წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 797 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2008

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 18 დეკემბერს №6/2042-07 წერილით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა”  შპს ”ახალ ქსელებთან”, შპს ”ახტელთან” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი: შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ მოპასუხე კომპანიებისაგან ნაქირავები სახაზო-საკაბელო წყვილების რაოდენობის განსაზღვრა.

შპს ”კავკასუს ონლაინი”  შპს ”ახალ ქსელების” შპს ”ახტელისა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანისაგან” ითხოვს 2007 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით,  მის მიერ ნაქირავებ სახაზო-საკაბელო წყვილების რაოდენობის თაობაზე გაშიფრულ სიას, მათი ჩართვისა და გამორთვის თარიღის მითითებით, რაც მოპასუხე კომპანიების მხრიდან არ სრულდება. განმცხადებელს მიაჩნია, რომ შპს ”ახალ ქსელები”, შპს ”ახტელი” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”  განზრახ არიდებს თავს ამ ინფორმაციის მიწოდებას, ვინაიდან მათი მხრიდან ადგილი აქვს ნაქირავები კაბელების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდასა და ზედმეტი თანხის დარიცხვას.

   მოთხოვნები:

   დაევალოს  შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, მიაწოდოს განმცხადებელს 2007 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ ნაქირავები  სახაზო-საკაბელო წყვილების რაოდენობა მათი ჩართვისა და გამორთვის თარიღის მითითებით, აღნიშნული სიის გადამოწმების შემდეგ, მოპასუხე კომპანიებმა მოახდინონ შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” ზედმეტად დარიცხული თანხის კორექტირება.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 28 დეკემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელი გ.ჭელიძე, შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” მხრიდან ნ. ჟღენტი და ხ. ინჯია, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან უ. სეთური.

შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა კომისიისაგან მოითხოვა მათ  განცხადებაში დასმული მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც არ დაეთანხმნენ შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ ნაქირავები სახაზო-საკაბელო წყვილების რაოდენობის შესადარებლად ისინი შპს ”კავკასუს ონლაინისაგან” ითხოვენ მისივე საინფორმაციო ბაზის  მონაცემთა გადაცემას, რაც განმცხადებელი კომპანიისაგან არ კმაყოფილდება. რაც შეეხება  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”,  მისმა წარმომადგენელმა ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განაცხადა, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის”  მოთხოვნა მათი კომპანიისაგან უმოკლეს პერიოდში დაკმაყოფილდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის,  42-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   დაინიშნოს  ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებს”,  შპს ”ახტელსა ” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და მეორე მხრივ, შპს  ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის  განხილვა 2007 წლის 4  იანვარს 16:00 საათზე;

2.  შეწყდეს დავის წარმოება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს  ”კავკასუს ონლაინს” შორის.

3. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

5.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტისა.

6.     ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.

კომისიის   თავმჯდომარე                   გ. არველაძე

წევრები:                                          ზ. ნონიკაშვილი

                                                        დ. პატარაია                                                                                                                 

                                                         გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები