ერთი მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და მეორე მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინს”, სს ”გლობალ ერთს”, შპს ”საქართველოს ტელეკომსა” და სს ”ინფოჯორჯია XXI-ს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2008
მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 22 ნოემბერს №6/1904-07 განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”კავკასუს ონლაინთან”, სს ”გლობალ ერთთან”, შპს ”საქართველოს ტელეკომთან” და სს ”ინფოჯორჯია XXI-თან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურების დავალიანების გადაუხდელობისას, სატელეფონო მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის თაობაზე, ბოლო მომხმარებლის ინფორმირება.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღნიშნავს, რომ მათ კომპანიაში შემოდის ბოლო მომხმარებლის განცხადებები და საჩივრები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ მათ უკავშირდებიან მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლები და ატყობინებენ, რომ მათ აქვთ საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურების დავალიანება მოპასუხე კომპანიების მიმართ და აფრთხილებენ, რომ მისი გადაუხდელობის შემთხვევაში სატელეფონო მომსახურება გაეთიშებათ. ასევე, ”კავკასუს ონლაინი”, მის აბონენტებს, დამატებით ატყობინებს, რომ მათ გაეთიშებათ დაილაფ მომსახურება. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღნიშნავს, რომ მისი აბონენტებისათვის საკომუნიკაციო მომსახურების მოსალოდნელი გათიშვის შესახებ მოპასუხე კომპანიების მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორია და იგი, ერთი მხრივ, არღვევს ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის მე-4 მუხლს, მეორე მხრივ, მათი მხრიდან, ადგილი აქვს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას.
მოთხოვნები: დაევალოს მოპასუხე კომპანიებს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების აკრძალვა.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 7 დეკემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი უ. სეთური, ხოლო მოპასუხე კომპანიების მხრიდან თ. ხონელია (სს ”ინფოჯორჯია XXI”), რ.გოგინავა (სს ”გლობალ ერთი”), გ. ჭელიძე (შპს ”კავკასუს ონლაინი”). შპს ”საქართველოს ტელეკომის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნ. კახელმა წერილობით გამოაგზავნა შესაგებელი.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რათა შპს ”კავკასუს ონლაინმა”, სს ”გლობალ ერთმა”, შპს ”საქართველოს ტელეკომმა” და სს ”ინფოჯორჯია XXI-მა” შეწყვიტონ ბოლო მომხმარებლისათვის მომსახურების შეზღუდვის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
სს ”ინფოჯორჯია XXI-ის” წარმომადგენელი არ დაეთანხმა განმცხადებლის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი უშუალოდ მისი რწმუნებული კომპანიისაგან ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის არცერთი ფაქტი, ვინაიდან სატელეფონო მომსახურების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ გაფრთხილებას, მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ასევე არ არსებობს გარემეობები მათი მხრიდან კონკურენტუნარიანობის შეზღუდვის შესახებ და აქედან გამომდინარე, კომისიას სთხოვენ მათ მიმართ დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.
სს ”გლობალ ერთის” წარმომადგენელი ასევე არ ეთანხმება, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” პოზიციას და აღნიშნა, რომ მათ აბონენტებს მიაწოდეს ინფორმაცია სს ”გლობალ ერთის” მიერ დარიცხული დავალიანების არსებობისა და გადაუხდელობის შემთხვევაში მათთვის სს ”გლობალ ერთის” მომსახურების შეზღუდვის შესახებ. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, სატელეფონო მომსახურების მოსალოდნელი გათიშვის შესახებ, მათ ინფორმაცია ბოლო მომხმარებელთათვის არ მიუწოდებიათ, არამედ საუბარია საერთაშორისო და საქალაქთაშორისო მომსახურების (8-18) კოდის შეზღუდვაზე, რაც სრულ შესაბამისობაშია ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტთან. სს ”გლობალ ერთის” წარმომადგენელმა კომისიას წარმოუდგინა მათი კომპანიის დავალიანების მქონე აბონენტთა გასაფრთხილებელი ტექსტის შინაარსი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მათი დავალიანების არსებობისა და მისი დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში საერთაშორისო და საქალაქთაშორისო მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სს ”გლობალ ერთი” აპირებს მიმართოს სასამართლოს დაგროვილი დავალიანების ამოღების მიზნითა და ასევე, მოითხოვს საურავის დარიცხვასაც აბონენტის მიერ კომპანიისათვის მომსახურების საფასურის გადაუხდელობით მიყენებული ზარალის გამო.
სს ”გლობალ ერთს” მიაჩნია, რომ მისი მოქმედება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და სთხოვა კომისიას, მის მიმართ შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
შპს ”საქართველოს ტელეკომს”, ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა უკანონო მოქმედების განხორციელების აკრძალვის შესახებ. როგორც მათ შესაგებელშია აღნიშნული, დავალიანების მქონე აბონენტების გაფრთხილებისას ისინი ხელმძღვანელობენ ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-13 და მე-16 მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად, როგორც ავტომოპასუხის, ისე ოპერატორის მიერ გაფრთხილებისას აღინიშნება, არსებული დავალიანების განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის და არა შეწყვეტის შეახებ. წარმოდგენილ შესაგებელს თან ერთვის ასევე დავალიანების მქონე აბონენტთა გაფრთხილების ტექსტიც.
შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია იმგვარი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებას, რასაც განმცხადებელი ამტკიცებს და კომისიას წარმოუდგინა შესაგებელი და მასთან თანდართული ამონაწერი იმ აუდიო ჩანაწერიდან, რომლის გამოყენებითაც ახორციელებდნენ აბონენტთა ინფორმირებას დავალიანების დაფარვის მოთხოვნის შესახებ. მისი განცხადებით, გადაუხდელობის შემთხვევაში მომხმარებლები ფრთხილდებოდნენ არა სატელეფონო მომსახურების გათიშვის შესახებ, არამედ მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენების შესახებ, რაც შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან გამორიცხავს არასწორი და კანონსაწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელების ფაქტს.
კომისია აღნიშნავს, რომ მოპასუხე კომპანიების მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა დავალიანების მქონე აბონენტთა გასაფრთხილებელი ტექსტის შინაარსი, დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მათთვის მომსახურების შეზღუდვისა და არა სატელეფონო მომსახურების გათიშვის შესახებ.
კომისიას მიაჩნია, რომ საკითხის არსებითი გადაწყვეტისათვის, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან” დამატებით უნდა იქნას წარმოდგენილი მტკიცებულებები, მის განცხადებაში აღნიშნული მოპასუხე კომპანიების მხრიდან სატელეფონო მომსახურების მოსალოდნელი გათიშვის თაობაზე, არასწორი (ყალბი) ინფორმაციის გავრცელების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასუს ონლაინის”, სს ”გლობალ ერთის”, შპს ”საქართველოს ტელეკომისა” და სს ”ინფოჯორჯია XXI-ის” შუამდგომლობა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის შეწყვეტის შესახებ;
2. დაინიშნოს დავის განხილვა ერთი მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და მეორე მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინს”, სს ”გლობალ ერთს”, შპს ”საქართველოს ტელეკომსა” და სს ”ინფოჯორჯია XXI-ს” შორის 2007 წლის 14 დეკემბერს 16 საათზე;
3. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს;
4. მიეცეს წინადადება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” წარმოადგინოს მოპასუხე კომპანიების მიერ სატელეფონო მომსახურების მოსალოდნელი გათიშვის თაობაზე არასწორი (ყალბი) ინფორმაციის გავრცელების დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
წევრები: კ.კვიტაიშვილი
ზ.ნონიკაშვილი
დ.პატარაია
გ.ფრუიძე
