ერთი მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და მეორე მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინს”, სს ”გლობალ ერთს”, შპს ”საქართველოს ტელეკომსა” და სს ”ინფოჯორჯია XXI-ს” შორის დავის განხილვისა და არსებითი გადაწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2008
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 22 ნოემბერს №6/1904-07 განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”კავკასუს ონლაინთან”, სს ”გლობალ ერთთან”, შპს ”საქართველოს ტელეკომთან” და სს ”ინფოჯორჯია XXI-თან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურების დავალიანების გადაუხდელობისას, სატელეფონო მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის თაობაზე, ბოლო მომხმარებლის ინფორმირება.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღნიშნავს, რომ მათ კომპანიაში შემოდის ბოლო მომხმარებლის განცხადებები და საჩივრები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ მათ უკავშირდებიან მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლები და ატყობინებენ, რომ მათ აქვთ საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურების დავალიანება მოპასუხე კომპანიების მიმართ და აფრთხილებენ რომ მისი გადაუხდელობის შემთხვევაში სატელეფონო მომსახურება გაეთიშებათ. ასევე, ”კავკასუს ონლაინი”, მის აბონენტებს დამატებით ატყობინებს, რომ მათ გაეთიშებათ დაილაფ მომსახურება. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღნიშნავს, რომ მისი აბონენტებისათვის, საკომუნიკაციო მომსახურების მოსალოდნელი გათიშვის შესახებ, მოპასუხე კომპანიების მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორია და იგი, ერთი მხრივ, არღვევს ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის მე-4 მუხლს, მეორე მხრივ, მათი მხრიდან, ადგილი აქვს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას.
მოთხოვნები: დაევალოს მოპასუხე კომპანიებს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების აკრძალვა.
2007 წლის 7 დეკემბერს დავის განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რათა შპს ”კავკასუს ონლაინმა”, სს ”გლობალ ერთმა”, შპს ”საქართველოს ტელეკომმა” და სს ”ინფოჯორჯია XXI”-მა შეწყვიტონ ბოლო მომხმარებლისათვის მომსახურების შეზღუდვის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
სს ”ინფოჯორჯია XXI”-ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა განმცხადებლის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი უშუალოდ მისი რწმუნებული კომპანიისაგან ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის არცერთი ფაქტი, ვინაიდან სატელეფონო მომსახურების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ გაფრთხილებას, მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ასევე არ არსებობს გარემეობები მათი მხრიდან კონკურენტუნარიანობის შეზღუდვის შესახებ და აქედან გამომდინარე, კომისიას სთხოვენ მათ მიმართ დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.
სს ”გლობალ ერთის” წარმომადგენელი ასევე არ დაეთანხმა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” პოზიციას და აღნიშნა, რომ მათ აბონენტებს მიაწოდეს ინფორმაცია სს ”გლობალ ერთის” მიერ დარიცხული დავალიანების არსებობისა და გადაუხდელობის შემთხვევაში მათთვის სს ”გლობალ ერთის” მომსახურების შეზღუდვის შესახებ. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, სატელეფონო მომსახურების მოსალოდნელი გათიშვის შესახებ, მათ ინფორმაცია ბოლო მომხმარებელთთათვის არ მიუწოდებიათ, არამედ საუბარია საერთაშორისო და საქალაქთაშორისო მომსახურების (8-18) კოდის შეზღუდვაზე, რაც სრულ შესაბამისობაშია ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტთან. სს ”გლობალ ერთის” წარმომადგენელმა კომისიას წარმოუდგინა მათი კომპანიის დავალიანების მქონე აბონენტთა გასაფრთხილებელი ტექსტის შინაარსი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მათი დავალიანების არსებობისა და მისი დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში საერთაშორისო და საქალაქთაშორისო მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სს ”გლობალ ერთი” აპირებს მიმართოს სასამართლოს დაგროვილი დავალიანების ამოღების მიზნითა და ასევე, მოითხოვს საურავის დარიცხვასაც აბონენტის მიერ კომპანიისათვის მომსახურების საფასურის გადაუხდელობით მიყენებული ზარალის გამო.
ამგვარად, სს ”გლობალ ერთს” მიაჩნია, რომ მისი მოქმედება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და სთხოვა კომისიას, მის მიმართ შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
შპს ”საქართველოს ტელეკომს”, ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა უკანონო მოქმედების განხორციელების აკრძალვის შესახებ. როგორც მათ შესაგებელშია აღნიშნული, დავალიანების მქონე აბონენტების გაფრთხილებისას ისინი ხელმძღვანელობენ ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-13 და მე-16 მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად, როგორც ავტომოპასუხის, ისე ოპერატორის მიერ გაფრთხილებისას აღინიშნება, არსებული დავალიანების განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის და არა შეწყვეტის შესახებ. წარმოდგენილ შესაგებელს თან ერთვის ასევე დავალიანების მქონე აბონენტთა გაფრთხილების ტექსტიც.
შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელს მიაჩნია, რომ მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია იმგვარი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებას, რასაც განმცხადებელი ამტკიცებს და კომისიას წარმოუდგინა შესაგებელი და მასთან თანდართული ამონაწერი იმ აუდიო ჩანაწერიდან, რომლის გამოყენებითაც ახორციელებდნენ აბონენტთა ინფორმირებას დავალიანების დაფარვის მოთხოვნის შესახებ. მისი განცხადებით, გადაუხდელობის შემთხვევაში მომხმარებლები ფრთხილდებოდნენ არა სატელეფონო მომსახურების გათიშვის შესახებ, არამედ მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენების შესახებ, რაც შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან გამორიცხავს არასწორი და კანონსაწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელების ფაქტს.
მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდგომ, კომისიამ დავის არსებითი გადაწყვეტისათვის, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მოსამზადებელ სხდომაზე მისცა რეკომენდაცია, დავის განხილვის დღეს, წარმოედგინა მოპასუხე კომპანიების მხრიდან, სატელეფონო მომსახურების მოსალოდნელი გათიშვის შესახებ, გავრცელებული გაფრთხილების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები.
2007 წლის 17 დეკემბერს კომისიაში გაიმართა დავის არსებითი განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი უ. სეთური, ხოლო მოპასუხე კომპანიების მხრიდან თ. ხონელია (სს ”ინფოჯორჯია XXI”), რ.გოგინავა (სს ”გლობალ ერთი”), გ. ჭელიძე (შპს ”კავკასუს ონლაინი”), მ. კანკავა (შპს ”საქართველოს ტელეკომი”).
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა, მოპასუხე კომპანიების მხრიდან, სატელეფონო მომსახურების მოსალოდნელი გათიშვის შესახებ, გავრცელებული გაფრთხილების დამადასტურებელი მტკიცებულებად კომისიას წარმოუდგინა აბონენტი ი. ნერგაძე და მოითხოვა მისი მოწმის სახით დაკითხვა, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა. ი. ნერგაძემ განაცხადა, რომ მან მის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე, რამოდენიმეჯერ მიიღო ავტომატური შეტყობინება, სატელეფონი დავალიანების გამო მომსახურების მოსალოდნელი შეწყვეტისა და მოსალოდნელი სანქცირების შესახებ. კომისიის მიერ დასმულ შეკითხვაზე, გაფრთხილება შეეხებოდა სატელეფონო მომსახურების გათიშვასა თუ საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ზარების შეზღუდვას, მოწმემ განაცხადა, რომ აღნიშნული ზუსტად არ ახსოვს. მოპასუხეთა მხრიდან სატელეფონო მომსახურების გათიშვის შესახებ სხვა რაიმე წერილობითი მტკიცებულება, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” არ წარმოუდგენია.
კომისია განმარტავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამის გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ როგორც მოპასუხე კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტებისათვის სატელეფონო მომსახურების მოსალოდნელი გათიშვის შესახებ, მათ ინფორმაცია ბოლო მომხმარებელთათვის არ მიუწოდებიათ, არამედ როგორც გაფრთხილების აუდიო ჩანაწერის შინაარსიდან ირკვევა, საუბარია საერთაშორისო და საქალაქთაშორისო მომსახურების შეზღუდვაზე, რაც შესაბამისობაშია ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტთან. სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, მოპასუხეთა მხრიდან, სატელეფონო მომსახურების მოსალოდნელი გათიშვის შესახებ გაფრთხილების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, კომისიას ვერ წარმოუდგინა.
შესაბამისად, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადება, შპს ”კავკასუს ონლაინის”, სს ”გლობალ ერთის”, შპს ”საქართველოს ტელეკომისა” და სს ”ინფოჯორჯია XXI”-ის მიმართ;
2. მიეცეთ რეკომენდაცია მხარეებს საკომუნიკაციო მომსახურების დავალიანების ამოღების თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ, ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” მე-13 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე
გ. არველაძე
წევრები:
ზ.ნონიკაშვილი
დ.პატარაია
გ.ფრუიძე
