სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2007
მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 2 ნოემბერს №6/1754-07 განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”კავკასუს ონლაინთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: გაფართოებული ურთიერთჩართვის მიწოდების ხელშეკრულების პირობების დაზუსტება და შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ მინიმუმ 1 გბიტ/წმ-ში სიმძლავრით მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მიაჩნია რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ გამოქვეყნებული გაფართოებული ურთიერთჩართვის შესახებ ოფერტის პირობები სრულად არ შეესაბამება კომისიის 2007 წლის 20 ივლისის № 400/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პარამეტრებს. კერძოდ: განმცხადებლის მითითებით, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ გამოგზავნილი გაფართოებული ურთიერთჩართვის პროექტი არ შეიცავს ინფორმაციას ინტერნეტ ტრაფიკის გადაცემის ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებების და კონტროლის წესის შესახებ, ასევე ფუნქციონალურ რესურსებთან დაშვების პირობებს, რაც საშუალებას მისცემს მხარეს იმსჯელოს დაშვების პირობების დისკრიმინაციულობაზე, ასევე ოფერტა არ შეიცავს ტრანზიტული გატარების პირობებს, თანალოკაციის და ტრაფიკის წინასწარი შეფასების მეთოდიკას. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” მოპასუხეს სთავაზობს მითითებული ხარვეზების გამოსწორებასა და გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებას. ასევე იგი შპს ”კავკასუს ონლაინისაგან” ითხოვს კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს №469/16 გადაწყვეტილების შესრულებასა და მინიმუმ 1 გბიტ/წმ-ში სიმძლავრით მომსახურების მიწოდებას.
მოთხოვნები: პირველ საკითხთან დაკავშირებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ითხოვს კომისიამ დაავალოს შპს ”კავკასუს ონლაინს” გაფართოებული ურთიერთჩართვის შესახებ ოფერტის პირობების კომისიის 2007 წლის 20 ივლისის № 400/9 გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. მეორე საკითხთან დაკავშირებით, განმცხადებელი ითხოვს შპს ”კავკასუს ონლაინისაგან” მინიმუმ 1 გბიტ/წმ-ში სიმძლავრით მომსახურების მიწოდებასა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოპასუხისათვის ჯარიმის დაკისრებას.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 16 ნოემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელი გ.ჭელიძე, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან უ. სეთური.
შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისდამი რწმუნებული კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის შესახებ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებისათვის და ითხოვა ერთკვირიანი ვადა პროექტის საბოლოო შეთანხმებისათვის, რასაც დაეთანხმა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი. რაც შეეხება მეორე საკითხს, მოპასუხემ აღნიშნა, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ მინიმუმ 1 გბიტ/წმ-ში სიმძლავრით მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა ამჟამად უკვე განხორციელებულია და დავა ამ საკითხზე მას ამოწურულად მიაჩნია.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვა 2007 წლის 22 ნოემბერს 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
წევრები: დ. პატარაია
გ.ფრუიძე
