ერთი მხრივ, შპს ” კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 9 ოქტომბერს კომისიას № 6/540-07 განცხადებით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა” შპს ”ახალ ქსელებთან” და შპს ”ახტელთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: შპს ”ახალ ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მიერ ურთიერთჩართვის დავალიანების გაზრდილი ტარიფით დაანგარიშება.
2007 წლის 19 სექტემბერს შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მიერ შპს ”კავკასუს ონლაინში” წარდგენილ იქნა წერილი, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელის დავალიანებამ სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურებისათის შპს ”ახალი ქსელების” მიმართ შეადგინა 142 437, 26 ლარი, ხოლო შპს ”ახტელის” მიმართ 129 766,15 ლარი და მოითხოვა ამ დავალიანების ათი დღის ვადაში ანაზღაურება.
როგორც შპს ”კავკასუს ონლაინი” აცხადებს, აღნიშნული დავალიანება გამომდინარეობს მოპასუხე კომპანიების მიერ ცალმხრივად გაზრდილი ტარიფით დაანგარიშებით.
კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისის და აგვისტოს თვის სახაზო-საკაბელო წყვილების მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა დაანგარიშებულია 17.81 ლარის ტარიფით, ხოლო ჩართვა შეფასებულია 20 ლარით.
შპს ”კავკასუს ონლაინს” მოპასუხე მხარეებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე გაზრდილი ტარიფით გადახდის დავალდებულება უსაფუძვლოდ მიაჩნია. განმცხადებელი უთითებს კომისიის 2007 წლის 10 სექტემბრის წერილს, რომლის თანახმადაც, მომსახურების პირობები და მათ შორის ტარიფები ძალაში შედის მის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის თარიღიდან, ხოლო კონკრეტულ დაინტერესებულ პირთან ახალი ტარიფით მომსახურების გაწევა ხორციელდება უშუალოდ ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან.
რაც შეეხება ტარიფის ოდენობას, შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 03 აგვისტოს ”ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის თაობაზე” №432/9 გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარეებს სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 11 ლარისა და 68 თეთრის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ”კავკასუს ონლაინი” მიიჩნევს, რომ გაურკვეველია, ოფერენტთა მიერ მომსახურების დავალიანების 17.81 ლარის ტარიფით დაანგარიშება.
მოთხოვნები:
1. დაავალოს კომისიამ მოპასუხე მხარეებს სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე მომსახურების გაწევა მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმებით დადგენილი ძველი ტარიფით, რაც შეადგენს 5 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში;
2. დააკისროს მოპასუხე კომპანიებს კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები;
3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 19 ოქტომბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელი გ.ჭელიძე, ხოლო შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მხრიდან ნ.ჟღენტი და ხ. ინჯია.
შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა მოითხოვა განცხადებაში დასმული სადავო საკითხების არსებითი განხილვა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც არ დაეთანხმნენ შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” წარმომადგენლები. მათი განცხადებით, შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა”, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/ 9 გადაწყვეტილების საფუძველზე და მაში მითითებული პირობების დაცვით 2007 წლის 14 სექტემბერს გამოაქვეყნა სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელშიც მიუთითა როგორც ამ რესურსით სარგებლობის ვადები და პირობები, ასევე სახაზო-საკაბელო წყვილებთან სრულად დაშვების ტარიფი 15,18 ლარი დღგ-ს ჩათვლით, რომელიც სრულ შესაბამისობაშია კომისიის გადაწყვეტილებებთან. მოპასუხეები აღნიშნავენ, რომ შპს ”კავკასუს ონლაინი” შეგნებულად თავს არიდებს მათ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის საფუძველზე დაშვების ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, შესაბამისად შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” ანგარისშწორებას განახორციელებენ არა ძველი, არამედ ახალი ტარიფით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს ერთის მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის დავის განხილვა 2007 წლის 26 ოქტომბერს 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
