წვდომის მენიუ

მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 795 / 8

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2008

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 27 ნოემბრის  N710/8  გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი 880.335 მჰც¸883.365 მჰც;  887.055 მჰც¸889.515 მჰც;  925.335 მჰც¸928.365 მჰც; 932.055 მჰც¸934.515 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 11,614,239.00 (თერთმეტი მილიონ ექვსას თოთხმეტი ათას ორას ოცდაცხრამეტი) ლარით, აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტი დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 580,712 (ხუთას ოთხმოცი ათას შვიდას თორმეტი ლარი) ლარი. ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 17 დეკემბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის  ჩატარების თარიღად -  2007 წლის 28 დეკემბრის 14:00  საათი;

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:

1. შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი” (17.12.2007 №11/51-07);

2. შპს ”მაგთიკომი” (17.12.2007 №11/52-07);

3. შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”(17.12.2007 №11/53-07); 

4. შპს ”მობიტელი”(17.12.2007 №11/54-07);;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-ს და შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა გამოცხადებული აუქციონის პირობებს, კერძოდ მათ განცხადებებს თანდართული არ ჰქონდა რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად შპს ”ფიუჩერკომ ინვესტს” და შპს ”შავი ზღვის ტელეკომს’’ კომისიის 2007 წლის 18 დეკემბრის №777/8 გადაწყვეტილებით განესაზღვრათ ვადა -  2007 წლის 26 დეკემბრამდე წარმოედგინათ სრულყოფილი დოკუმენტაცია. აღნიშნული კომპანიების მიერ არ იქნა წარმოდგენილი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  83-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-ს და შპს ”შავი ზღვის ტელეკომის” განცხადებები აუქციონში მონაწილეობის მიღების შესახებ განუხილველი დარჩა და კომპანიები არ იქნენ დაშვებულნი აუქციონზე.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების -  შპს ”მაგთიკომი”-ს და შპს ”მობიტელი”-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა 2007 წლის 28 დეკემბრის კომისიის სხდომაზე.

მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად, შპს ”მაგთიკომი”-ს  წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო - №1, შესაბამისად,  შპს ”მობიტელი”-ს წარმომადგენელს წილად ხვდა -  №2.

 აუქციონის მსვლელობისას,  შპს ”მობიტელი”-ს წარმომადგენელმა ბოლოს დააფიქსირა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 28 ბიჯი, რის შემდეგაც შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა 29-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 28 (ოცდარვა) ბიჯი, სულ 27,874,175.00 (ოცდაშვიდი მილიონ რვაას სამოცდათოთხმეტი ათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარი დააფიქსირა შპს “მობიტელი”-ს წარმომადგენელმა.

  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”მობიტელი” 880.335 მჰც¸883.365 მჰც;  887.055 მჰც¸889.515 მჰც;  925.335 მჰც¸928.365 მჰც; 932.055 მჰც¸934.515 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 27,874,175.00 (ოცდაშვიდი მილიონ რვაას სამოცდათოთხმეტი ათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარი.

2. უზრუნველყოს შპს ”მობიტელმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 8,362,252.50  (რვა მილიონ სამას სამოცდაორი ათას ორას ორმოცდათორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1,161,423,90 (ერთი მილიონ ას სამოცდაერთი ათას ოთხას ოცდასამი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი ანუ 7,200,828.60 (შვიდი მილიონ ორასი ათას რვაას ოცდარვა ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა 2008 წლის 28 იანვრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773021;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (19,511,922.50 - ცხრამეტი მილიონ ხუთას თერთმეტი ათას ცხრაას ოცდაორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;       

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ვ.შუღლიაშვილი)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის  სამართლებრივლ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე                            

კომისიის წევრები:                                                  ზ.ნონიკაშვილი        

                                                                                გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები