წვდომის მენიუ

შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის არსებითი განხილვის შესახებ

ნომერი: 510 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2007

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2007

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განხადებით მიმართა შპს ”კავკასუს ონლინმა” სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ტრანზიტული ხაზის მომსახურების ტარიფებში ცვლილებების განხორციელება.

შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, რომ 2007 წლის 31 ივნისს სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს “კავკასუს ონლაინში” წარდგენილ იქნა მიმართვა, რომლის შესაბამისადაც, აღნიშნული კომპანია ახორციელებს ცვლილებებს მომსახურების ტარიფში. კერძოდ განისაზღვრა: 1. ტელეფონის ტრანზიტული ხაზის სააბონენტო გადასახადი (რომელშიც შედის ტელეფონის სააბონენტო გადასახადი) თბილისში - 20.00 ლარი; 2. დამაკავშირებელი ტრანზიტული ხაზის, რომლის საშუალებითაც აბონენტი არ ღებულობს  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” არანაირ სერვისს - 250.00 ლარი; 3. ტელეფონის ტრანზიტული ხაზის მოწყობა  (რომელშიც არ შედის ტელეფონის დადგმის გადასახადი) თბილისში - 200.00 ლარი; 4. დამაკავშირებელი ტრანზიტული ხაზის მოწყობა თბილისში, რომლის საშუალებითაც  აბონენტი არ ღებულობს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დამატებით სერვისს - 200.00 ლარი.

განმცხადებელს მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დადგენილი ახალი ტარიფები არის დისკრიმინაციული და არაგონივრული, არ არის დანახარჯებზე ორიენტირებული და არ არის დასაბუთებული მისი რეალობა.

შპს ”კავკასუს ონლაინი” მოითხოვს, კომისიის გადაწყვეტილებით ბათილად იქნას ცნობილი სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ტარიფები, როგორც უკანონო.

კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 31 აგვისტოს კომისიაში გაიმართა დავის განხილვის მოსამზადებელი სხდომა, სადაც კომისიამ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე  მიიღი გადაწყვეტილება შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის  განხილვის  დღის დანიშვნის შესახებ.

           2007 წლის 7 სექტემბერს დავის არსებითად განხილვისას, კომისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N656/22, N808/22 და N432/9 გადაწყვეტილებებით განსაზღვრულია სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან და სატელეფონო ხმოვან  რესურსებთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფები, კერძოდ ქ. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილების სრულ რესურსებთან დაშვების შემთხვევაში ზედა ზღვრული ტარიფი შეადგენს 15 ლარს და 18 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით),  რომელიც მოიცავს ერთობლივი დაშვების შემთხვევაში ზედა ზღვრულ ტარიფს ფართოზოლოვანი რესურსისათვის 11 ლარის და 68 თეთრის (დღგ-ს ჩათვლით) ოდენობით და სატელეფონო  ხმოვანი რესურსისათვის 3 ლარს და 50 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით). აღნიშნული გადაწყვეტილებით სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების ადგილობრივ მომსახურების ზონის გეოგრაფიული საზღვრები აგრეთვე დადგენილია ქ. თბილისის ტერიტორიულ ფარგლებში. შესაბამისად, ამ საზღვრებში მიწოდებულ მომსახურებაზე დადგენილი უნდა იქნეს მომსახურების ერთგვაროვანი ტარიფი, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილებით სარგებლობისათვის კომისიის მიერ  დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფს, მიუხედავად იმისა, გამოიყენება იგი ტრანზიტულად, თუ არა.

            ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის და კომისიის N656/22, N808/22 და N432/9 გადაწყვეტილებების საფუძველზე კომისიამ,

             გადაწყვიტა:

1.      დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა და დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ტრანზიტული ხაზის მომსახურების ტარიფებში ცვლილებების განხორციელება, კომისიის N656/22, N808/22 და N432/9 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ზედა ზღვრული ტარიფის ფარგლებში;

2.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე                                                        ზ. ნონიკაშვილი                                                                            

 წევრები:                                                                                     დ. პატარაია                                                                                                                             

                                                                                                      გ. ფრუიძე

                

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები