შპს ”შიდა ქართლის ტელეკომპანიის” №B6 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2007
მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის (ს. შავგულიძე) და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ.რატიშვილი) მიერ 2007 წლის 17 ოქტომბერს განხორციელდა შემოწმება შპს ”ტელეკომპანია ქუთაისისა” და შპს ”შიდა ქართლის ტელეკომპანიის” მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით.
გამოირკვა, რომ შპს ”შიდა ქართლის ტელეკომპანია” დღიდან ლიცენზიის მოპოვებისა არ ახორციელებს №B6 ლიცენზიის საფუძველზე მაუწყებლობას, დღემდე კომისიაში არ წარმოუდგენია და აგრეთვე არ გამოუქვეყნებია სამაუწყებლო ბადეები.
აღნიშული მასალები გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილს), რომელმაც იხელმძღვანელა რა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებით, დაადასტურა შპს ”შიდა ქართლის ტელეკომპანიის” მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქარველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კერძოდ სამართლებრივი დეპარტამენტი (კ. ყურაშვილი) აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ მაუწყებლობის დაუწყებლობა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში (2006 წლის 9 სექტემბრამდე) საფუძველია ლიცენზიის გაუქმების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა.
2007 წლის 19 ოქტომბერს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება №631/23 ”შპს ”ტელეკომპანია ქუთაისის” №B69 და შპს ”შიდა ქართლის ტელეკომპანიის” №B6 ლიცენზიების გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ”. ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით 2007 წლის 21 ნოემბერს 16 საათზე გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა. კომისიამ დადასტურებულად მიიჩნია შპს ”შიდა ქართლის ტელეკომპანიის” მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაუქმდეს შპს ”შიდა ქართლის ტელეკომპანიის” №B6 ლიცენზია;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”შიდა ქართლის ტელეკომპანიისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებადა ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: გ. ფრუიძე
კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
