წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ” კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელს” და შპს ”ივერია ქსელს” შორის დავის განხილვისა და არსებითად გადაწყვეტის შესახებ

ნომერი: 604 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 27 სექტემბერს კომისიას № 6/1439-07 განცხადებით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა”   შპს ”ახალ ქსელებთან”,  შპს ”ახტელთან” და შპს ”ივერია ქსელთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

   დავის საგანი: 2007 წლის 13 და 14 სექტემბერს კომისიაში შპს ”ახალი ქსელების”,  შპს ”ახტელისა” და შპს ”ივერია ქსელის”  მიერ წარდგენილი სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების პირობები.

შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადებით, აღნიშნული ოფერტები კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელია და არ უნდა ჩაითვალოს რეალურ შეთავაზებად, შემდეგ გარემოებათა გამო: კომისიის 2007 წლის 20 ივლისის ”ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” № 400/9 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის ა.ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს დაეკისრათ დაშვების ტარიფებისა და ანგარიშსწორების პირობების საჯაროდ გამოქვეყნება.

კომისიის 2007 წლის 03 აგვისტოს ”ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის თაობაზე” №432/9 გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარეებს სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფი განესაზღვრათ 11 ლარისა და 68 თეთრის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ”კავკასუს ონლაინი” მიიჩნევს, რომ გაურკვეველია, ოფერენტთა მიერ მომსახურების ტარიფის 15.18 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) დადგენა.

ამასთანავე, შემოთავაზების მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, დაშვების მსურველმა ოპერატორმა უნდა წარმოადგინოს დაახლოებითი მოთხოვნა თვეების მიხედვით, ექვს თვეზე გაწერილი და საბანკო გარანტია გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, თანახმად ოფერტის გ) ქვეპუნქტისა, რაც შპს ”კავკასუს ონლაინს” ასევე კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნია.

შპს ”კავკასუს ონლაინი” აგრეთვე ასაჩივრებს შემოთავაზების მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ოფერენტები შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ოთხი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფენ წყვილის პარამეტრების ტესტირებას და დადებითი დასკვნის შემთხვევაში განახორციელებენ წყვილის კროსირებას (ჩართვას) მსურველი ოპერატორის საკაბელო წყვილზე. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის №400/9 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის ა.გ) ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები ვალდებულნი არიან მოწვევის ოფერტაში გაწერონ დაშვების განხორციელების პროცედურები, მათ შორის სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების გამოყოფაზე განცხადების მიღების, განხილვის პირობები და პროცედურები - პირველი შემოსული განაცხადის მომსახურების პრინციპის შესაბამისად. აგრეთვე, გამოყოფილი წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების ფიზიკური პარამეტრების ტესტირების პირობები. შპს ”კავკასუს ონლაინი” მიიჩნევს, რომ ოფერენტთა მიერ იგნორირებულია კომისიის ეს მოთხოვნა, რადგანაც მათ მიერ არსად არ არის გაწერილი გამოყოფილი წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების ფიზიკური პარამეტრების ტესტირების პირობები.

 შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადებით, ოფერენტები გასაჩივრებულ შეთავაზებაში მიუთითებენ, რომ კროსებში კაბელის შემოყვანის მოთხოვნით, ყოველ კონკრეტულ ობიექტზე მსურველმა ოპერატორმა უნდა მიმართოს წერილობითი ფორმით, რომელიც მათ მიერ განხილულ იქნება ათი დღის ვადაში და დადებითი პასუხის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც მსურველი ოპერატორი გადასცემს საჭირო კაბელს და კროსის შესაბამისი მარკის ჩარჩოს, ათ სამუშაო დღეში მოხდება აღნიშნული მოწყობილობის მიერთება შესაბამისი ანაზღაურებით: ა) ინსტალაციის საფასური 200 ლარი დღგ-ს ჩათვლით თითოეულ ას წყვილიან ჩარჩოზე; ბ) ჩარჩოს განთავსების ყოველთვიური ქირა 100 ლარი დღგ-ს ჩათვლით თითოეულ 100 წყვილიან ჩარჩოზე. შპს ”კავკასუს ონლაინს” მითითებული ტარიფი ინსტალაციისა და ჩარჩოს განთავსების ყოველთვიური ქირის სახით, მიუღებლად მიაჩნია, ვინაიდან ყველა საჭირო ტექნიკურ საშუალებას ოპერატორი უზრუნველყოფს და მხოლოდ ინსტალაციისათვის თითოეულ ჩარჩოზე 200 ლარის მოთხოვნა იმ პირობებში, როდესაც მათ სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფი განესაზღვრათ 11 ლარისა და 68 თეთრის ოდენობით და ეს ტარიფი მათი მხრიდან დადგინდა არადიფერენცირებულად - თითოეული წყვილის ხარისხის და გამტარუნარიანობის გაუთვალისწინებლად ყველა წყვილზე ერთმნიშვნელოვნად.

შპს ”კავკასუს ონლაინი”  მიიჩნევს, რომ როგორც ინსტალირების, ასევე ჩარჩოს განთავსების გადასახადი ჩათვლილი უნდა იქნეს კომისიის მიერ სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ტარიფში, რომლის ზედა ზღვარს წარმოადგენს 11 ლარი და 68 თეთრი.

განმცხადებელს ასევე კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნია შემოთავაზების მე-9 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ექსტრაორდინალურ და ფორსმაჟორულ გარემოებებში მსურველი ოპერატორის მხრიდან გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება მის მიერ სრულად.

მოთხოვნები:

1.   დაევალოს მოწინააღმდეგე მხარეებს, მათ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებთან და კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

2.  დაევალოს მოწინააღმდეგე მხარეს მათ მიერ დადგენილი გადასახადის ა) ინსტალაციის საფასური 200 ლარი დღგ-ს ჩათვლით თითოეულ ას წყვილიან ჩარჩოზე; ბ) ჩარჩოს განთავსების ყოველთვიური ქირა 100 ლარი დღგ-ს ჩათვლით თითოეულ 100 წყვილიან ჩარჩოზე, კორექტირება და მომსახურების სრულფასოვნად გაწევა სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ტარიფის ფარგლებში, რაც შეადგენს 11 ლარსა და 68 თეთრს.

3.  მოწინააღმდეგე მხარეების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2007 წლის 03 აგვისტოს №432/9 გადაწყვეტილებების უხეში დარღვევისათვის მათ მიმართ გამოყენებულ იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის VII თავით განსაზღვრული სანქციები.

4.   კომისიის გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ  აღსასრულებლად.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 19 ოქტომბერს კომისიაში ჩატარდა დავის განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელი გ.ჭელიძე, ხოლო შპს ”ახალი ქსელებისა”,  შპს ”ახტელის” მხრიდან  ნ.ჟღენტი.

შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელმა მოითხოვა განცხადებაში დასმული სადავო საკითხების არსებითი განხილვა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც არ დაეთანხმა შპს ”ახალი ქსელებისა” და  შპს ”ახტელის”  წარმომადგენელი. მან განმცხადებლის მოთხოვნები უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია და იშუამდგომლა კომისიამ უარი უთხრას  შპს ”კავკასუს ონლაინს” მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

განმცხადებლის პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით, კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 03 აგვისტოს ”ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის თაობაზე” №432/9 გადაწყვეტილებით, სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების  ზედა ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 11 ლარისა და 68 თეთრის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით. კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის ”მომსახურების ბაზრის სეგმენტების - სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის შედეგების შესახებ” № 656/22 გადაწყვეტილებით,  ცალკე განსაზღვრულია სახაზო საკაბელო მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი 3.50 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ამგვარად, შპს ”ახალი ქსელების”,  შპს ”ახტელისა” და შპს ”ივერია ქსელის”  მიერ ოფერტით წარდგენილი სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილთან სრულად დაშვების ტარიფი, რომელიც მოიცავს როგორც ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებით ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებას, ასევე სახაზო-საკაბელო ხმოვან მომსახურებას, ჯამში შედგება 15.18 ლარისაგან დღგ-ს ჩათვლით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ახალი ქსელების”,  შპს ”ახტელისა” და შპს ”ივერია ქსელის”  მიერ წარდგენილი ოფერტის ეს ნაწილი არ ეწინააღმდეგება კომისიის მიერ მიღებულ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება ოფერტის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას - დაშვების მსურველი ოპერატორის მიერ ექვს თვეზე გაწერილი დაახლოებითი მოთხოვნისა და გადახდის უზრუნველყოფის მიზნით საბანკო გარანტიის წარდგენის შესახებ, კომისია განმარტავს, რომ აღნიშნული პირობა არ არის სავალდებულოდ მიჩნეული კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით და ხელშეკრულებაში მისი გათვალისწინება მხარეთა შეთანხმების საგანია.

კომისიას სამართლიანად მიაჩნია  შპს ”კავკასუს ონლაინის”  მოთხოვნა გამოყოფილი წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების ფიზიკური პარამეტრების ტესტირების პირობების შემუშავების შესახებ და წინადადებას აძლევს მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოახდინონ ტესტირების ნათელი და ურთიერთმისაღები პირობების განსაზღვრა და ხელშეკრულებით მათი გათვალისწინება. მხარეებმა აგრეთვე, გაითვალისწინონ, რომ ტესტირების პირობების დაუკმაყოფილებლობისას უარი წყვილების გამოყოფაზე იყოს დასაბუთებული.

შპს ”კავკასუს ონლაინის”  მესამე მოთხოვნასთან დაკავშირებით, კომისია ყურადღებას ამახვილებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დაშვების ცნებაზე, რომლის თანახმადაც დაშვება წარმოადგენს  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას. კომისიას მიაჩნია,  რომ ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდების სახაზო-საკაბელო მომსახურების ტარიფები არ მოიცავს სხვა ოპერატორის საკუთრებაში არსებული აპარატურის ინსტალირების, ჩარჩოს საკუთარ ფართზე განთავსებისა თუ სხვა ტექნიკური სამუშაოების ხარჯებს და მათი ოდენობის განსაზღვრა წარმოადგენს მხარეთა  შეთანხმების ცალკე საგანს.

კომისიას სამართლის ზოგად პრინციპებთან შეუსაბამოდ  მიაჩნია ოფერტის მე-9 პუნქტი - ექსტრაორდინალურ და ფორსმაჟორულ გარემოებებში მსურველი ოპერატორის მხრიდან გამოწვეული ზარალის სრულად ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ. ამ საკითხზე კომისია მხარეებს მიუთითებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პოზიციას, რომლის მიხედვითაც მხარეს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა თავისი რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, თუ ის დაამტკიცებს, რომ ასეთი შესრულება გამოიწვია მის კონტროლს მიღმა არსებულმა წინააღმდეგობებმა; კონტრაქტის დადებისას მისგან შეუძლებელი იყო ამ გარემოებების ან მისი შედეგების გონივრული განჭვრეტა და გათვალისწინება და მას არ შეეძლო თვითონ აეცილებინა ან დაეძლია ასეთი წინააღმდეგობები, ან უკიდურეს შემთხვევაში მისი შედეგები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  არ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა შპს ”ახალი ქსელების”,  შპს ”ახტელისა” და შპს ”ივერია ქსელის”  მიერ ოფერტით წარდგენილი სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილთან სრულად დაშვების ტარიფის დღგ-ს ჩათვლით 15.18 ლარის კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევისა და ჩარჩოს განთავსებისა და სხვა ტექნიკური სამუშაოების დაშვების ტარიფში გათვალისწინების  შესახებ.

2. დაკმაყოფილდეს  შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა და მიეცეთ წინადადება შპს ”ახალი ქსელებს”,  შპს ”ახტელსა” და შპს ”ივერია ქსელს” გამოყოფილი წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების ფიზიკური პარამეტრების ტესტირების პირობების შემუშავების და მისი შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” წარდგენის თაობაზე.

 3. დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა, დაევალოთ მოპასუხე მხარეებს ოფერტის მე-9 პუნქტის - ექსტრაორდინალურ და ფორსმაჟორულ გარემოებებში  ზარალის მსურველი ოპერატორის მხრიდან სრულად ანაზღაურების შესახებ ამოღება.

4. დაევალოთ მხარეებს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება  ათი დღის ვადაში და მისი ორმხრივი ხელმოწერის შემდომ ასლის სამი სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოდგენა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.

კომისიის   თავმჯდომარე                               

ზ. ნონიკაშვილი

წევრები:                                                                დ.პატარაია                                                                                                                                             

გ.ფრუიძე                                                                                                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები