წვდომის მენიუ

შპს ,,ახალ ქსელებსა” და სს”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას’’ შორის დავის არსებითი განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ

ნომერი: 520 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2007

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 09 აგვისტოს  განცხადებით მიმართა შპს  ”კავკასუს ონლაინმა”  სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი:

         შპს ,,კავკასუს ონლაინი”  ითხოვს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან” 67/68 და 71 ასს-ებში 24 ერთეული ჩარჩოს გამოყოფას, რათა უზრუნველყოფილი იქნას აბონენტების ჩართვა ახალ ციფრულ კროსში და მათ შორის 2005 წლის 15 მაისს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულებას.

   წარმოდგენილი განცხადება დასაბუთებულია შემდეგით: მოდავე მხარეებს შორის 2007 წლის 15 მაისს დადებულია ხელშეკრულება შპს ,,კავკასუს ნეტვორკსა” (შემდგომში სამართალმემკვიდრე ,,კავკასუს ონლაინი”) და სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ADSL  სერვისით სატელეფონო წყვილების მომსახურების შესახებ. 2007 წლის 2 აგვისტოს შპს ,,კავკასუს ონლაინის” მიერ სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” გაეგზავნა მიმართვა, რომლის შესაბამისადაც ითხოვა 67/68 და 71 ასს-ში 24 ერთეული ჩარჩოს გამოყოფა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოქმედი აბონენტების ჩართვა ახალ ციფრულ კროსში. აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის გასაცემად მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა ორი კალენდარული დღე. მიუხედავად აღნიშნულისა, პასუხი დღემდე არ გაცემულა. 2007 წლის 15 მაისს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, სს ,,საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანია” ვალდებულია შპს ,,კავკასუს ონლაინს” გაუწიოს მომსახურება სახაზო-საკაბელო წყვილებით, აბონენტთა ინტერნეტით მომსახურეობისათვის და მისცეს მას უფლება მოახდინოს მოქმედი აბონენტის სატელეფონო წყვილზე სპეციალური სიხშირული ფილტრების დაყენება, სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ, ვინაიდან ,,ელექტრონული  კომუნიკაციების   შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო  ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება. აქედან გამომდინარე შპს ,,კავკასუს ონლაინი” მოითხოვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ იქნას წარმოებაში აღნიშნული განცხადება, განხილულ იქნას დავა და სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაევალოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვების უზრუნველყოფა. სს ,,საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 ,,ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” გადაწყვეტილების უხეში დარღვევისათვის, შპს ,,კავკასუს ონლაინი” ითხოვს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ გამოყენებული იქნას კანონით განსაზღვრული სანქციები.

        კომისიამ აღნიშნული საკითხი საკუთარი რეგულირების სფეროს მიაკუთვნა, მიიჩნია, რომ  შპს ,,კავკასუს ონლაინის” განცხადება შეესაბამება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნებს და ,,ელქტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე 2007 წლის 31 აგვისტოს დანიშნა დავის მოსამზადებელი სხდომა, სადაც გადაწყდა, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტმა უნდა ჩაატაროს შემოწმება სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” 67/68 და 71 ასს-ებში  ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად.

            2007 წლის 7 სექტემბერს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტმა (მ. გოთოშია) შეამოწმა სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო  კომპანია” 67/68 და 71 ასს-ებში კროსის ჩარჩოების დასაყენებლად სათანადო ფართის და თავად თავისუფალი ჩარჩოების არსებობის მდგომარეობა და გამოარკვია, რომ ასს 67/68 და 71-ში არსებობს ჩარჩოების განთავსების თავისუფალი ფართი.

            კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი (კ. ყურაშვილი) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, დ)ქვეპუნქტის თანახმად, ნებისმიერი ავტორიზებული პირი ვალდებულია ,,მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება”. ამასთან, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაკისრებული აქვს დაშვების ვალდებულება კონკრეტული პირობებით(პ.10).

            კომისიამ, მხარეთა პოზიციების მოსმენის, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრული და ობიექტური გამოკვლევით, კომისიის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტების პოზიციათა გათვალისწინებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, 42-ე მუხლისა და კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.   დაევალოს სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შპს ,,კავკასუს ონლაინის” შეუზღუდავი დაშვება 67/68 და 71 ასს-ებში არსებული ქსელის თავისუფალ რესურსთან ჩარჩოების განსათავსებლად სათანადო ფართზე დაუყონებლივ.

2.  დაევალოს კომისიის აპარატის მონიტირინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია) ამ გადაწყვეტილების შესრულების შემოწმება და შესაბამისი შემოწმების აქტის წარმოდგენა 2007 წლის 20 სექტემბრამდე.

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) ერთი თვის ვადაში.

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის  თავმჯდომარე                                      ზ. ნონიკაშვილი

 წევრები:                                                              დ. პატარაია

                                                                             გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები