საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 8 ნოემბრის №673/18 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 04, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 8 ნოემბერს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე და 73-ე მუხლების, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა №673/18 გადაწყვეტილება შპს ”ტელეიმედის” №B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღება კომისიის მიერ განხორციელდა იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის №672/18 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ”ტელეიმედი” უკვე გაფრთხილებული და დაჯარიმებული იყო.
შესაბამისად, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიას ლეგიტიმური უფლება ჰქონდა განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება შპს ”ტელეიმედის” №B16 სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების დროებითი შეჩერების შესახებ.
კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ 2007 წლის 4 დეკემბერს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება №731/19, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი კომისიის 2007 წლის 7 ნოემბრის №672/18 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები, რაც ითვალისწინებდა შპს ”ტელეიმედის” დაჯარიმებას.
გამომდინარე ამ გადაწყვეტილებიდან, და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსიდან, აღარ არსებობს საფუძველი შპს ”ტელეიმედის ” №B16 სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების დროებითი შეჩერებისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ”ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია თავის დისკრეციაში ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერვე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია.
კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის 2007 წლის 8 ნოემბრის №673/18 გადაწყვეტილება არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და კომისიას სრული დისკრეცია აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს ისინი ძალადაკარგულად.
კომისია დამატებით ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ”შპს ”ტელეიმედის” №B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ” კომისიის №673/18 გადაწყვეტილების მიღება მოხდა 2007 წლის 8 ნოემბერს, ანუ მას შემდეგ, რაც შპს ”ტელეიმედის” №B16 სამაუწყებლო ლიცენზიას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის გიორგი შავლიაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, უკვე დადებული ჰქონდა ყადაღა და შეზღუდული ჰქონდა მისი განკარგვა და სარგებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2007 წლის 8 ნოემბრის №673/18 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე, ნ. ჯანელიძე) ამ გადაწყვეტილების ასლის შპს ”ტელეიმედისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილით მიწოდება და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრი ზ. ნონიკაშვილი
წევრი დ.პატარაია
წევრი კ. კვიტაიშვილი
