ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტობრის 656/22 გადაწყვეტილებით გ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2007
მიღების თარიღი თებერვალი 02, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შემდეგი განცხადებები:
ა) შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელის” განცხადება (№ ED 07/30 15.01.2007; შემოსული № 6/32-07 15.01.2007), რომელშიც აღნიშნულია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ახდენს მის დისკრიმინაციას, რაც გამოიხატება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და საკანალიზაციო არხებში კაბელების გატარების მაღალი ტარიფის დაწესებით კონკურენციის უხეშ დარღვევაში და შესაბამისად, ითხოვს კომისიისგან საკანალიზაციო არხებში კაბელების გატარების მაღალი ტარიფის საკითხის განხილვას. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ 2006 წლის 30 ნოემბერს შპს ”ახალმა ქსელებმა”, შპს ”კავკაზუს ნეთვორქმა” და შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელმა” ერთობლივი განცხადებით მიმართეს კომისიას დავის განსახილველად. სადაო საკითხს წარმოადგენდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის” საკანალიზაციო არხების იჯარით მომსახურებაზე დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის და განაწილების ვალდებულების დაკისერების, აგრეთვე, მოქმედი ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობის და ზღვრული ტარიფების დადგენის მოთხოვნა;
ბ) შპს ”ნიკას” განცხადება (№ 25 01.11.2006; შემოსული № 6/804-06 02.11.2006), რომელშიც აღნიშნულია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არ აძლევს თბილისის სატელეფონო კანალიზაციაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადების საშუალებას, რის გამოც განიცდის ზარალს და თხოვს კომისიას უზრუნველყოს ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა;
გ) შპს ”კავკასუს ნეთვორქის” განცხადება (შემოსული № 6/716-06 16.10.2006), რომელშიც მოითხოვს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვას სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან საკანალიზაციო არხებში კაბელების განთავსებასთან დაკავშირებული დაბრკილებების აღმოფხვრის მიზნით და მოითხოვს კომისიისგან შესაბამის რეაგირებას;
დ) სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” საჩივარი (№ 3580/01 13.07.2006; შემოსული № 6/526-06 13,07,2006,), რომელშიც აღნიშნულია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” უარს უცხადებს შპს ”ჯორჯიან იუნიონ-2002”-ს საკანალიზაციო ჭებში დაშვებაზე, რის გამოც შპს ”ჯორჯიან იუნიონ - 2002” (სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” კონტრაქტორი კომპანია სამუშაოების შესრულებაზე) ვერ ახორციელებს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწუყებლთან” დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულებას და ითხოვს კომისიისგან, რომ დაავალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაუშვას სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლი” საკანალიზაციო არხებთან და ჭებთან.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არ იზიარებს მის მიმართ წარმოყენებულ პრეტენზიებს. მის მიერ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელისათვის” მიწერილი წერილის ასლიდან (№ ED 07/30 15.01.2007; შემოსული № 6/32-07 15.01.2007) ირკვევა, რომ კომპანიის აზრით მისი მომსახურების ტარიფები ცალსახად დადგენილია კომისიის მიერ და იგი არ აცხადებს უარს კონკრეტულ შემთხვევაში საკანალიზაციო არხებთან მსურველი პირების დაშვებაზე, არამედ ითხოვს დადგენილი ტარიფით მომსახურების საფასურის გადახდას.
კომისიაში აგრეთვე შემოვიდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ მიწერილი წერილის ასლი (№ 2/31/3 24.01.2007: შემოსული № 6/57-07 24.01.2007), სადაც აღნიშნული კომპანია ატყობინებს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებელს”, რომ შეუწყვიტავს სახელშეკრულებო ურთიერთობასა და საკანალიზაციო არხების იჯარის მომსახურებას, თუ არ იქნება წარმოდგენილი დავალიანების დაფარვის გრაფიკი, გაწერილი 2007 წლის ბოლომდე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” დადგენილია როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი საკომუნიკაციო კანალიზაციაში დაშვებისა და კაბელის გატარების მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე: ქ. თბილისის; ქ. ქუთაისის; ქ. რუსთავის; ქ. ზუგდიდის; ქ. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონებში და დანარჩენ საქართველოში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა). აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სააქციო საზოგადოებას დაკისრებული აქვს ინფორმაციის გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების, სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საჭიროა დეტალურად განისაზღვროს ამ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების პირობები და მექანიზმები. გადაწყვეტილების მე-5 მუხლის ბ) პუნქტის მიხედვით, კომისიის მიერ ზღვრული ტარიფების დადგენამდე სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” არ უნდა მოახდინოს ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების მის მიერ დადგენილი ტარიფების მომატება. შესაბამისად, სატარიფო რეგულირების შემდეგ ეტაპზე, კომისია თვლის, რომ საჭიროა ზღვრული ტარიფის ოდენობების დადგენა.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 28-ე მუხლები განსაზღვრავს კომისიის მიერ კონკურენციის უზრუნველმყოფ ძირითად უფლებამოსილებებს. კერძოდ, კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს უკრძალავს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ბოროტად გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს ავტორიზებული პირის მიერ ამავე კანონის V თავით განსაზღვრული და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას.
კომისია აღნიშნავს რომ, სატარიფო რეგულირების ვალდებულება არ ნიშნავს კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ავტორიზებული პირის მომსახურების ტარიფების კონკრეტული ოდენობების დადგენას. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ”...თავისი საქმიანობისას... დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები.” აღნიშნული ნორმა ეხება იმ შემთხვევასაც, როდესაც ავტორიზებული პირი კომისიის მიერ დადგენილია როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე და მასზე კომისიის მიერ დაკისრებულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 თავის 35-ე მუხლით განსაზღვრული სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ამგვარ შემთხვევაში 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კომისიაზე კანონმდებლობით მინიჭებულია ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული მომსახურების ტარიფების ზღვრული ოდენობების (ზედა ან/და ქვედა) დადგენის უფლებამოსილება. კომისიის მიერ ზღვრული ტარიფების ოდენობების (ზედა და ქვედა) დადგენის შემთხვევაშიც ოპერატორი თვითონ ადგენს ტარიფს, რომლის ოდენობა უნდა ექცეოდეს ამ ზღვრებში. აღნიშნული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის და კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიის უფლებამოსილებას წარმოადგენს დაადგინოს კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ზღვრული ტარიფების ოდენობები.
კომისია აღნიშნავს, რომ მნიშნველოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენის შემთხვევაში ავტორიზებულ პირს, სხვა ვალდებულებებს შორის, ეკისრება დისკრიმინაციის აკრძალვის და ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულებები, რაც გულისხმობს, რომ პირმა საჯაროდ უნდა გამოაქვეყნოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩრთვის ტარიფები. ამავე დროს, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად მან საჯაროდ უნდა გამოაქვეყნოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც, სხვა კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დადგენილი ტარიფების ოდენობების შესახებ. ავტორიზებული პირის მიერ მომსახურების კონკრეტული ტარიფი ძალაში შედის ოფერტის გამოქვეყნების დღიდან.
კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ”...დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში არ არის მოცემული, ხოლო 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები” არ არის მიღებული, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული ვალდებულებების დაკისრება ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლზე დაყრდნობით.” თუმცა, შემდგომში დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები დამტკიცებულ იქნა კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილებით.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად განაწილების, ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს ავტორიზებულ პირს სააღრიცხვო, ფინანსური ინფორმაციის, მათ შორის დანახარჯების განაწილებისა და სხვა ავტორიზებული პირებისგან მიღებული შემოსავლების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დააკონკრეტოს ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებების შესაბამისი ცალკეული პირობები.
კომისიამ მხედველობაში მიიღო რა შემდეგი გარემოებები:
ა) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღიარებულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილებით,
ბ) სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაკისრებული აქვს ინფორმაციის გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებები,
მიზანშეწონილად მიიჩნია:
ა) დააკონკრეტოს ინფორმაციის გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, აგრეთვე სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებების შესრულების ცალკეული პირობები ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ხარჯებზე ორიენტირებული ზედა ზღვრული ტარიფების ოდენობების განსაზღვრა.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის და ”დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზედა ზღვრული ტარიფების ოდენობების განსაზღვრის და 2005 წლის 21 ოქტომბრის 656/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების მიზნით;
2. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების ოდენობების განსაზღვრის და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” 2005 წლის 21 ოქტომბრის 656/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
3. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად დაევალოს საკანალიზაციო არხებთან დაშვების მომსახურების 2005-2006 წლის განაწილებული დანახარჯების და ეკონომიკური მონაცემების წარმოდგენა კომისიისთვის 20 სამუშაო დღეში;
4. საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართოს 2007 წლის 16 მარტს 12:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს 2007 წლის 23 მარტს 16:00 საათზე;
5. გადაწყვეტილების ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).
წევრი: დ. პატარაია
წევრი: გ. ფრუიძე
წევრი: ზ. ნონიკაშვილი
