წვდომის მენიუ

შპს ”აჭარის ელექტროკავშირისთვის” შპს ”საბატელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

ნომერი: 716 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”აჭარის ელექტროკავშირმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა შპს ”საბატელთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”საბატელი” არღვევს 2006 წლის №46/11 შეთანხმების ოქმის საფუძველზე შედგენილ დავალიანების გადახდის გრაფიკს და 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიმართ შპს ”საბატელის ” დავალიანებამ შეადგინა 87439.14 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საბატელის” მხრიდან აღიარებულ იქნა დავალიანების გადახდის გრაფიკის დარღვევის ფაქტი, რაც დასტურდება 2007 წლის 13 ნოემბრის 6/1801-07 წერილით. 

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”

კომისია აგრეთვე აღნშნავს, რომ 2007 წლის 30 ნოემბერს, კომისიის სხდომაზე შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა დავალიანების გადახდის 6 თვიან გრაფიკზე. 

მხარეთა პოზიციის შეჯერების, ანალიზის, ყოველმხრივი გამოკვლევისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

   გადაწყვიტა:

1.  შპს ”საბატელმა” 10 დღის ვადაში წარმოადგინოს კომისიაში შპს ”აჭარის ელექტროკავშირთან” შეთანხმებული დავალიანების (87439.14 ლარის) გადახდის 6 თვიანი გრაფიკი, ხოლო გადახდის გრაფიკზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული დავალიანება დაფაროს ერთი თვის ვადაში;

2.  შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” მიეცეს უფლება შეაჩეროს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შპს ”საბატელთან” შემდეგ შემთხვევებში:

ა) 10 დღის ვადაში გადახდის გრაფიკზე შეუთანხმებლობის ან დავალიანების ერთი თვის ვადაში სრულად არ დაფარვის შემთხვევაში;

ბ) შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და შპს ”საბატელს” შორის შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში;

გ) მიმდინარე დავალიანების გაზრდის შემთხვევაში;

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში  (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                              გ. არველაძე

კომისიის წევრები:                                                          გ. ფრუიძე                                                                                      

                                                                                          დ. პატარაია

                                                                                           ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები