შპს ” კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2007
მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 05 სექტემბერს მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა” სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” მიმართვა გაუგზავნა შპს ”კავკასუს ონლაინს”, რომლითაც შეატყობინა რომ 2007 წლის 3 აგვისტოდან განახორციელებდა ცვლილებებს სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ტარიფებში. ნაცვალად ADSL ტექნოლოგიისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3,50 ლარისა, 3 აგვისტოდან აღნიშნული რესურსით სარგებლობის ზღვრული ტარიფი გახდებოდა 11,68 ლარი. შპს ”კავკასუს ონლაინს” მიაჩნია, რომ სახეზეა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.
მოთხოვნები:
1. კომისიის გადაწყვეტილებით ბათილად იქნას ცნობილი სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” 2007 წლის 6 აგვისტოს მიმართვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით.
2. დაევალოს მოპასუხე კომპანიას ხელშეკრულებით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში მომსახურების გაწევა, მხარეთა შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 14 აგვისტოს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ” კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. 2007 წლის 21 სექტემბერს გაიმართა დავის განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელი გ.ჭელიძე, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან უ. სეთური.
შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისდამი რწმუნებულ კომპანიასა და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება ADSL სერვისისათვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების შესახებ სიხშირული ფილტრების დაყენებისათვის. ამ ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, ტარიფების შეცვლის უფლება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” აქვს ცალმხრივად. ტარიფების ცვლილება ძალაში შედის კონტრაგენტი კომპანიისადმი შეტყობინების შემთხვევაში. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”ვალდებულია შპს ”კავკასუს ონლაინს” აცნობოს წერილობით წინასწარ, ცვლილებების ძალაში შესვლამდე 15 სამუშაო დღით ადრე მაინც. შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მითითებული ხელშეკრულება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დაიდო 2007 წლის 15 მაისს და ძალაში იყო 1 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამისად მოპასუხე კომპანიის მიერ 6 აგვისტოს გამოგზავნილი მომართვა ტარიფების ცვლილების შესახებ, გაკეთებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი არ დაეთანხმა შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნებს და კომისიას წარმოუდგინა 2007 წლის 14 ივნისის №2/2/87 წერილის ასლი, რომელსაც თან ერთვოდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ავტორიზებული პირებისადმი ინტერნეტ მომსახურების ტარიფებზე გაკეთებული მოწვევის ოფერტა, რომელიც ითვალისწინებდა ინტერნეტ მომსახურების ტარიფების რებალანსირებას ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 18 ივნისიდან.
დამატებით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა შესაგებელი და მასთან თანდართული მასალები: გაზეთ ”24 საათში”, საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსით” და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ სახაზო-საკაბელო სააბონენტო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების პირობების შეცვლის შესახებ. მოპასუხის მტკიცებით, მან ამით მხარეებს შორის შეთანხმებული ფორმით მოახდინა განმცხადებლის ინფორმირება ტარიფის შეცვლის შესახებ. შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მიაჩნია, რომ მას სახელშეკრულებო ვალდებულებები არ დაურღვევია და შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნები არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული უსაფუძვლობის გამო.
კომისია ყურადღებას ამახვილებს მხარეებს შორის 2007 წლის 15 მაისს გაფორმებულ ADSL სერვისისათვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 3.2 მუხლზე, რომლის თანახმადაც, მომსახურების ტარიფების შეცვლის უფლება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” აქვს ცალმხრივად. ტარიფების ცვლილება ძალაში შედის კონტრაგენტი კომპანიისადმი შეტყობინების შემთხვევაში. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”ვალდებულია შპს ”კავკასუს ონლაინს” აცნობოს წერილობით (უშუალოდ ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით) წინასწარ, ცვლილებების ძალაში შესვლამდე 15 სამუშაო დღით ადრე მაინც. მითითებული ხელშეკრულება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დაიდო 2007 წლის 15 მაისს და ძალაში იყო 1 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამისად მოპასუხე კომპანიის მიერ 6 აგვისტოს შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” გაგზავნილი მიმართვა 3 აგვისტოდან ტარიფების ცვლილების შესახებ, გაკეთებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.
კომისიამ, შეისწავლა რა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ 2007 წლის 14 ივნისის №2/2/87 წერილი და მასთან თანდართული ავტორიზებული პირებისადმი ინტერნეტ მომსახურების ტარიფებზე გაკეთებული მოწვევის ოფერტა, გამოარკვია შემდეგი გარემოებები: - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შეთავაზებული ტარიფი (13,5 ლარი) შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ გასაჩივრებულ იქნა კომისიაში, რის საფუძველზეც კომისიამ შეისწავლა ბაზრის აღნიშნული სეგმენტი და ჩატარებული კვლევის შედეგად 2007 წლის 3 აგვისტოს მიიღო №432/9 გადაწყვეტილება-”ADSLდა DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის თაობაზე”.
ამ გადაწყვეტილებით, კომისიის მიერ დადგინდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დადგენილ სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ტარიფზე ნაკლები ზედა ზღვრული ტარიფი, ნაცვლად 13,5 ლარისა ზედა ზღვრულ ტარიფად კომისიამ დაადგინა 11,68 ლარი დღგ-ს ჩათვლით, რის შემდეგაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”კავკასუს ონლაინს” გაუგზავნა ახალი შეტყობინება (მოწვევის ოფერტა) ახალი ტარიფით.
კომისია აღნიშნავს, რომ მისი 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9 გადაწყვეტილების საფუძველზე, სააბონენტო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ტარიფის რებალანსირების შესახებ (9,9 ლარი დღგ-ს გარეშე), სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” ახალი შეტყობინება 2007 წლის 3 აგვისტოს გამოაქვეყნა საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” საშუალებით. მხარეთა შორის გაფორმებული და ამ პერიოდში მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული შეტყობინება ტარიფის რებალანსირების შესახებ, ძალაშია მხოლოდ შეტყობინებიდან ( ამ შემთხვევაში 3 აგვისტოდან) 15 სამუშაო დღის შემდგომ ანუ 2007 წლის 24 აგვისტოდან. ნებისმიერ შემთხვევაში, კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9 გადაწყვეტილების თანახმად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დაწესებული ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს ამ გადაწყვეტილებით დაწესებულ ზედა ზღვრულ ტარიფს.
რაც შეეხება შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნას - კომისიის გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” 2007 წლის 6 აგვისტოს მიმართვის ბათილად გამოცხადების შესახებ, კომისია აღნიშნავს, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირები სარგებლობენ ნების ავტონომიისა და სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპით. შესაბამისად, კერძო-სამართლებრივი აქტების ბათილად გამოცხადება სცილდება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლით განსაზღვრულ კომისიის ამოცანებსა და ფუნქციებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა სააბონენტო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ტარიფის რებალანსირების შესახებ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” 2007 წლის 6 აგვისტოს მიმართვის ბათილობის თაობაზე;
2. არ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ 2007 წლის 15 მაისს გაფორმებული №07-447 ხელშეკრულებით განსაზღვრული ტარიფით მომსახურების შესახებ;
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” შეთავაზებული სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ტარიფი (11,68 ლარი დღგ-ს ჩათვლით) ძალაშია 2007 წლის 24 აგვისტოდან, მათ შორის გაფორმებული №07-447 ხელშეკრულებიდან გამომდინარე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
