სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2007
მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 26 ოქტომბრის №638/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში 499XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 1,500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარით, აუქციონის ბიჯი - 75.00 (სამოცდათხუთმეტი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 12 ნოემბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2007 წლის 30 ნოემბრის 14:00 საათი;
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:
ა) შპს ”ვიტელ ჯორჯია” – 09.11.2007 №11/47-07;
ბ) სს ”საქართველოს ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კორპორაცია” – 09.11.2007 №11/48-07;
გ) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” – 12.11.2007 №11/49-07;
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა 2007 წლის 30 ნოემბრის კომისიის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში 499XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”ვიტელ ჯორჯიას” წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №3, სს ”საქართველოს ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კორპორაციის” წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელს წილად ხვდა №2.
აუქციონის მსვლელობისას, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა 117-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა, შესაბამისად, აუქციონი გააგრძელეს შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს და სს ”საქართველოს ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კორპორაციის” წარმომადგენლებმა. სს ”საქართველოს ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კორპორაციის” წარმომადგენლის მიერ ბოლოს დაფიქსირებულ იქნა რესურსით სარგებლობის საწყის ოდენობას დამატებული 267 (ორას სამოცდაშვიდი) ბიჯი, რის შემდეგაც შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა დაამატა კიდევ 20 (ოცი) ბიჯი. სს ” საქართველოს ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კორპორაციის” წარმომადგენელმა 288 (ორას ოთხმოცდამერვე) ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 287 (ორას ოთხმოცდაშვიდი) ბიჯი, სულ - 23,025.00 (ოცდასამი ათას ოცდახუთი) ლარი დააფიქსირა შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ვიტელ ჯორჯია” სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში 499XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 23,025.00 (ოცდასამი ათას ოცდახუთი) ლარი.
2. უზრუნველყოს შპს ”ვიტელ ჯორჯიამ” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 6,907.5 (ექვსი ათას ცხრაას შვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარი ანუ 6,757.5 (ექვსი ათას შვიდას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა 2007 წლის 30 დეკემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773020;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (16,117.5 - თექვსმეტი ათას ას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ვ.შუღლიაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
