წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 7 ნოემბრის №672/18, №672/18-1 და №672/18-2 გადაწყვეტილებათა ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

ნომერი: 731 / 19

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 04, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2007

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ 2007 წლის 7 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება №672/18 - შპს ”ტელეიმედის”, გადაწყვეტილება №672/18-1 - საზოგადოებრივი მაუწყებლისა  და გადაწყვეტილება - №672/18-2  შპს ”მზის” გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ, შპს ”ტელეიმედის”, შპს ”მზის” და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ  არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართვის ტექსტის გადაცემის, აგრეთვე შპს ”ტელეიმედის” მიერ საკუთარი ეთერით  აშკარა დეზინფორმაციული ხასიათის ცნობის გავრცელების გამო, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს განზრახული ჰქონდათ სამების საკათედრო ტაძარში შეჭრა. აღნიშნული, კომისიის მიერ,  ქვეყანაში არსებული რეალობის ფონზე განხილულ იქნა, ერთი მხრივ, როგორც  უკანონო პროცესების კიდევ უფრო მეტად ესკალაციის აშკარა წაქეზებად, რაც ქმნიდა კანონსაწინააღმდეგო შედეგის (კონსტიტუციური წესრიგის მოშლის) დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, ხოლო მეორე მხრივ,  დედაქალაქში შექმნილ მასობრივ არეულობათა საერთო სახალხო მღელვარებაში გადაზრდის მყისიერ და რეალურ საფრთხედ, რასაც შესაძლებელია გამოეწვია პროცესების უმართავი ხასიათი და  ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებით, შპს ”ტელეიმედის”, შპს ”მზის” და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით.

კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით სამაუწყებლო კომპანიათა გაფრთხილება სრულიად კანონიერ საფუძველზე განხორციელდა და შესაბამისად, კომისიის 2007 წლის 7 ნოემბრის  №672/18, №672/18-1 და №672/18-2 გადაწყვეტილებათა პირველი პუნქტები ძალაში უნდა დარჩეს.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებათა მიღებისას ვერ იქნა უზრუნველყოფილი  დაინტერესებული პირების ინფორმირება კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, აგრეთვე დაგვიანდა მიღებულ გადაწყვეტილებათა დაინტერესებული პირებისათვის დროული ჩაბარება. აღნიშნული განპირობებული იყო 2007 წლის  ნოემბერში საქართველოს დედაქალაქში განვითარებული პროცესებით, რამაც ფაქტიურად გამოიწვია კომისიის ნორმალური ფუნქციონირების რეჟიმის დარღვევა.

კომისია ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სამაუწყებლო კომპანიებისათვის სანქციის სახით დაკისრებული ჯარიმა, საჭიროებს მათი მხრიდან განსაზღვრულ ქმედებათა განხორციელებას (დადგენილ ვადაში გადახდის ვალდებულება), რის გამოც, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ძალადაკარგულად ცნოს კომისიის 2007 წლის 7 ნოემბრის  №672/18, №672/18-1, №672/18-2  გადაწყვეტილებათა მე-2 და მე-3 პუნქტები, რომლებიც სამაუწყებლო კომპანიებს სანქციის სახით ჯარიმას აკისრებს.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ”ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია თავის დისკრეციაში ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერვე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის 2007 წლის 7 ნოემბრის  №672/18, №672/18-1, №672/18-2  გადაწყვეტილებათაგან, არც ერთი არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და კომისიას სრული დისკრეცია აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს ისინი ძალადაკარგულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2007 წლის 7 ნოემბრის  №672/18 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;

2. კომისიის 2007 წლის 7 ნოემბრის  №672/18-1 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;

3. კომისიის 2007 წლის 7 ნოემბრის  №672/18-2 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე, ნ. ჯანელიძე) ამ გადაწყვეტილების  ასლის დაინტერესებული პირებისათვის დაზღვეული საფოსტო გზავნილით მიწოდება და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს  (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                  გ. არველაძე

                        წევრი                                                                                       ზ. ნონიკაშვილი

                        წევრი                                                                                       დ.პატარაია           

                        წევრი                                                                                        კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები