წვდომის მენიუ

შპს ”ტელეიმედის” №B16 სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების დროებითი შეჩერების შესახებ

ნომერი: 673 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 08, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს”ტელეიმედი” ფლობს №B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიას.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და უფლებამოსილებას წარმოადგენს ”სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება,  ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება.” ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის N672/18  გადაწყვეტილებით შპს”ტელეიმედი” წერილობით გაფრთხილდა და დაჯარიმდა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროგრამული შეზღუდვებისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

ამასთან კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ აღმოეფხვრა 2007 წლის 7 ნოემბრის N672/18  გადაწყვეტილებაში აღნიშნული დარღვევები (2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ შპს”ტელეიმედს” დაუყოვნებლივ ეცნობა ტელეფონოგრამის მეშვეობით), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, შპს”ტელეიმედის” ეთერით, კვლავ გავრცელდა არკადი პატარკაციშვილის ის მიმართვა,  რომელიც შეიცავდა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროგრამულ შეზღუდვებს.

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან კომისიაში შემოდის საქართველოს მოქალაქეთა (მომხმარებელთა) არაერთი სატელეფონო ზარი, იმასთან დაკავშირებით, რომ სამაუწყებლო კომპანია  ”ტელეიმედით” ხორციელდება სახელმწიფოში განვითარებული რთული პოლიტიკური ვითარების შეგნებული ესკალაცია და იქმნება  ქვეყანაში მასობრივი არეულობების რეალური საშიშროება.

   აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა (გ. რატიშვილი) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 2007 წლის 7 ნოემბერს ჩაატარა  სამაუწყებლო კომპანია ”ტელეიმედის” საქმიანობის შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი, რომლის თანამხად ირკვევა, რომ  მიმდინარე წლის 7 ნოემბერს 20.00 საათის შემდეგ ზემოაღნიშნული ტელეკომპანიის ეთერით გაისმა აშკარა დეზინფორმაციული ხასიათის ცნობა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს განზრახული აქვთ სამების საკათედრო ტაძარში შეჭრა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამ შექმნა  დედაქალაქში შექმნილ მასობრივ არეულობათა საერთო სახალხო მღელვარებაში გადაზრდის მყისიერი და რეალური საფრთხე, რასაც შესაძლებელია გამოეწვია პროცესების უმართავი ხასიათი და  ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა.

  კომისიის აზრით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროგრამული შეზღუდვების, აგრეთვე 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და შესაბამისად - სალიცენზიო პირობების დარღვევას.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით ძალადობისაკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

   კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებული ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვა დაიშვება, როცა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია განიხილავს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხს, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, გამოსცეს აქტი დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის გარეშე.

   ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს რა გადაუდებელი აუცილებლობა, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისათვის მიქცევა.

  საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე და 73-ე მუხლების, აგრეთვე  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

:

1. დროებით -  3 თვის ვადით  შეჩერდეს შპს ”ტელეიმედის” №B16 ლიცენზიის მოქმედება; 

2. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”ტელეიმედისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                             ზ. ნონიკაშვილი

                         წევრი                                                                      დ.პატარაია           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები