წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ” კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელს” და შპს ”ივერია ქსელს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 570 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 27 სექტემბერს კომისიას № 6/1439-07 განცხადებით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა”   შპს ”ახალ ქსელებთან”,  შპს ”ახტელთან” და შპს ”ივერია ქსელთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

   დავის საგანი: 2007 წლის 13 და 14 სექტემბერს კომისიაში შპს ”ახალი ქსელების”,  შპს ”ახტელისა” და შპს ”ივერია ქსელის”  მიერ წარდგენილი სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების პირობები.

შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადებით, აღნიშნული ოფერტები კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელია და არ უნდა ჩაითვალოს რეალურ შეთავაზებად, შემდეგ გარემოებათა გამო: კომისიის 2007 წლის 20 ივლისის ”ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” № 400/9 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის ა.ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს დაეკისრათ დაშვების ტარიფებისა და ანგარიშსწორების პირობების საჯაროდ გამოქვეყნება.

კომისიის 2007 წლის 03 აგვისტოს ”ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის თაობაზე” №432/9 გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარეებს სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფი განესაზღვრათ 11 ლარისა და 68 თეთრის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ”კავკასუს ონლაინი” მიიჩნევს, რომ გაურკვეველია, ოფერენტთა მიერ მომსახურების ტარიფის 15.18 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) დადგენა.

ამასთანავე, შემოთავაზების მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, დაშვების მსურველმა ოპერატორმა უნდა წარმოადგინოს დაახლოებითი მოთხოვნა თვეების მიხედვით, ექვს თვეზე გაწერილი და საბანკო გარანტია გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, თანახმად ოფერტის გ) ქვეპუნქტისა, რაც შპს ”კავკასუს ონლაინს” ასევე კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნია.

შპს ”კავკასუს ონლაინი” აგრეთვე ასაჩივრებს შემოთავაზების მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ოფერენტები შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ოთხი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფენ წყვილის პარამეტრების ტესტირებას და დადებითი დასკვნის შემთხვევაში განახორციელებენ წყვილის კროსირებას (ჩართვას) მსურველი ოპერატორის საკაბელო წყვილზე. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის №400/9 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის ა.გ) ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები ვალდებულნი არიან მოწვევის ოფერტაში გაწერონ დაშვების განხორციელების პროცედურები, მათ შორის სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების გამოყოფაზე განცხადების მიღების, განხილვის პირობები და პროცედურები - პირველი შემოსული განაცხადის მომსახურების პრინციპის შესაბამისად. აგრეთვე, გამოყოფილი წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების ფიზიკური პარამეტრების ტესტირების პირობები. შპს ”კავკასუს ონლაინი” მიიჩნევს, რომ ოფერენტთა მიერ იგნორირებულია კომისიის ეს მოთხოვნა, რადგანაც მათ მიერ არსად არ არის გაწერილი გამოყოფილი წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების ფიზიკური პარამეტრების ტესტირების პირობები.

 შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადებით, ოფერენტები გასაჩივრებულ შეთავაზებაში მიუთითებენ, რომ კროსებში კაბელის შემოყვანის მოთხოვნით, ყოველ კონკრეტულ ობიექტზე მსურველმა ოპერატორმა უნდა მიმართოს წერილობითი ფორმით, რომელიც მათ მიერ განხილულ იქნება ათი დღის ვადაში და დადებითი პასუხის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც მსურველი ოპერატორი გადასცემს საჭირო კაბელს და კროსის შესაბამისი მარკის ჩარჩოს ათ სამუშაო დღეში მოხდება აღნიშნული მოწყობილობის მიერთება შესაბამისი ანაზღაურებით: ა) ინსტალაციის საფასური 200 ლარი დღგ-ს ჩათვლით თითოეულ ას წყვილიან ჩარჩოზე; ბ) ჩარჩოს განთავსების ყოველთვიური ქირა 100 ლარი დღგ-ს ჩათვლით თითოეულ 100 წყვილიან ჩარჩოზე. ოფერენტები მოითხოვენ თვითონ დაინტერესებულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, როგორც კაბელის, ასევე კროსის შესაბამისი ჩარჩოს გადაცემა. შპს ”კავკასუს ონლაინს” მითითებული ტარიფი ინსტალაციისა და ჩარჩოს განთავსების ყოველთვიური ქირის სახით, მიუღებლად მიაჩნია, ვინაიდან ყველა საჭირო ტექნიკურ საშუალებებს ოპერატორი უზრუნველყოფს და მხოლოდ ინსტალაციისათვის თითოეულ ჩარჩოზე 200 ლარის მოთხოვნა იმ პირობებში, როდესაც მათ სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფი განესაზღვრათ 11 ლარისა და 68 თეთრის ოდენობით და ეს ტარიფი მათი მხრიდან დადგინდა არადიფერენცირებულად - თითოეული წყვილის ხარისხის და გამტარუნარიანობის გაუთვალისწინებლად ყველა წყვილზე ერთმნიშვნელოვნად.

შპს ”კავკასუს ონლაინი”  მიიჩნევს, რომ როგორც ინსტალირების, ასევე ჩარჩოს განთავსების გადასახადი ჩათვლილი უნდა იქნეს კომისიის მიერ სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ტარიფში, რომლის ზედა ზღვარს წარმოადგენს 11 ლარი და 68 თეთრი.

განმცხადებელს ასევე კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნია შემოთავაზების მე-9 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ექსტრაორდინალურ და ფორსმაჟორულ გარემოებებში მსურველი ოპერატორის მხრიდან გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება მის მიერ სრულად.

მოთხოვნები:

1.   დაევალოს მოწინააღმდეგე მხარეებს, მათ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებთან და კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

2.    დაევალოს მოწინააღმდეგე მხარეს მათ მიერ დადგენილი გადასახადის ა) ინსტალაციის საფასური 200 ლარი დღგ-ს ჩათვლით თითოეულ ას წყვილიან ჩარჩოზე; ბ) ჩარჩოს განთავსების ყოველთვიური ქირა 100 ლარი დღგ-ს ჩათვლით თითოეულ 100 წყვილიან ჩარჩოზე, კორექტირება და მომსახურების სრულფასოვნად გაწევა სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ტარიფის ფარგლებში, რაც შეადგენს 11 ლარსა და 68 თეთრს.

3.    მოწინააღმდეგე მხარეების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2007 წლის 03 აგვისტოს №432/9 გადაწყვეტილებების უხეში დარღვევისათვის მათ მიმართ გამოყენებულ იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის VII თავით განსაზღვრული სანქციები.

4.   კომისიის გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ    აღსასრულებლად.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 12 ოქტომბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელი გ.ჭელიძე, ხოლო შპს ”ახალი ქსელებისა”,  შპს ”ახტელის” მხრიდან  ნ.ჟღენტი.

შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელმა მოითხოვა განცხადებაში დასმული სადავო საკითხების არსებითი განხილვა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც არ დაეთანხმა შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის”  წარმომადგენელი. მან განმცხადებლის მოთხოვნები უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია და იშუამდგომლა კომისიამ უარი უთხრას  შპს ”კავკასუს ონლაინს” მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს  ერთის მხრივ, შპს  ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ,    შპს ”ახალ ქსელებს”,  შპს ”ახტელს” და შპს ”ივერია ქსელს” შორის დავის  განხილვა 2007 წლის 19 ოქტომბერს 16:00 საათზე;

2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის   თავმჯდომარე                               

ზ. ნონიკაშვილი

წევრები:                                                                დ.პატარაია                                                                                                                                           

 გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები