შპს ” კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 26 სექტემბერს №6/1424-07 წერილით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა” სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დაკისრებული მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვების შეუსრულებლობა.
შპს “კავკასუს ონლაინიდან” სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სახელზე გადაგზავნილ იქნა შემდეგი სახის წერილები:
1. 2007 წლის 17 აგვისტოს № 70/100807 წერილით, შპს “კავკასუს ონლაინი” ითხოვდა სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაერთო ნება, მათ დაქვემდებარებაში მყოფ ასს-ში 30; 31; 39; 73 ჩადებული მათი კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყვანაზე შენობების ფარგლებს გარეთ;
2. 2007 წლის 04 სექტემბერს №99/040907 წერილით, განმცხადებელი ითხოვდა დაერთოთ ნება, ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 კორპუსთან არსებული კარადიდან მისი კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყვანაზე ქუჩის ზედაპირზე;
3. 2007 წლის 04 სექტემბერს №98/040907 წერილით, შპს “კავკასუს ონლაინმა” მოპასუხეს წარუდგინა აბონენტთა ტელეფონების სია (სულ 325 აბონენტი) და ითხოვა ეცნობებინათ აღნიშნულ ნომრებზე შესაძლებელი იყო თუ არა DSL მომსახურების ჩართვა.
4. 2007 წლის 10 სექტემბერს №107/100907 წერილით, განმცხადებელმა დამატებით წარადგინა აბონენტთა ტელეფონების სია (სულ 313 აბონენტი) და მოითხოვა ეცნობებინათ აღნიშნულ ნომრებზე შესაძლებელი იყო თუ არა DSL მომსახურების ჩართვა.
5. 2007 წლის 13 სექტემბერს №110/130907 წერილით, განმცხადებელმა კვლავ წარუდგინა აბონენტთა ტელეფონების სია (სულ 230 აბონენტი) და მოითხოვა ეცნობებინათ აღნიშნულ ნომრებზე შესაძლებელი იყო თუ არა DSL მომსახურების ჩართვა.
შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადებით, აღნიშნულ მიმართვებზე პასუხი მოწინააღმდეგე მხარეს მათთვის არ უცნობებია, რის გამოც მიმდინარე წლის 20 სექტემბერს შპს ”კავკასუს ონლაინმა” განმეორებით გაუგზავნა წერილი მოპასუხეს და მოითხოვა, რომ ადრესატს პასუხი ეცნობებინა ხუთი სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არც ამ ვადაში ოფიციალური და დასაბუთებული პასუხი მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან არ წარმოდგენილა. სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”კავკასუს ონლაინს” დაუბრუნა მათ მიერ გაგზავნილი სატელეფონო ნომრების სია, რომელთა 30% ჩაურთველი დატოვეს, შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” გაურკვეველი დარჩა რამ განაპირობა აღნიშნული და რა ტექნიკური პრობლემები შეექმნა ჩაურთველ ნომრებს.
განმცხადებელს მიაჩნია, რომ სს “საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” დაარღვია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაკისრებული მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება.
მოთხოვნები:
1. დაევალოს მოწინააღმდეგე მხარეს, შეუზღუდავად და უპირობოდ განახორციელოს შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ გადაგზავნილ 2007 წლის 17 აგვისტოს №70/100807; 2007 წლის 04 სექტემბერს №99/040907; 2007 წლის 04 სექტემბერს №98/040907; 2007 წლის 10 სექტემბერს №107/100907 და 2007 წლის 13 სექტემბერს №110/130907 წერილებში ასახული მოთხოვნების შესრულება.
2. მოწინააღმდეგე მხარის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილებების უხეში დარღვევისათვის მის მიმართ გამოყენებულ იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მეშვიდე თავით განსაზღვრული სანქციები.
3. მიაქცეულ იქნას კომისიის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 12 ოქტომბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელი გ.ჭელიძე, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან უ. სეთური.
შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ADSL სერვისისათვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების შესახებ სიხშირული ფიტრების დაყენების პროცედურა გაწერილია 2007 წლის 15 მაისს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს “კავკასუს ნეტვორკს” (რომლის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს შპს “კავკასუს ონლაინი”) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომლის 1.1 პუნქტის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულია შპს “კავკასუს ონლაინს” გაუწიოს მომსახურება სახაზო-საკაბელო წყვილებით, აბონენტთა ინტერნეტით მომსახურებისათვის და მისცეს მას უფლება მოახდინოს მოქმედი აბონენტის სატელეფონო წყვილზე სპეციალური სიხშირული ფილტრების (ADSL ტექნოლოგია) დაყენება სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება. შპს “კავკასუს ონლაინის” განცხადებით, აღნიშნული ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარეს ასევე დაკისრებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N 400/9 “ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით.
შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელს მიაჩნია, რომ მოწინაარმდეგე მხარის მხრიდან ასევე უხეშად ირღვევა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილება. კერძოდ აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულია უზრუნველყოს საკანალიზაციო არხებთან არადისკრიმინაციული დაშვება იმგვარი პირობებით (მათ შორის ტარიფებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”კავკასუს ონლაინის” მტკიცებით, სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” უხეშად არღვევს არა მარტო ხელშეკრულებით და კანონით დადგენილ დებულებებს, არამედ უგულვებელყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებებსაც.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადებაზე კომისიას წარმოუდგინა შესაგებელი, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადება დაუსაბუთებელია, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები და შესაბამისად არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები. კერძოდ, რაც შეეხება პირველ მოთხოვნას ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შენობის ფარგლებს გარეთ გამოყვანასთან დაკავშირებით, მოპასუხე აღნიშნავს, რომ მათთვის გაურკვეველია რომელი ხელშეკრულების საფუძველზე და როგორი პროექტით უნდა მოხდეს ოპტიკური კაბელის გამოყვანა, არც მათთვის გადაგზავნილი წერილებიდან და არც კომისიაში წარმოდგენილი განცხადებიდან არ ირკვევა მოთხოვნის როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი საფუძვლები. მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობები წესრიგდებოდა 2007 წლის 15 მაისის დაშვების ხელშეკრულებით, რომელსაც მოქმედების ვადა დაუმთავრდა 1 სექტემბერს, ამიტომ ამ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა უკანონოა, რაზეც კომისიას გამოთქმული აქვს თავისი მოსაზრება 2007 წლის 21 სექტემბრის № 533/16 გადაწყვეტილებაში. მიუხედავად ამისა, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” მაინც განახორციელა შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ მოთხოვნილ წყვილების 70%-თან დაშვება, ხოლო დარჩენილ 30/%-თან დაშვება ვერ განხორციელდა ტექნიკური მიზეზების გამო, რაც დანართის სახით წარმოდგენილ ცხრილშია კონკრეტულადა მითითებული. მოპასუხე აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს ”კავკასუს ონლაინს” გადაეგზავნა სახაზო-საკაბელო სააბონენტო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ხელშეკრულების პროექტი, რომელიც დღეის მდგომარეობით განხილვის სტადიაშია და რომლის გაფორმებაც საშუალებას მისცემს მხარეებს დროულად მოაწესრიგონ არსებული პრობლემატური საკითხები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვა 2007 წლის 19 ოქტომბერს 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
წევრები: დ. პატარაია
გ.ფრუიძე
