წვდომის მენიუ

ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 685 / 8

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 12 ოქტომბრის  N596/8  გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 1,659,571.20  (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდაცხრამეტი ათას ხუთას სამოცდათერთმეტი ლარი და ოცი თეთრი)  ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 29 ოქტომბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის  ჩატარების თარიღად -  2007 წლის 16 ნოემბრის 14:00  საათი;

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:

1. შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია” (24.10. 2007 11/39-07);

2. სს ”ტელენეტი” (24.10.2007 11/40-07);

3. ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” (26.10.2007 11/41-07);

4. \"შავი ზღვის ტელეკომი\" (29.10.2007 11/42-07);

5. ”ქიუტელ საქართველო” (29.10.2007 11/43-07);

6. ”ჯეომაქსი+” (29.10.2007 11/44-07);

7. ”მაგთიკომი” (29.10.2007 11/45-07);

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა 2007 წლის 16 ნოემბრის კომისიის სხდომაზე.

ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად, შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”-ს  წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო - №3, სს ”ტელენეტი” წარმომადგენელმა -№2, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს წარმომადგენელმა - №5, შპს \"შავი ზღვის ტელეკომი\" -ს წარმომადგენელმა №4, შპს ”ქიუტელ საქართველო”-ს წარმომადგენელმა - №1, შპს ”ჯეომაქსი+”-ს წარმომადგენელმა - №7, შესაბამისად,  შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელს წილად ხვდა -  №6.

 აუქციონის მსვლელობისას,  შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა მე-14 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შპს ”ჯეომაქსი+”-ს წარმომადგენელმა მე-20-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შპს ”ქიუტელ საქართველო”-ს წარმომადგენელმა 31-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შპს \"შავი ზღვის ტელეკომი\"-ს წარმომადგენელმა 77-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს წარმომადგენელმა 137-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა, სს”ტელენეტი”-ს წარმომადგენლის მიერ ბოლოს დაფიქსირებულ იქნა საწყის ოდენობას დამატებული 184 (ას ოთხმოცდაოთხი) ბიჯი, რის შემდეგაც შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა დაამატა კიდევ 1 (ერთი) ბიჯი. სს”ტელენეტი”-ს წარმომადგენელმა 186-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 185 (ას ოთხმოცდახუთი) ბიჯი, სულ 17,010,686.20 (ჩვიდმეტი მილიონ ათი ათას ექვსას ოთხმოცდაექვსი ლარი და ოცი თეთრი) ლარი დააფიქსირა შპს “ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა.

   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია” 3448.5მჰც ¸ 3469.5მჰც;  3548.5მჰც ¸ 3569.5მჰც   სიხშირულ ზოლებზე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 17,010,686.20 (ჩვიდმეტი მილიონ ათი ათას ექვსას ოთხმოცდაექვსი ლარი და ოცი თეთრი) ლარი.

2. უზრუნველყოს შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიამ” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 5,103,205.86  (ხუთი მილიონ ას სამი ათას ორას ხუთი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 165,957.12 (ას სამოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარი ანუ 4,937,248.74 (ოთხი მილიონ ცხრაას ოცდაჩვიდმეტი ათას ორას ორმოცდარვა ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა 2007 წლის 16 დეკემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773021;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,907,480.34 - თერთმეტი მილიონ ცხრაას შვიდი ათას ოთხას ოთხმოცი ლარი და ოცდათოთხმეტი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;       

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ვ.შუღლიაშვილი)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

                        კომისიის თავმჯდომარე                                          ზ.ნონიკაშვილი

                        კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია                                                                                                                                                                                                                                         გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები