წვდომის მენიუ

სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვისა და არსებითი გადაწყვეტის შესახებ

ნომერი: 714 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 2 ნოემბერს №6/1754-07 განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”  შპს  ”კავკასუს ონლაინთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი: გაფართოებული ურთიერთჩართვის მიწოდების  ხელშეკრულების პირობების დაზუსტება და შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ მინიმუმ 1 გბიტ/წმ-ში სიმძლავრით მომსახურების მიწოდება.

სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მიაჩნია, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ გამოქვეყნებული  გაფართოებული ურთიერთჩართვის შესახებ ოფერტის პირობები სრულად არ შეესაბამება კომისიის 2007 წლის 20 ივლისის № 400/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პარამეტრებს. კერძოდ: განმცხადებლის მითითებით, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ გამოგზავნილი გაფართოებული ურთიერთჩართვის პროექტი არ შეიცავს ინფორმაციას ინტერნეტ ტრაფიკის გადაცემის ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებების და კონტროლის წესის შესახებ, ასევე ფუნქციონალურ რესურსებთან დაშვების პირობებს, რაც საშუალებას მისცემს მხარეს იმსჯელოს დაშვების პირობების დისკრიმინაციულობაზე, ასევე ოფერტა არ შეიცავს ტრანზიტული გატარების პირობებს, თანალოკაციის და ტრაფიკის წინასწარი შეფასების მეთოდიკას. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” მოპასუხეს სთავაზობს მითითებული ხარვეზების გამოსწორებასა და გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებას. ასევე იგი შპს ”კავკასუს ონლაინისაგან” ითხოვს  კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს №469/16 გადაწყვეტილების შესრულებასა და მინიმუმ 1 გბიტ/წმ-ში სიმძლავრით მომსახურების მიწოდებას.

 მოთხოვნები:

პირველ საკითხთან დაკავშირებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ითხოვს კომისიამ დაავალოს შპს ”კავკასუს ონლაინს”    გაფართოებული ურთიერთჩართვის შესახებ ოფერტის პირობების კომისიის 2007 წლის 20 ივლისის № 400/9 გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.

მეორე საკითხთან დაკავშირებით, განმცხადებელი ითხოვს  შპს ”კავკასუს ონლაინისაგან” მინიმუმ 1 გბიტ/წმ-ში სიმძლავრით მომსახურების მიწოდებასა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოპასუხისათვის ჯარიმის დაკისრებას.

   აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 30 ნოემბერს კომისიაში ჩატარდა დავის განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელი გ.ჭელიძე, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან უ. სეთური.

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით შპს ”კავკასუს ონლაინისაგან” მინიმუმ 1 გბიტ/წმ-ში სიმძლავრით ინტერნეტმომსახურების მიწოდება უზრუნველყოფილია და ამ ნაწილში ხსნის მოთხოვნას, რაც შეეხება გაფართოებული ურთიერთჩართვის პირობების დაზუსტებას, მოპასუხისაგან აღნიშნული მოთხოვნა არ არის შესრულებული და სთხოვს კომისიას დაავალოს შპს ”კავკასუს ონლაინს” მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისდამი რწმუნებული კომპანია თანახმაა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” გააფორმოს გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება გაფართოებული ურთიერთჩართვის პირობების დასაზუსტებლად და ამ ეტეპზე შესათანხმებელი რჩება მხოლოდ რამდენიმე პარამეტრი, რის შემდეგაც მხარეები გააფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებას და ასლს წარმოუდგენენ კომისიას  სამი დღის ვადაში.                                  

კომისია აღნიშნავს, 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს დაევალათ გაფართოებული ურთიერთჩართვის საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობისას ხელშეკრულების გაფორმება 30 დღის ვადაში და მისი კომისიაში წარმოდგენა გაფორმებიდან 3 დღის ვადაში. ამავე გადაწყვეტილებით, კომისიამ დაადგინა ის მინიმალური პირობები, რომლებიც ასახულ უნდა იქნას აღნიშნულ ხელშეკრულებაში, კერძოდ: ა) პირობები გაფართოებული ურთიერთჩართვის ტექნიკური განხორციელების, ტექნიკური პარამეტრებისა და გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილში ურთიერთჩართვის მიწოდებული სიმძლავრის (2მბიტ/წმ ექვივალენტური საკომუნიკაციო პორტების) და ინტერნეტ-ტრაფიკის გადაცემის  ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ; ბ) პირობები, რომლებიც არეგულირებენ გაფართოებული ურთიერთჩართვის  მიწოდებას, მათ შორის, ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალური ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, “DNS” მომსახურების მონაცემთა ბაზასთან და სხვა საქსელო მომსახურების სახეებთან შეუზღუდავ და არადისკრიმინაციულ დაშვებას, მსურველი ოპერატორის განაცხადის გათვალისწინებით; გ) ტრაფიკის დამისამართებასთან, ან ტრანზიტულად გატარებასთან დაკავშირებული პირობები, ტრაფიკის წინასწარი შეფასების მეთოდიკა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ   გაფართოებული ურთიერთჩართვის შესახებ ოფერტის პირობების კომისიის 2007 წლის 20 ივლისის № 400/9 გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით, კანონიერია და უნდა იქნას დაკმაყოფილებული. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მეორე მოთხოვნა შპს ”კავკასუს ონლაინისაგან” მინიმუმ 1 გბიტ/წმ-ში სიმძლავრით მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით, მოპასუხის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა და დავა ამ ნაწილში შეწყვეტას ექვემდებარება.                                                                  

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა, დაევალოს შპს ”კავკასუს ონლაინს” გაფართოებული ურთიერთჩართვის შესახებ ოფერტის პირობების კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა ერთი კვირის ვადაში.

2. მხარეებმა შესწორებული ოფერტის შესაბამისად ერთი კვირის ვადაში უზრუნველყონ ხელშეკრულების გაფორმება.

3. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს ”კავკასუს ონლაინის” მიმართ გამოყენებულ იქნას ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ზომები.

4. შეწყდეს დავა შპს ”კავკასუს ონლაინისაგან” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის”  მინიმუმ 1 გბიტ/წმ-ში სიმძლავრით მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.

კომისიის  თავმჯდომარე                                    გ. არველაძე                          

წევრები:                                                                   ზ. ნონიკაშვილი

                                                                                  დ. პატარაია                                                             

                                                                                   გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები