წვდომის მენიუ

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 780 / 23

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზირებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

2007 წლის 6 ნოემბერს კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა” სადაც მოითხოვს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ გამოყენებულ იქნას ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული სანქციები, ვინაიდან სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არღვევს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2007 წლის 14 სექტემბერს  №520/16 მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ: კომისიის 2007 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაევალა  შპს ”კავკასუს ონლაინის” შეუზღუდავი დაშვება 67/68 და 71 ასს-ებში არსებული ქსელის თავისუფალ რესურსთან ჩარჩოების განსათავსებლად სათანადო ფართზე დაუყოვნებლივ, რაც შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადებით დღემდე არ სრულდება.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და შპს ”კავკასუს ონლაინის”  2007 წლის 6 ნოემბრის №6/1765-07 განცხადების საფუძველზე, 2007 წლის 14 დეკემბერს  კომისიის 2007 წლის 520/16 გადაწყვეტილების შესრულების მდგომარეობის გასარკვევად, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ბატონ მიხეილ გოთოშიას მიერ  შემოწმებულ იქნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” 67/68 ასს-ები  და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №28. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს ”კავკასუს ონლაინს” თანალოკაციის ფართიდან კროსში შეყვანილი ჰქონდა კაბელები, მაგრამ ჩარჩოები არ იყო დამაგრებული, მიუხედავად შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლების მცდელობისა, დაემაგრებინათ ჩარჩოები, მორიგემ ვერ მიიღო შესაბამისი განკარგულება და ვერ მოხერხდა ჩარჩოების დამაგრება.

 კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი (კ. ყურაშვილი) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი შემოწმების №28 აქტით დგინდება, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არ ასრულებს კომისიის 2007 წლის 14 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებას და უხეშად არღვევს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.       

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად კომისიამ,

გადაწყვიტა:

1.  დაიწყოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გაფთხილების თაობაზე;

2.    სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გაფრთხილების თაობაზე საკითხის განსახილველად სხდომა გაიმართოს 2007 წლის 28 დეკემბერს 16 საათზე, მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ. 42 ;

3.  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” უფლება აქვს წარადგინოს კომისიაში მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).           

კომისიის თავმჯდომარე:                                              გ. არველაძე

კომისიის წევრები:                                                          

გ. ფრუიძე                                                                                                                                                                             

ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები