მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის თაობაზე შპს “ფიუჩერკომ ინვესტი“-ს და შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2008
მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 27 ნოემბრის N710/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების ვადად განისაზღვრა 2007 წლის 17 დეკემბრის 17:00 საათი.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს შპს ”შავი ზღვის ტელეკომმა” და შპს ”ფიუჩერკომ ინვესტმა”, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც არ შეესაბამებოდა გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლების განცხადებას თანდართული არ ჰქონდა:
1) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
2) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
კომისიის 2007 წლის 18 დეკემბრის 777/8 გადაწყვეტილებით შპს ”ფიუჩერკომ ინვესტს” და შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” კომისიის 2007 წლის 27 ნოემბრის N710/8 გადაწყვეტილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მიეცათ ვადა 2007 წლის 26 დეკემბრამდე წარმოედგინათ რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-ს და შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში წარმოდგენილი არ იქნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2007 წლის 18 დეკემბრის 777/8 გადაწყვეტილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-ს და შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს განცხადებები მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის შესახებ;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აცნობოს შპს ”ფიუჩერკომ ინვესტს” და შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები: გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
