სს ”ენერგო-პრო ჯორჯია” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”ენერგო-პრო ჯორჯია”-მ (25.09.2007 №7/331-07) ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.
როგორც სს ”ენერგო-პრო ჯორჯია”-ს წერილშია აღნიშნული, კომპანია წარმოადგენს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ე.წ. ”ცხელი ხაზის” ორგანიზებისათვის ესაჭიროება ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქიდან, რომ სს ”ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს სს ”ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ნუმერაციის რესურსი 8-0-5-0 (რვა-ნული-ხუთი- ნული).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს ”ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ნუმერაციის რესურსი - 8-0-5-0 (რვა-ნული-ხუთი-ნული) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2008 წლის 5 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე;
2. სს ”ენერგო-პრო ჯორჯია” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, სს ”ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში სს ”ენერგო-პრო ჯორჯია”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
