წვდომის მენიუ

შპს ”რუსთავი 2”-ის, შპს ”მზისა” და შპს ”ტელეიმედის” სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 761 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2007

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის VII თავის შესაბამისად, საქართველოში უზრუნველყოფილია მაუწყებლის საკუთრების გამჭვირვალება.

კერძოდ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია  საწარმოს პარტნიორების, აქციათა არანაკლებ 5%-ის მფლობელებისა და დირექტორების თაობაზე, თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელია კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირი; იურიდიული პირის დამფუძნებლების, სხვა წევრების, შემომწირველებისა და გამგეობის შემადგენლობის თაობაზე, თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელია კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირი;  მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის შესახებ; მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის საწესდებო კაპიტალში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის საწესდებო კაპიტალში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ;  საინფორმაციო სააგენტოს საწესდებო კაპიტალში წილის  ან აქციების ფლობის შესახებ; სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ მისი კაპიტალის წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს:  მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის  წილს ან აქციებს; პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის წილს ან აქციებს; საინფორმაციო სააგენტოს წილს ან აქციებს.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წერილობით აცნობოს კომისიას ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი) 2007 წლის 5  დეკემბრის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შესწავლილ იქნა  ეროვნული კერძო საერთო ტელესამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი  კომპანიების მიერ კომისიაში  წარმოდგენილი ინფორმაცია საკუთრების შესახებ, კერძოდ დადგინდა, რომ:

ა) შპს ”რუსთავი 2”-ს არ წარმოუდგენია არანაირი ინფორმაცია მისი საკუთრების შესახებ;

ბ) შპს ”მზე”-ს მიერ არ არის წარმოდგენილი ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის გ), დ), ე), ვ), ზ), თ) ი) ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია;

გ) შპს ”ტელეიმედის” მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელი კერძო საერთო საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის VII თავით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ” კომისიის 2007 წლის 7 დეკემბრის №735/20 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გ.რატიშვილის მოხსენებით ბარათზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ შპს ”ტელეიმედი”-ს მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რაც ტექნიკური ხასიათის უზუსტობას წარმოადგენს, კერძოდ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 62-მუხლის მე-2 პუნქტის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს 61-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ. ზემოაღნიშნულ სამაუწყებლო კომპანიებს არაერთხელ მოეთხოვათ ინფორმაციის კომისიაში სრულყოფილი ფორმით წარმოდგენა. რამაც დადებითი შედეგი არ გამოიღო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში მაუწყებლის საკუთრების გამჭვირვალების უზრუნველსაყოფად, კომისიამ 2007 წლის 7 დეკემბრის №735/20 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული სამაუწყებლო კომპანიების სანქცირების თაობაზე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად.

საკითხის განხილვა გაიმართა 2007 წლის 17 დეკემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”რუსთავი 2”-ს, შპს ”მზე”-ს და შპს ”ტელეიმედი”-ს წარმომადგენლები.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შემოწმდა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და გამოირკვა, რომ ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ სრულყოფილადაა წარმოდგენილი ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  VII თავით განსაზღვრული ინფორმაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”რუსთავი 2”-ს, შპს ”მზე”-ს და შპს ”ტელეიმედი”-ს სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად კომისიამ,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს “რუსთავი 2”-ს სანქცირების თაობაზე; 

2.  შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მზეს” სანქცირების თაობაზე; 

3.  შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელეიმედი”-ს სანქცირების თაობაზე; 

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”რუსთავი 2”-სთვის, შპს ”მზესთვის” და შპს ”ტელეიმედი”-სთვის გაგზავნა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) შპს ”რუსთავი 2”-ს, შპს ”მზეს” და შპს ”ტელეიმედი”-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ასახვა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                  გ.ფრუიძე

                                                                                  ზ.ნონიკაშვილი

                                                                                  კ.კვიტაიშვილი         

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები