შპს ” კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვისა და არსებითად გადაწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 26 სექტემბერს №6/1424-07 წერილით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა” სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დაკისრებული მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვების შეუსრულებლობა.
შპს “კავკასუს ონლაინიდან” სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სახელზე გადაგზავნილ იქნა შემდეგი სახის წერილები:
1. 2007 წლის 17 აგვისტოს N№ 70/100807 წერილით, შპს “კავკასუს ონლაინი” ითხოვდა სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაერთო ნება, მათ დაქვემდებარებაში მყოფ ასს-ში №№ 30; 31; 39; 73 ჩადებული მათი კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყვანაზე შენობების ფარგლებს გარეთ;
2. 2007 წლის 04 სექტემბერს №99/040907 წერილით, განმცხადებელი ითხოვდა დაერთოთ ნება, ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 კორპუსთან არსებული კარადიდან მისი კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყვანაზე ქუჩის ზედაპირზე;
3. 2007 წლის 04 სექტემბერს №98/040907 წერილით, შპს “კავკასუს ონლაინმა” მოპასუხეს წარუდგინა აბონენტთა ტელეფონების სია (სულ 325 აბონენტი) და ითხოვა ეცნობებინათ აღნიშნულ ნომრებზე შესაძლებელი იყო თუ არა DSL მომსახურების ჩართვა.
4. 2007 წლის 10 სექტემბერს №107/100907 წერილით, განმცხადებელმა დამატებით წარადგინა აბონენტთა ტელეფონების სია (სულ 313 აბონენტი) და მოითხოვა ეცნობებინათ აღნიშნულ ნომრებზე შესაძლებელი იყო თუ არა DSL მომსახურების ჩართვა.
5. 2007 წლის 13 სექტემბერს №110/130907 წერილით, განმცხადებელმა კვლავ წარუდგინა აბონენტთა ტელეფონების სია (სულ 230 აბონენტი) და მოითხოვა ეცნობებინათ აღნიშნულ ნომრებზე შესაძლებელი იყო თუ არა DSL მომსახურების ჩართვა.
შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადებით, აღნიშნულ მიმართვებზე პასუხი მოწინააღმდეგე მხარეს მათთვის არ უცნობებია, რის გამოც მიმდინარე წლის 20 სექტემბერს შპს ”კავკასუს ონლაინმა” განმეორებით გაუგზავნა წერილი მოპასუხეს და მოითხოვა, რომ ადრესატს პასუხი ეცნობებინა ხუთი სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არც ამ ვადაში ოფიციალური და დასაბუთებული პასუხი მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან არ წარმოდგენილა. სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”კავკასუს ონლაინს” დაუბრუნა მათ მიერ გაგზავნილი სატელეფონო ნომრების სია, რომელთა 30% ჩაურთველი დატოვეს, შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” გაურკვეველი დარჩა რამ განაპირობა აღნიშნული და რა ტექნიკური პრობლემები შეექმნა ჩაურთველ ნომრებს.
განმცხადებელს მიაჩნია, რომ სს “საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” დაარღვია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაკისრებული მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება.
მოთხოვნები:
1. დაევალოს მოწინააღმდეგე მხარეს, შეუზღუდავად და უპირობოდ განახორციელოს შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ გადაგზავნილ 2007 წლის 17 აგვისტოს №70/100807; 2007 წლის 04 სექტემბერს №99/040907; 2007 წლის 04 სექტემბერს №98/040907; 2007 წლის 10 სექტემბერს №107/100907 და 2007 წლის 13 სექტემბერს №110/130907 წერილებში ასახული მოთხოვნების შესრულება.
2. მოწინააღმდეგე მხარის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილებების უხეში დარღვევისათვის მის მიმართ გამოყენებულ იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მეშვიდე თავით განსაზღვრული სანქციები.
3. მიქცეულ იქნას კომისიის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 19 ოქტომბერს კომისიაში ჩატარდა დავის განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელი გ.ჭელიძე, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან უ. სეთური.
შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ADSL სერვისისათვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების შესახებ სიხშირული ფილტრების დაყენების პროცედურა გაწერილია 2007 წლის 15 მაისს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს “კავკასუს ნეტვორქს” რომლის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს შპს “კავკასუს ონლაინი”) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომლის 1.1 პუნქტის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულია შპს “კავკასუს ონლაინს” გაუწიოს მომსახურება სახაზო-საკაბელო წყვილებით, აბონენტთა ინტერნეტით მომსახურებისათვის და მისცეს მას უფლება მოახდინოს მოქმედი აბონენტის სატელეფონო წყვილზე სპეციალური სიხშირული ფილტრების (ADSL ტექნოლოგია) დაყენება სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება. შპს “კავკასუს ონლაინის” განცხადებით, აღნიშნული ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარეს ასევე დაკისრებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის № 400/9 “ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით.
შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელს მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ასევე უხეშად ირღვევა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილება. კერძოდ აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულია უზრუნველყოს საკანალიზაციო არხებთან არადისკრიმინაციული დაშვება იმგვარი პირობებით (მათ შორის ტარიფებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია საკუთარი სტრქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”კავკასუს ონლაინის” მტკიცებით, სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” უხეშად არღვევს არა მარტო ხელშეკრულებით და კანონით დადგენილ დებულებებს, არამედ უგულვებელყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებებსაც.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადებაზე კომისიას წარმოუდგინა შესაგებელი, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადება დაუსაბუთებელია, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები და შესაბამისად არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები. კერძოდ, რაც შეეხება პირველ მოთხოვნას ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შენობის ფარგლებს გარეთ გამოყვანასთან დაკავშირებით, მოპასუხე აღნიშნავს, რომ მათთვის გაურკვეველია რა პროექტით უნდა მოხდეს ოპტიკური კაბელის გამოყვანა, არც მათთვის გადაგზავნილი წერილებიდან და არც კომისიაში წარმოდგენილი განცხადებიდან არ ირკვევა მოთხოვნის როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი საფუძვლები. მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობები წესრიგდებოდა 2007 წლის 15 მაისის დაშვების ხელშეკრულებით, რომელსაც მოქმედების ვადა დაუმთავრდა 1 სექტემბერს, ამიტომ ამ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა უკანონოა, რაზეც კომისიას გამოთქმული აქვს თავისი მოსაზრება 2007 წლის 21 სექტემბრის № 533/16 გადაწყვეტილებაში. მიუხედავად ამისა, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” მაინც განახორციელა შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ მოთხოვნილ წყვილების 70%-თან დაშვება, ხოლო დარჩენილ 30/%-თან დაშვება ვერ განხორციელდა ტექნიკური მიზეზების გამო, რაც დანართის სახით წარმოდგენილ ცხრილში კონკრეტულადაა მითითებული. მოპასუხე აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს ”კავკასუს ონლაინს” გადაეგზავნა სახაზო-საკაბელო სააბონენტო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ხელშეკრულების პროექტი, რომელიც დღეის მდგომარეობით განხილვის სტადიაშია და რომლის გაფორმებაც საშუალებას მისცემს მხარეებს დროულად მოაწესრიგონ არსებული პრობლემატური საკითხები.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” პოზიციას არ იზიარებს შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგნელი, რომელიც აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ვადის ამოწურვაზე აპელირება უსაფუძვლოა, ვინაიდან გარდა ხელშეკრულებისა, სს ”გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად აქვს დაკისრებული დაშვების ვალდებულება. იგი ასევე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 335-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთან საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას; მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად. შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, რომ რადგან მოწინააღმდეგე მხარეს არ უცნობებია, რომ ის შეთავაზებული მოთხოვნის განხორციელებაზე უარს ამბობდა, მათი მხრიდან დუმილი მიჩნეულ იქნა აქცეპტად და მიუხედავად ხელშეკრულების ვადის გასვლისა, შპს ”კავკასუს ონლაინს” წარმოეშვა სამართლიანი უფლება ევარაუდა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან აღნიშნული მომსახურება განხორციელდებოდა.
მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის შემდგომ, კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ნებისმიერმა ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლის მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერეტორებისათვის და ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. გარდა ზემოაღნიშნულისა, სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ბაზრის შესაბამის სეგმენტზე წარმოადგენს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, მას დაკისრებული აქვს სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან, ან მათი გამოყენებით განხორციელებულ (ან განსახორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მსურველი ავტორიზებული პირის დაშვების ვალდებულება.
კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მხარეებს შორის დაშვების ურთიერთობა რეგულირდებოდა 2006 წლის 1 აპრილს გაფორმებული სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებითა და 2007 წლის 15 მაისს დადებული ADSL სერვისისათვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების შესახებ სიხშირული ფილტრების დაყენების ხელშეკრულებით. ეს ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ პროლონგაციის წესით ავტომატურ გაგრძელებას. ამ ეტაპზე ორივე ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურულია. ამის შემდეგ, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, გამოაქვეყნა დაშვების ახალი ოფერტა ავტორიზებული პირებისადმი და გამოთქვა მზადყოფნა ოფერტით შეთავაზებული პირობებით ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად. შემდგომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან” შპს ”კავკასუს ონლაინს” ხელმოსაწერად გადაეგზავნა დაშვების ხელშეკრულების კონკრეტული პროექტიც, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ არ არის ხელმოწერილი. მიუხედავად ამისა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარდგენილი წყვილებთან დაშვების მოთხოვნის 70% დააკმაყოფილა, ანუ ფაქტიურად განახორციელა საკუთარის ქსელის შესაბამის ელემენტებთან მისი დაშვება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა, იმის თაობაზე, რომ აუცილებელია დაშვების ხელშეკრულების გაფორმება შპს ”კავკასუს ონლაინთან”, კომისიის აზრით საფუძვლიანია, ვინაიდან ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, შეთანხმდენ და გააფორმონ ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შესახებ ხელშეკრულება და მისი ასლი წარმოუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მესამე პუნქტის, 29-ე, 34-ე, 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა მის მიერ 2007 წლის 17 აგვისტოს №70/100807; 2007 წლის 04 სექტემბერს №99/040907; 2007 წლის 04 სექტემბერს №98/040907; 2007 წლის 10 სექტემბერს №107/100907 და 2007 წლის 13 სექტემბერს №110/130907 გადაგზავნილ წერილებში ასახული მოთხოვნების სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შეუზღუდავად და უპირობოდ შესრულების შესახებ, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ვალდებულებების ვადის გასვლის გამო.
2. არ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2007 წლის 17 აპრილის №191/9 გადაწყვეტილებების უხეში დარღვევისათვის სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ სანქციების გამოყენების შესახებ.
3. მიეცეთ წინადადება მხარეებს დროულად მოაწერონ ხელი დაშვებისა და სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებს და ხელმოწერის შემდგომ წარმოადგინონ მათი ასლები კომისიაში.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე
ზ. ნონიკაშვილი
წევრები:
დ. პატარაია
გ.ფრუიძე
