წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 634 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 16 ოქტომბერს №6/1585-07 წერილით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა”  შპს ”ახალ ქსელებთან” და შპს ”ახტელთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დაკისრებული მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვების შეუსრულებლობა.

შპს “კავკასუს ონლაინიდან” შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” სახელზე გადაგზავნილ იქნა შემდეგი სახის წერილები:

1. 2007 წლის 1 ოქტომბერს  N№ 157/011007 წერილით, შპს “კავკასუს ონლაინი” ითხოვდა მოპასუხე კომპანიებს დაერთო ნება, მათ დაქვემდებარებაში მყოფ ასს-ში NN№ 30; 32; 33; 52; 57; 65; 69; 70; 75; 76; 77 კროსიდან მათ აპარატურამდე ჩაედოთ 100-წყვილიანი კაბელი და უზრუნველეყოთ შესაბამისი ჩარჩოების გამოყოფა ზემოაღნიშნულ ასს-ებში.

2.  2007 წლის 09 ოქტომბრის N№165/091007 წერილით, შპს “კავკასუს ონლაინმა” მოპასუხეს წარუდგინა აბონენტთა ტელეფონების სია (სულ 134 აბონენტი) და ითხოვა ამ აბონენტთა მიერთება DSL სერვისისათვის განკუთვნილ აპარატურის სიხშირულ ფილტრზე.

ამ წერილებს, განმცხადებლის აღნიშვნით, რეაგირება არ მოყოლია. მას          მიაჩნია, რომ  შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” დაარღვიეს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაკისრებული მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვების ვალდებულება.

   მოთხოვნები:

  1. დაევალოს მოწინააღმდეგე მხარეს, შეუზღუდავად და უპირობოდ განახორციელოს შპს  ”კავკასუს ონლაინის” მიერ გადაგზავნილ წერილებში ასახული მოთხოვნების შესრულება.

2. მოწინააღმდეგე მხარის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N№400/9 გადაწყვეტილების უხეში დარღვევისათვის მის მიმართ გამოყენებულ იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მეშვიდე თავით განსაზღვრული სანქციები.

   3. მიქცეულ იქნას  კომისიის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ   აღსასრულებლად.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 26 ოქტომბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელი გ.ჭელიძე, ხოლო შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მხრიდან ნ. ჟღენტი და ხ. ინჯია.

შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ADSL სერვისისათვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების შესახებ სიხშირული ფილტრების დაყენების პროცედურა გაწერილია 2005 წლის 21 აპრილს ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს ” და მეორე მხრივ,  შპს “კავკასუს ნეტვორკს” (რომლის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს შპს “კავკასუს ონლაინი”) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომლის 2.2.1 მუხლის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულია შპს “კავკასუს ონლაინის”  მიერ წარდგენილი წერილობითი განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, შპს ”კავკასუს ონლაინთან” შეთანხმებულად, მოახდინონ ტექნიკური საშუალების არსებობის შემთხვევაში სააბონენტო წყვილის გადართვა სიხშირულ ფილტრზე, თუ ამას არ მოითხოვს წყვილების შეცვლა. ამავე ხელშეკრულების 2.3 მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ წარდგენილ განაცხადში აბონენტის მონაცემები არ ემთხვევა შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მონაცემებს, განაცხადის მიღებიდან ერთი დღის ვადაში ისინი პასუხით ატყობინებენ ამის შესახებ, რაც მოპასუხე კომპანიებისაგან არ მომხდარა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება. შპს “კავკასუს ონლაინის” განცხადებით, აღნიშნული ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარეს ასევე დაკისრებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N#400/9 “ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”კავკასუს ონლაინის” მტკიცებით, შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი”  უხეშად არღვევს არა მარტო ხელშეკრულებით და კანონით დადგენილ დებულებებს, არამედ უგულვებელყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებებსაც.

შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” წარმომადგენელი არ ეთანხმება შპს ”კავკასუს ონლაინის”  განცხადებას, მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე შპს ”კავკასუს ონლაინის”  განცხადება დაუსაბუთებელია, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები და შესაბამისად არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს  ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს ” და მეორე მხრივ, შპს  ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის  განხილვა 2007 წლის 2  ნოემბერს 16:00 საათზე;

2.  დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის   თავმჯდომარე                                ზ. ნონიკაშვილი

წევრები:                                                        დ. პატარაია                                                                                                                                       

                                                                     გ.ფრუიძე                                                                                                                           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები