შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 28 ნოემბერს კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა” და მოითხოვა შპს ”კავკასუს ონლაინის” მიმართ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება, განცხადებაში მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს მიერ კომისიის 2007 წლის 19 ოქტომბრის №604/16 გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. კერძოდ, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად შპს ”ახალ ქსელებს” შპს ”ახტელსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” დაევალათ სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების 10 დღის ვადაში გაფორმება და მისი ორმხრივი ხელმოწერის შემდომ ასლის სამი სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოდგენა. როგორც შპს ”ახალი ქსელები”-ს და შპს ”ახტელის” განცხადებაშია აღნიშნული კომპანიებმა არაერთხელ მიმართეს შპს ”კავკასუს ონლაინს” და წარუდგინეს სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება ხელმოსაწერად, მაგრამ უშედეგოდ.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ამავე დროს ზემოაღნიშნული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს მიმართ გაფრთხილების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის 14-ე და 15-ე პუნქტების შესაბამისად კომისიამ,
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს გაფრთხილების თაობაზე;
2. შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს გაფრთხილების თაობაზე საკითხის განსახილველად სხდომა გაიმართოს 2007 წლის 28 დეკემბერს 16 საათზე, მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ. 42 ;
3. შპს ”კავკასუს ონლაინს” უფლება აქვს წარადგინოს კომისიაში მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”კავკასუს ონლაინი”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
