შპს ”ახტელისთვის” შპს ”კავკასუს ონლაინთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერების თანხმობაზე უარის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ახტელმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა შპს ”კავკასუს ონლაინთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”კავკასუს ონლაინს” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელმაც 2007 წლის 1 ოქტომბრისათვის შეადგინა 29.000 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახტელმა” კომისიის 26 ოქტომბრის სხდომაზე ვერ წარმოადგინა დავალიანების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, ვერ იქნა დადგენილი ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავალიანების ზუსტი ოდენობა.
მხარეთა პოზიციის შეჯერების, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის, ყოველმხრივი გამოკვლევისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს ”ახტელს” შპს ”კავკასუს ონლაინთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
