წვდომის მენიუ

შპს ” კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 518 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2007

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 05 სექტემბერს მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა”  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი: სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” მიმართვა გაუგზავნა შპს ”კავკასუს ონლაინს”, რომლითაც შეატყობინა, რომ 2007 წლის 3 აგვისტოდან განახორციელებდა ცვლილებებს სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ტარიფებში. ნაცვალად ADSL ტექნოლოგიისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული-3,50 ლარისა,  3 აგვისტოდან აღნიშნული რესურსით სარგებლობის ზღვრული ტარიფი გახდებოდა 11,68 ლარი. შპს ”კავკასუს ონლაინს” მიაჩნია, რომ სახეზეა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

მოთხოვნები:

1. კომისიის გადაწყვეტილებით ბათილად იქნას ცნობილი  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  2007  წლის 6 აგვისტოს მიმართვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით.

 2. დაევალოს მოპასუხე კომპანიას ხელშეკრულებით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში მომსახურების გაწევა, მხარეთა შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 14 აგვისტოს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელი გ.ჭელიძე, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან უ. სეთური.

შპს  ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისდამი რწმუნებულ კომპანიასა და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ADSL სერვისისათვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების შესახებ სიხშირული ფილტრების დაყენებისათვის. ამ ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, ტარიფების შეცვლის უფლება სს  ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” აქვს ცალმხრივად. ტარიფების ცვლილება ძალაში შედის კონტრაგენტი კომპანიისადმი შეტყობინების შემთხვევაში. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ვალდებულია შპს ”კავკასუს ონლაინს” აცნობოს წერილობით წინასწარ, ცვლილებების ძალაში შესვლამდე 15 სამუშაო დღით ადრე მაინც. შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მითითებული ხელშეკრულება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დაიდო 2007 წლის 15 მაისს და ძალაში იყო 1 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამისად   მოპასუხე კომპანიის მიერ 3 აგვისტოს გამოგზავნილი მომართვა ტარიფების ცვლილების შესახებ, გაკეთებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი არ დაეთანხმა  შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნებს და კომისიას წარმოუდგინა 2007 წლის 14 ივნისის №2/2/87 წერილის ასლი, რომელსაც თან ერთვოდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ავტორიზებული პირებისადმი ინტერნეტ მომსახურების ტარიფებზე გაკეთებული მოწვევის ოფერტა, რომელიც ითვალისწინებდა ინტერნეტ მოსახურების ტარიფების რებალანსირებას ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 18 ივნისიდან. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”  სახელშეკრულებო ვალდებულებები არ დაურღვევია და  შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნები არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული უსაფუძვლობის გამო.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს  სს  ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და  შპს  ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის  განხილვა 2007 წლის 21 სექტემბერს 16:00 საათზე;

2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის   თავმჯდომარე                                ზ. ნონიკაშვილი

წევრი                                                           გ.ფრუიძე                                                                                                                                                                                          

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები