წვდომის მენიუ

სს ”ინფოჯორჯია XXI”-სა და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 632 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 20 ოქტომბერს 6/1552-07 განცხადებით მიმართა სს “ინფოჯორჯია XXI”-მა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი: სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”  საკუთარი აბონენტებისათვის  სს “ინფოჯორჯია XXI”-ის მფლობელობაში არსებული 09-ის ნუმერაციის რესურსთან დაკავშირებისას დააწესა წუთობრივი საფასური 4 თეთრის ოდენობით, რაც განმცხადებელს უკანონოდ მიაჩნია. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ა/წლის 1 აგვისტოდან მოპასუხე კომპანიასთან შეწყვეტილი აქვს საინფორმაციო მომსახურების გადაყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფინანსური ნაწილი და სს ”ინფოჯორჯია XXI” სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” სთავაზობს ქსელთან დაკავშირების შესახებ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც მოაწესრიგებს მხარეთა შორის წარმოშობილ ფინანსურ საკითხებს. 

მოთხოვნები: შპს ”ინფოჯორჯია XXI”-ის კუთვნილ 09-ის ნუმერაციის მიმართულებით განხორციელებულ ზარებზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ საკუთარი აბონენტებისათვის წუთობრივი საფასურის დაწესების კანონიერების გარკვევა.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 26 ოქტომბერს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: სს “ინფოჯორჯია XXI”-ის წარმომადგენლები: თ. ხონელია და ი. ცნობილაძე, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მხრიდან უ. სეთური. 

   სს “ინფოჯორჯია XXI”-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, აკისრია დაშვების ვალდებულება, აქედან გამომდინარე მათ მიაჩნიათ, რომ მან უნდა უზრუნველყოს საკუთარ ქსელში სს “ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ დადგენილი ტარიფის სანაცვლოდ მათი კუთვნილი 09-ის ნუმერაციის რესურსის დაშვება. ამასთანავე, მათ დაუშვებლად მიაჩნიათ სს “ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ დადგენილი ტარიფის პარალელურად ბოლო მომხმარებლისათვის 09-ის მიმართულებით განხორციელებულ ზარებზე წუთობრივი საფასურის დაწესება და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან”  ითხოვენ მის გაუქმებას.

სს “ინფოჯორჯია XXI”-ს მოთხოვნას არ დაეთანხმა სს  ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი,  რომელმაც აღნიშნა, რომ კომისიის 2007 წლის 11 მაისის №237/7 გადაწყვეტილებით, სს “ინფოჯორჯია XXI”-ს მიენიჭა “09” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება თბილისის გეოგრაფიულ სეგმენტზე დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და კომისიის ხსენებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით სს “ინფოჯორჯია XXI”-ის საქმიანობა წარმოადგენს არაავტორიზებულ საქმიანობას და შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ მასზე კომისიის, როგორც სპეციალური (და შესაბამისად შეზღუდული) საჯაროსამართელბრივი უფლებამოსილების მქონე ორგანოს კომპეტენცია ვერ გავრცელდება.  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და ამვე მუხლის მესამე პუნქტის “ვ” ქვეპუნქტში, ისევე, როგორც მთლიანად კანონში, ხაზგასმა კეთდება ავტორიზირებას დაქვემდებარებულ საქმიანობაზე, რაც განცხადებაში იგნორირებულია სს “ინფოჯორჯია XXI”-ის მიერ.

    სს  ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ასევე დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის 1 ნაწილის “ა” პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია შესაბამისი დაინტერესებული პირის განცხადება.  ვინაიდან სს “ინფოჯორჯია XXI”-ის საქმიანობა წარმოადგენს არაავტორიზებულ საქმიანობას, იგი სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს არ წარმოადგენს  და შესაბამისად, დაინტერესებული მხარეც ვერ იქნება. აქედან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  კომისიისაგან ითხოვენ  ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.

     კომისია აღნიშნავს, რომ მისი 2007 წლის 11 მაისის №237/7 გადაწყვეტილებით, სს “ინფოჯორჯია XXI”-ს მიენიჭა “09” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება თბილისის გეოგრაფიულ სეგმენტზე დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, იგი არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისათვის. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

 ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და კომისიის ხსენებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს “ინფოჯორჯია XXI”-ის საქმიანობა ”09” ნუმერაციის რესურსის გამოყენებით, წარმოადგენს არაავტორიზებულ საქმიანობას საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად. კომისია იზიარებს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელის მოსაზრებას დავის განსჯადობის შესახებ და აღნიშნავს, რომ კომისიის ფუნქციები ამომწურავად განსაზღვრულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით. ამ კანონის მე-11 მუხლის მესამე პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციას მიეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ვინაიდან სს “ინფოჯორჯია XXI”-ის მიერ კომისიაში გასაჩივრებული საკითხი - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ საკუთარი აბონენტებისათვის წუთობრივი გადასახადის დაწესების შესახებ არ გამომდინარეობს განმცხადებლის ავტორიზებული საქმიანობიდან, შესაბამისად კომისიის მიერ ამ საკითხის განხილვა (ultra vires) სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს.

კომისია, ასევე, მითითებას აკეთებს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ავტორიზებულ პირს აქვს უფლება მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. კომისია აღნიშნავს, რომ  სს “ინფოჯორჯია XXI”-ის ”09” ნუმერაციის რესურსის გამოყენება საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად წარმოადგენს არაავტორიზებულ საქმიანობას, აქედან გამომდინარე,  იგი  არ წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ დავის სათანადო მხარეს და ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტას ექვემდებარება.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11, 38-ე და 64-ე მუხლის მეთერთმეტე პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება სს  ”ინფოჯორჯია XXI”-სა  და  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                        ზ.ნონიკაშვილი

წევრები                                                                                               დ. პატარაია

                                                                                                           გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები