ერთი მხრივ, შპს “ალკომს”, შპს ”საბატელსა” და მეორე მხრივ, შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” შორის დავის შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში განსახილველად შემოვიდა შპს ”საბატელისა” და შპს ”ალკომის” განცხადება შპს ”აჭარის ელექტროკავშირთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ სახაზო-საკაბელო ხაზების ხმოვანი რესურსით სარგებლობისათვის დაწესებული ტარიფის გაზრდა.
შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” აჭარის გეოგრაფიულ სეგმენტზე კომისიის მიერ მიჩნეულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტად, მაგრამ კომისიის მიერ მისთვის არ არის განსაზღვრული ხმოვანი რესურსით სარგებლობის ზედა ზღვრული ტარიფი. შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” იყნებს კომისიის მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის” დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფს 3. 50 ლარს, რაც განმცხდებლებს უკანონოდ მიაჩნიათ.
აღნიშნულ საკითხზე 2007 წლის 26 ოქტომბერს კომისიაში გაიმართა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”საბატელის” წარმომადგენელი მ. სიხარულიძე, შპს ”გრენას” წარმომადგენელი დ. ბლიაძე, ხოლო შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მხრიდან უ. სეთური.
მოსამზადებელ სხდომაზე განმცხდებელი კომპანიების წარმომადგენლებმა დააზუსტეს თავისი მოთხოვნა და განცხადების დავის რეჟიმით განხილვამდე, მოითხოვეს შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ სახაზო-საკაბელო ხაზების ხმოვანი რესურსით სარგებლობისათვის დაწესებული ტარიფის კანონიერებისა და ხარჯზე ორიენტირებულობის შესწავლა.
განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ შპს ”აჭარის ელექტროკავშირის”, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ, სახეზეა დისკრიმინაციული და არაგონივრული ტარიფის დადგენის ფაქტი, რომელიც არ არის დანახარჯებზე ორიენტირებული და არ არის დასაბუთებული მისი რეალობა.
განმცხადებელთა მოთხოვნას ტარიფის კანონიერებისა და ხარჯზე ორიენტირებულობის შესწავლის შესახებ, დაეთანხმა შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” წარმომადგენელი უ. სეთური.
კომისია აღნიშნავს, რომ განმცხადებლები ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონის 28-ე მუხლზე მითითებით მოითხოვენ შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ დადგენილი ტარიფის დანახარჯებზე ორიენტირებულობის დასაბუთებასა და კომისიის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ მის შემოწმებას, აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ტარიფის კანონიერების შესახებ დავა უნდა შეწყდეს და განცხადება აღნიშნული საკითხის გამოსაკვლევად უნდა გადაეცეს სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11, 28-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს დავის განხილვა ერთი მხრივ, შპს ”ალკომს”, შპს ”საბატელსა” და მეორე მხრივ, შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” შორის;
2. დაევალოს კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია), შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ სახაზო-საკაბელო ხაზების ხმოვანი რესურსით სარგებლობისათვის დაწესებული ტარიფის კანონიერების შესწავლა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
წევრები დ. პატარაია
გ. ფრუიძე
