ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელი კერძო საერთო საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის VII თავით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის VII თავის შესაბამისად, საქართველოში უზრუნველყოფილია მაუწყებლის საკუთრების გამჭვირვალება.
კერძოდ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია საწარმოს პარტნიორების, აქციათა არანაკლებ 5%-ის მფლობელებისა და დირექტორების თაობაზე, თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელია კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირი; იურიდიული პირის დამფუძნებლების, სხვა წევრების, შემომწირველებისა და გამგეობის შემადგენლობის თაობაზე, თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელია კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირი; მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის შესახებ; მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის საწესდებო კაპიტალში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის საწესდებო კაპიტალში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; საინფორმაციო სააგენტოს საწესდებო კაპიტალში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.
მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ მისი კაპიტალის წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის წილს ან აქციებს; პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის წილს ან აქციებს; საინფორმაციო სააგენტოს წილს ან აქციებს.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წერილობით აცნობოს კომისიას ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი) 2007 წლის 5 დეკემბრის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შესწავლილ იქნა ეროვნული კერძო საერთო ტელესამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია საკუთრების შესახებ, რა დროსაც გაირკვა, რომ:
ა) შპს ”რუსთავი 2”-ს არ წარმოუდგენია არანაირი ინფორმაცია მისი საკუთრების შესახებ;
ბ) შპს ”მზის” მიერ არ არის წარმოდგენილი ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის გ), დ), ე), ვ), ზ), თ) ი) ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია;
გ) შპს ”ტელეიმედის” მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ. კომისია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ სამაუწყებლო კომპანიებს არაერთხელ მოეთხოვათ ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომისიაში სრულყოფილი ფორმით წარმოდგენა (კომისიის 10.10.07.№04/2309-07; 30/05/2007 №862-07, 10/10/2007 №2324-07, 10/10/2007 №2330-07, 30/05/2007 №894-07, 30/05/2007 №862-07 წერილებით), რამაც დადებითი შედეგი არ გამოიღო.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოში მაუწყებლის საკუთრების გამჭვირვალების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული სამაუწყებლო კომპანიების ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად სანქცირების თაობაზე.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, აგრეთვე 71-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ცნობად იქნეს მიღებული კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი) ინფორმაცია ეროვნული კერძო საერთო ტელესამაუწყებლო ლიცენზიის მფოლბელი კომპანიების მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე და 62-ე მუხლების შესრულების მდგომარეობის თაობაზე;
2. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს “რუსთავი-2”-ის, შპს ”მზისა” და შპს ”ტელეიმედის” სანქცირების თაობაზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
4. ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართოს 2007 წლის 14 დეკემბერს 16-სთ-ზე, მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ № 42;
5. შპს “რუსთავი-2”-ს, შპს ”მზეს” და შპს ”ტელეიმედს” უფლება აქვთ წარადგინონ მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა დაინტერესებული პირებისათვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გიორგი არველაძე
წევრი ზურაბ ნონიკაშვილი
წევრი კარლო კვიტაიშვილი
