შპს ,,ტელეკომპანია მზის” №B15 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ წერილით (№6/1224-2007) კომისიას მიმართა შპს ”ტელეკომპანია მზემ”, რომელმაც მოითხოვა მისი კუთვნილი №B15 ლიცენზიის (საერთო საეთერო ტელერადიომაუწყებლობა) მოდიფიცირება იმგვარად, რომ შპს ,,ტელეკომპანია მზეს” მიენიჭოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა. კომპანიის მტკიცებით, აღნიშნული განპირობებულია მათ მიერ მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობის განორციელებით.
შპს ”ტელეკომპანია მზის” წერილის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 2007 წლის 3 სექტემბერს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელეკომპანია მზის” №B15 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა 2007 წლის 5 ოქტომბერს.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი (გ. რატიშვილი) აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კომისიამ შესაძლებლად მიაჩნია შპს ”ტელეკომპანია მზის” ლიცენზიის მოდიფიცირება და სათანადო ცვლილებების განხორციელება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირებულ იქნას შპს ”ტელეკომპანია მზის” №B15 ლიცენზია (მოქმედების ვადა 22.07.94 - 28.12.2012), შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის 43/2 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შპს ,,მზე”-ს №26 ლიცენზია(მოქმედების ვადა 28.12.2012წ.) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭოს №B15;
ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ა) საეთერო ტელემაუწყებლობა 45-ე სატელევიზიო არხზე ქ. თბილისი და მიმდებარე ტერიტორია;
ბ) თანამგზავრული მაუწყებლობა ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურებით.”
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “ტელეკომპანია მზისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
კომისიის წევრები: ზ. ნონიკაშვილი
დ. პატარაია
გ. ფრუიძე
