ერთი მხრივ, შპს ” კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის დავის განხილვისა და არსებითად გადაწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 9 ოქტომბერს კომისიას № 6/540-07 განცხადებით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა” შპს ”ახალ ქსელებთან” და შპს ”ახტელთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: შპს ”ახალ ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მიერ ურთიერთჩართვის დავალიანების გაზრდილი ტარიფით დაანგარიშება.
2007 წლის 19 სექტემბერს შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მიერ შპს ”კავკასუს ონლაინში” წარდგენილ იქნა წერილი, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელის დავალიანებამ სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურებისათვის შპს ”ახალი ქსელების” მიმართ შეადგინა 142 437, 26 ლარი, ხოლო შპს ”ახტელის” მიმართ 129 766,15 ლარი და მოითხოვა ამ დავალიანების ათი დღის ვადაში ანაზღაურება.
როგორც შპს ”კავკასუს ონლაინი” აცხადებს, აღნიშნული დავალიანება გამომდინარეობს მოპასუხე კომპანიების მიერ ცალმხრივად გაზრდილი ტარიფით დაანგარიშებით.
კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისის და აგვისტოს თვის სახაზო-საკაბელო წყვილების მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა დაანგარიშებულია 17.81 ლარის ტარიფით, ხოლო ჩართვა შეფასებულია 20 ლარით.
შპს ”კავკასუს ონლაინს” მოპასუხე მხარეებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე გაზრდილი ტარიფით გადახდის დავალდებულება უსაფუძვლოდ მიაჩნია. განმცხადებელი უთითებს კომისიის 2007 წლის 10 სექტემბრის წერილს, რომლის თანახმადაც, მომსახურების პირობები და მათ შორის ტარიფები ძალაში შედის საჯაროდ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის თარიღიდან, ხოლო კონკრეტულ დაინტერესებულ პირთან ახალი ტარიფით მომსახურების გაწევა ხორციელდება უშუალოდ ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან.
რაც შეეხება ტარიფის ოდენობას, შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 03 აგვისტოს ”ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის თაობაზე” №432/9 გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარეებს სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 11 ლარისა და 68 თეთრის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ”კავკასუს ონლაინი” მიიჩნევს, რომ გაურკვეველია, ოფერენტთა მიერ მომსახურების დავალიანების 17.81 ლარის ტარიფით დაანგარიშება.
მოთხოვნები:
1. დაავალოს კომისიამ მოპასუხე მხარეებს სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე მომსახურების გაწევა მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმებით დადგენილი ძველი ტარიფითა და პირობებით;
2. დააკისროს მოპასუხე კომპანიებს კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები;
3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 26 ოქტომბერს კომისიაში გაიმართა დავის განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელი გ.ჭელიძე, ხოლო შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მხრიდან ნ.ჟღენტი და ხ. ინჯია.
შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა მოითხოვა განცხადებაში დასმული სადავო საკითხების არსებითი განხილვა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც არ დაეთანხმნენ შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” წარმომადგენლები. მათი განცხადებით, შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა”, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/ 9 გადაწყვეტილების საფუძველზე და მაში მითითებული პირობების დაცვით 2007 წლის 14 სექტემბერს გამოაქვეყნა სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელშიც მიუთითა როგორც ამ რესურსით სარგებლობის ვადები და პირობები, ასევე სახაზო-საკაბელო წყვილებთან სრულად დაშვების ტარიფი 15,18 ლარი დღგ-ს ჩათვლით, რომელიც სრულ შესაბამისობაშია კომისიის გადაწყვეტილებებთან. მოპასუხეები აღნიშნავენ, რომ შპს ”კავკასუს ონლაინი” შეგნებულად თავს არიდებს მათ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის საფუძველზე დაშვების ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, შესაბამისად შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” ანგარიშსწორებას განახორციელებენ არა ძველი, არამედ ახალი ტარიფით.
კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ინტერნეტ სერვისით მომსახურება რეგულირდება 2005 წლის 21 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით. ამ ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, შპს ”კავკასუს ონლაინი” შპს ”ახტელსა” და შპს ”ახალ ქსელებს” თვითოეულ სატელეფონო წყვილზე სიხშირული ფილტრის მიერთებისათვის გადაუხდის 10 ლარს (დღგ-ს ჩათვლით); ხოლო თითოეულ სატელეფონო წყვილზე, რომელზეც დაყენებულია სიხშირული ფილტრი, გადაუხდის ყოველთვიურად 5 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (დღგ-ს ჩათვლით). ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ თუ ADSL ტექნოლოგიით ჩართულ აბონენტთა რაოდენობა აჭარბებს შპს ”ხალ ქსელებში” 1000-ს, ხოლო შპს ”ახტელში”- 500-ს, მომსახურების ტარიფებზე ვრცელდება 50%-იანი ფასდაკლება.
ეს ხელშეკრულება მოქმედებდა ხელმოწერიდან ორი წლის ვადით. თუ ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე მხარეები ერთმანეთს წერილობით არ აცნობებდნენ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდებოდა ავტომატურად იმავე ვადით და იმავე პირობებით. ხელშეკრულების შეწყვეტის, შეჩერების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ, მხარეებმა ერთმანეთს უნდა აცნობონ წერილობით ერთი თვით ადრე.
როგორც მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” 2007 წლის 2 მარტს შპს ”კავკასუს ნეტვორკს” (რომლის სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენს შპს ”კავკასუს ონლაინი”) წერილობით აცნობა, რომ 2007 წლის 21 აპრილს მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას გასდიოდა მოქმედების ორწლიანი ვადა და ამ ხელშეკრულების 4.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მათ კონტრაჰენტ კომპანიას წერილობით დაუდასტურეს ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ მათი მხრიდან სახელშეკრულებო ურთიერთობების შეწყვეტა. ამასთანავე, შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე გამოთქვა ძველი ხელშეკრულების ერთი წლის ვადით გაგრძელების სურვილი, თუ ხელშეკრულების 3.1 მუხლში გაუქმებული იქნებოდა 50% ფასდაკლების პირობა ანუ თითოეულ სატელეფონო წყვილზე, რომელზეც დაყენებულია სიხშირული ფილტრი ყოველთვიური გადასახადი 2007 წლის 21 აპრილიდან გახდებოდა 5 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით. კომისიას მიჩნია, რომ რადგანაც შპს ”კავკასუს ონლაინს” მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი კომპანიებისათვის გონივრულ ვადაში არ უცნობებია, რომ შეთავაზებულ პირობაზე ის უარს ამბობდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 335-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისი მხრიდან დუმილი ჩაითვალა აქცეპტად და შესაბამისად, ხელშეკრულება 2007 წლის 21 აპრილიდან ახალი პირობით გაგრძელებულ იქნა და მხარეს წარმოეშვა კანონიერი უფლება ამ პერიოდიდან ინტერნეტ მომსახურების ტარიფი გაეხადა 5 აშშ დოლარი.
2007 წლის 19 ივნისს შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს ”კავკასუს ონლაინსაც” აცნობა, რომ 1 ივლისიდან აწესებდა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ახალ საცალო ტარიფს, სახაზო-საკაბელო წყვილის ფართოზოლოვანი რესურსით მომსახურების ტარიფი შეადგენდა 15,10 ლარს დღგ-ს გარეშე. კომისია ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის ინტერნეტ სერვისით მომსახურების ხელშეკრულების (რომლის მოქმედებაც გაგრძელებულ იქნა ერთი წლის ვადით) 4.2 მუხლზე, რომლის თანახმადაც, მხარეები ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ერთმანეთს აცნობებენ წერილობით ერთი თვით ადრე. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მიერ დაწესებული ახალი ტარიფი (15,10 ლარი დღგ-ს გარეშე) 17,81 დღგ-ს ჩათვლით ძალაში შევიდა მხარისათვის შეტყობინებიდან ერთი თვის თავზე ე.ი. 2007 წლის 19 ივლისიდან.
ეს ტარიფი მოქმედებდა ”ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის თაობაზე” 2007 წლის 03 აგვისტოს კომისიის №432/9 გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლითაც სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 11 ლარისა და 68 თეთრის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისია მხარეებს უთითებს მოახდინონ შედარების აქტებში ასახული ინტერნეტმომსახურების თანხების კორექტირება, შემდეგი ტარიფებით: 2007 წლის 21 აპრილამდე - 2,5 აშშ-დოლარის ექვივალენტი ლარებში დღგ-ს ჩათვლით; 2007 წლის 21 აპრილიდან 2007 წლის 19 ივლისამდე - 5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში დღგ-ს ჩათვლით; 2007 წლის 19 ივლისიდან 2007 წლის 3 აგვისტომდე - 17,81 ლარი დღგ-ს ჩათვლით; 2007 წლის 3 აგვისტოდან - 11 ლარი და 68 თეთრი დღგ-ს ჩათვლით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნა, დაევალოს შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” ინტერნეტ მომსახურების თანხების კორექტირება ამ გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდებისა და ტარიფების მიხედვით;
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
