს-ში შპს ”კავკასუს ონლაინს” უყენია აპარატურა, რომელიც რაიმე დამაკავშირებელ ქსელთან მიერთებული არ არის; რაც შეეხება დანარჩენ 4 ასს-ში 30 მომსახურე პერსონალის დაშვებას, მოპასუხეს ეს ყოვლად  დაუშვებლად მიაჩნია,  რადგან აღნიშნული გამოიწვევს სრულ დაუცველობას, უკონტროლობას და არსებობს ალბათობა, რომ შეიქმნება ტექნიკური პრობლემები და დაირღვევა აბონენტთა კონსტიტუციური უფლებები (საუბრების საიდუმლოების დაცვა), აგრეთვე დაირღვევა ასს-ში განთავსებული აპარატურის ექსპლუატაციის ტექნიკური სტანდარტები, რაც თავისთავად გამოიწვევს ასს-ს სრულ პარალიზირებას.

მოპასუხემ შეგებებულ განცხადებაში დააყენა შემდეგი მოთხოვნები:

1. უარი ეთქვას შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნას თანამშრომელთა დაშვების შესახებ შპს ”ახალი ქსელების” ასს-33; 52; 57; 69 და შპს ”ახტელის” 70; 76; 75 ასს-ებში იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ ასს-ში არ არის განთავსებული მათი აპარატურა;

2.   უარი ეთქვას შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნას თანამშრომელთა  სხვა ასს-ებში დაშვების შესახებ, ვინაიდან მას არ მიუმართავს შპს ”ახალი ქსელებისთვის” და შპს ”ახტელისთვის” საექსპლუატაციო შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნათა დაცვით;

3. შპს ახალი ქსელები” თანახმაა შპს ”კავკასუს ონლაინმა” დაბა ზაჰესში მდებარე გატანილი სადგურიდან მოხსნას უმოქმედო აპარატურა;

4. ორი კვირის ვადაში, კომისიის მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, ადგილზე შესწავლილ იქნას ქსელის ელემენტებთან დაშვებისათვის თავისუფალი ფართის საკითხი, ხოლო თანალოკაციისათვის და ფართის განსაზღვრიდან ორი კვირის ვადაში, შპს ”კავკასუს ონლაინმა” შპს ”ახტელისა” და შპს ”ახალი ქსელების” ასს-დან გადაიტანოს აპარატურა კომისიასთან შეთანხმებულ ფართზე;

შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი”, აგრეთვე აცხადებენ, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ აპარატურის გადატანის შემდეგ დაუყოვნებლივ იქნება გაცემული ნებართვა პერსონალის დაშვების შესახებ იმ პირობით, რომ შემცირებული იქნება მათი რაოდენობა და წინასწარ იქნება შეთანხმებული თანამშრომელთა სია.

2007 წლის 29 აგვისტოს შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა”კომისიას მიმართა  დაზუსტებული მოთხოვნით, კერძოდ:

1. დაევალოს შპს ”კავკასუს ონლაინს” გაიტანოს მოქმედი წესების დარღვევით დადგმული თავისი აპარატურა  შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” იმ ოთახებიდან, სადაც განთავსებულია საკომუნიკაციო სადგური, სააკუმულატორო, საგენერატორო და კროსი, კერძოდ: შპს ”ახალი ქსელების” ასს 30,32,53 და ზაჰესის გატანილი სადგურიდან, აგრეთვე შპს ”ახტელის” 77 ასს სატელეფონო სადგურიდან;

2. უარი ეთქვას შპს ”კავკასუს ონლაინს” სიმძლავრეების გაზრდის მოთხოვნაზე, ვინაიდან მათ წერილობით არ წარუდგენიათ შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელისთვის” იმ აპარატურის ჩამონათვალი, რომელიც მათ სურთ მიუერთონ კომპანიების სადგურებს, ასევე არ წარმოუდგენიათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენად შეთავსებადია მათი აპარატურა შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” სადგურებთან, ასევე არ აქვთ წარმოდგენილი ინფორმაცია მათი აპარატურის ტესტირების, სერტიფიცირების, სიმძლავრეების და ელექტრო ენერგიის მოხმარების შესახებ.

კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა  (კ. ყურაშვილი) შეისწავლა აღნიშნულ დავაზე შემოსული საქმის მასალები, აგრეთვე 2006 წლის 1 ოქტომბერს ერთი მხრივ, შპს ”ახალი ქსელებსა” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ, შპს ”ჯორჯია ონლაინს” (რომლის სამართალმემკვიდრეა შპს ”კავკასუს ონლაინი”)  შორის გაფორმებული  ინტერნეტ სერვისით მომსახურების ხელშეკრულება.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება მოქმედია 2007 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო მისი 2.2.2 პუნქტის შესაბამისად, შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შპს ”ჯორჯია ონლაინის” (”კავკასუს ონლაინი”) თანამშრომელთა დაშვება სატელეფონო სადგურებში წინასწარ შეთანხმებული სიის შესაბამისად; ამავე ხელშეკრულების 2.2.3 პუნქტის მიხედვით კი შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა”  საშუალების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყონ შპს ”ჯორჯია ონლაინი”   (”კავკასუს ონლაინი”) შესაბამისი აპარატურის განთავსებისთვის საჭირო ფართით.

ამავე დეპარტამენტის განცხადებით, შპს ”ახალი ქსელები”  და შპს ”ახტელი” ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მსურველი ავტორიზირებული პირის შეუფერხებელი და არადისკრიმინაციული დაშვება საკუთარი ქსელის თავისუფალ ელემენტებთან და სიმძლავრეებთან ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2007 წლის 20 ივლისის № 400/9 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის შესაბამისად.

 2007 წლის 2 აგვისტოს  შპს ”ახალი ქსელების”  და შპს ”ახტელის” წარმომადგენლების გამოუცხადებლობის გამო, დავის არსებითი განხილვა გადაიდო 2007 წლის 31 აგვისტოსათვის ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის I პუნქტის შესაბამისად.

             კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტი (მ. გოთოშია) აღნიშნავს, რომ  4 სექტემბერს შპს ”კავკასუს ონლაინის” (მ. ფიცხელაური, მ. ხუტიაშვილი) და  შპს ”ახალი ქსელების” (ლ. ინჯია) თანამშრომლებთან ერთად  შემოწმდა შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” სატელეფონო სადგურებში შპს  ”კავკასუს ონლაინის” DSL აპარატურის განთავსების ადგილები.

            შემოწმების შედეგად დადგინდა:

1. ასს 33, 52, 57, 65, 69, 70, 75 და 76-ში  შპს  ”კავკასუს ონლაინის” DSL აპარატურა არ დგას. აღნიშნულ სადგურებში განთავსებულია მხოლოდ შპს  ”კავკასუს ონლაინის” კროსის ჩარჩოები.

2. ასს 32 და 77-ში შპს  ”კავკასუს ონლაინის” მოწყობილობები გასატანია (რასაც ადასტურებენ შპს  ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლები), ვინაიდან აღნიშნული მოწყობილობები ძველი და უმოქმედოა.

3. ასს 30-ში შპს  ”კავკასუს ონლაინის” DSL აპარატურა განთავსებულია სააკუმულატოროში. შპს ”ახალი ქსელების” კუთვნილი ფართის გვერდით არის ალტერნატიული ფართები.

4. ასს 53-ში შპს  ”კავკასუს ონლაინის” DSL აპარატურა განთავსებულია სამანქანო დარბაზში. შენობა, სადაც განთავსებულია შპს ”ახალი ქსელების” ასს 53 პრაქტიკულად ცარიელია და არის უამრავი ალტერნატიული ფართი.

5. ზაჰესის გატანილ სადგურში, შპს  ”კავკასუს ონლაინის” DSL აპარატურა გამორთულია, ვინაიდან არ არსებობს შემაერთებელი ოპტიკა.

კომისია აღნიშნავს, რომ მოდავე მხარეებს - ერთი მხრივ, შპს ”ახალი ქსელებსა” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს 2006 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ინტერნეტ სერვისით მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად; ამასთან,  შპს ”კავკასუს ონლაინმა” უნდა უზრუნველყოს შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” ასს-ებში განთავსებულ აპარატურაზე მუშაობის ტექნიკური სტანდარტების დაცვა და თანამშრომელთა სიის შეთანხმება იმგვარად, რომ მასში მოცემული იყოს თითოეულ  თანმშრომელზე დაკისრებული მოვალეობა და სამუშაოს აღწერილობა, აგრეთვე მუშაობის გრაფიკი  ასს-ების მითითებით.

კომისია აგრეთვე მიიჩნევს, რომ შპს ”ახალი ქსელები”  და შპს ”ახტელი” ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც ავალდებულებს მას საკუთარი ქსელის თავისუფალ ელემენტებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზირებული პირის შეუზღუდავ დაშვებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:  

1.  ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა და დაევალოს შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” უზრუნველყონ შპს ”კავკასუს ონლაინის” თანამშრომელთა დაშვება, მათ კუთვნილ იმ სატელეფონო სადგურებში, სადაც განთავსებულია შპს ”კავკასუს ონლაინის”აპარატურა; 

2. დაევალოთ მხარეებს შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” ასს-ებში დასაშვებ შპს ”კავკასუს ონლაინის” თანამშრომელთა სიის შეთანხმება იმგვარად, რომ მასში მოცემული იყოს თითოეული  თანმშრომელზე დაკისრებული მოვალეობა და სამუშაოს აღწერილობა, აგრეთვე მუშაობის გრაფიკი  ასს-ების მითითებით;

3. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა და დაევალოს შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” საკუთარი ქსელის თავისუფალ ელემენტებთან და სიმძლავრეებთან შპს ”კავკასუს ონლაინის” შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია) ამ გადაწყვეტილების შესრულების მონიტორინგი და სათანადო დასკვნის წარმოდგენა 2007 წლის 21 სექტემბრამდე;

5.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.

კომისიის  თავმჯდომარე                                                           ზ. ნონიკაშვილი                        

 წევრები:                                                                                    გ. ფრუიძე

                                                                                                დ. პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები